Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში გამოცხადდა, ვინ მიიღებს მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში


ეგვიპტის საარჩევნო კომისიის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც მომავალ თვეში უნდა გაიმართოს, ერთმანეთს დაუპირისპირდებიან „მუსლიმთა საძმოს“ კანდიდატი, მოჰამედ მურსი და დამხობილ პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის მმართველობის პერიოდის პრემიერ-მინისტრი, აჰმედ შაფიკი. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, მურსის ერგო 5,76 მილიონი ხმა, ხოლო შაფიკს მიემხრო 5,5 მილიონი ამომრჩეველი. ოფიციალური მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა ელექტორატის 46%. ამასთან, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უარყოფს არჩევნების გაყალბების ბრალდებას, რომელიც დღეს გამოთქვა არჩევნებში დამარცხებულმა ორმა კანდიდატმა. სულ 12 კანდიდატი იყო ჩართული არჩევნების პირველ ტურში - პირველ საპრეზიდენტო არჩევნებში მას შემდეგ, რაც 2011 წლის თებერვალში, მასობრივი საპროტესტო აქციების შედეგად დაამხეს ჰოსნი მუბარაქის რეჟიმი. ეგვიპტის შეიარაღებული ძალების უმაღლესი საბჭო, რომელიც ქვეყანას მართავს მუბარაქის მმართველობის დამხობის შემდეგ, პირობას დებს, რომ ივნისის ბოლოს აღადგენს სამოქალაქო მმართველობას.
XS
SM
MD
LG