Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

გორის რეგიონში პოლიტიკური აქტივობის დასაწყისი


წინასაარჩევნო პოლიტიკური აქტივობა რეგიონებშიც იწყება. „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ლიდერები თბილისის აქციიდან კმაყოფილები დაბრუნდნენ. მათი აზრით, მიტინგზე მოსული ხალხის რაოდენობა ცხადყოფს, რომ არსებულ რეჟიმთან შეგუება ბევრს აღარ უნდა. კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, სოსო ვახტანგაშვილის თქმით, საზოგადოებამ შიშის დაძლევა დაიწყო და ახლა უფრო სიფრთხილის ფაზაშია გადასული. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ საკუთარი საარჩევნო პროგრამით ყველა ოჯახში შევა და ამომრჩეველს ამ პროგრამის სიკეთეში დაარწმუნებს.

„ახალი მემარჯვენეებისთვის“ საარჩევნო პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარებაა. პარტიის ლიდერები სოფლებში უკვე დადიან და ადგილობრივ მოსახლეობას სოფლის აღორძინების ხედვას აცნობენ.
„ახალი მემარჯვენეების“ რეგიონალური ორგანიზაციის ლიდერი სოსო ბორცვაძე აცხადებს, რომ მისმა თანაგუნდელებმა საქართველოში 1000-ზე მეტი სოფელი უკვე მოიარეს, არჩევნებამდე კი ყველა სოფელში ჩავლენ.

თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიის პროგრამებსა და დაპირებებში სოციალურმა სფერომ და სოფლის მეურნეობამ პირველ ადგილზე გადმოინაცვლა. გორში აქამდე ჩამოსულ პოლიტიკურ ლიდერებს ჯერ არაფერი უთქვამთ კონფლიქტების მოგვარებაზე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე.

ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ შემოდგომის არჩევნებით საერთაშორისო ორგანიზაციების დაინტერესება იმედს აძლევთ, რომ რთული და მძიმე საარჩევნო გარემო გაუმჯობესდება. ბოლო ერთ თვეში გორში რამდენიმე მაღალი რანგის უცხოელი სტუმარი ჩამოვიდა და ადგილობრივ ვითარებას გაეცნო. ადგილობრივი პოლიტიკოსების აზრით, თუ საერთაშორისო რეაგირება ყველა კანონდარღვევაზე ადეკვატური არ იქნება, გარემო უკეთესობისკენ არ შეიცვლება და ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას შეეცდება.
XS
SM
MD
LG