Accessibility links

ადგილობრივი მოსახლეობის აზრით, ქუთაისის საპარლამენტო ქალაქად და მეორე პოლიტიკურ ცენტრად გამოცხადებამ ქალაქის ცხოვრების რიტმი გააუმჯობესა. რადიო თავისუფლების რესპონდენტთა თქმით, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ქუთაისი საინტერესო და უფრო მიმზიდველი გახადა. ქუთაისელები მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს არაერთგვაროვნად აფასებენ და ამბობენ, რომ რიგითი ადამიანებისთვის სოციალური პრობლემების მოგვარებაა მნიშვნელოვნი.

რესპონდენტთა უმრავლესობა, პოლიტიკური განწყობის მრავალფეროვნების მიუხედავად, სტაბილურობის შენარჩუნების მომხრეა.

საპარლამენტო არჩევნებისთვის ადგილობრივებს, მთელი საქართველოს მოსახლეობის მსგავსად, სიების გადამოწმების პროცესში ჩართვაც უწევთ. „ახალი გაზეთის“ ჟურნალისტმა თეკლა მორგოშიამ სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის მეველე რეგისტრატორებთან ერთად ქუთაისის ერთ-ერთ უბანში რამდენიმე საათი იმუშავა. ჟურნალისტის თქმით, კარდაკარის ფარგლებში ამომრჩეველთა გადამოწმებისას ყველაზე თვალსაჩინო პრობლემა მოსახლეობის არაინფორმირებულობაა.

რაც შეეხება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საქმიანობას, ქუთაისში სულ 10-მდე მათგანს აქვს ქალაქის ცენტრში განთავსებული ოფისი და მათი ნაწილის აქტიურობა მოსახლეობის სოციალური პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვაში გამოიხატება, თუმცა ხშირად დახმარების მცდელობა ბრიფინგების გამართვას არ აღემატება. გასულ კვირას პოლიტიკურმა კოალიციამ “ქართული ოცნება” წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო და 7 ივნისს მასშტაბური აქციის ქუთაისში გამართვა დააანონსა. კოალიცია ქუთაისის მართვის ტერიტორიული უბნების მიხედვით 12 ახალი ოფისის გახსნასაც გეგმავს, თუმცა „ქართული ოცნების “ ქუთაისის ოფისის წარმომადგენლები ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეებზე ზეწოლასა და მათ დაშინებაზე საუბრობენ. კოალიციის რესპუბლიკელი წევრი ნატო ქათამაძე აცხადებს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა კოალიციისთვის საკუთარი ფართის საოფისეებად მიქირავებისგან თავს იკავებს. ქათამაძის თქმით, სხვა რეგიონების მსგავსად, ქუთაისშიც ერთ-ერთი სახლის მეპატრონემ კოალიციასთან ოფიციალური ხელშეკრულების გაუქმება მისი გაფორმებიდან მეორე დღესვე მოითხოვა.

ქუთაისელები გრძელვადიანი პოლიტიკური პროგნოზის გაკეთებისა და მოვლენების შეფასებისას ფრთხილობენ და ამბობენ, „ყველაფერს დრო გვიჩვენებსო“.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG