Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

კახეთში პოლიტიკური პარტიების გააქტიურება შეიმჩნევა


თელავი
თელავი
რეგიონებში პოლიტიკური პარტიების გააქტიურება შეიმჩნევა. მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია. საარჩევნო კამპანიის დაწყებას უარყოფენ, თუმცა ზოგი მათგანი აქცენტს ოქტომბერსა და არჩევნების შემდგომ პერიოდზე ამახვილებს.

რაზე საუბრობენ შეხვედრების დროს პარტიების ლიდერები და რამდენად ჩართულია მოსახლეობა თვითმმართველობის განხორციელების პროცესში?

წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად არ გამოუცხადებია, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობა" თითქმის ყოველდღიურად მართავს შეხვედრებს კახეთის სოფლებში. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის დროს სოფელ კართუბანში განმარტა, ისინი მოსახლეობას ხვდებიან იმისთვის, რომ გაიგონ რა პრობლემები არსებობს სოფლებში, რა გააკეთა და კიდევ რის გაკეთებას გეგმავს მთავრობა. უმრავლესობამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მხოლოდ კახეთში 30 -მდე შეხვედრა გამართა.

"ჩვენთვის დიდი პატივი და სიამოვნებაა თქვენთან შეხვედრა, გასაუბრება და გაგება, თუ რა საკითხებია გადასაჭრელი და რა პრობლემის წინაშე დგას სოფელი."

„უმრავლესობისგან“ განსხვავებით, მოსახლეობამ მსგავსი სახის შეხვედრებს სახელი დაარქვა და მას საარჩევნო უწოდა, ამიტომ პეტრე ცისკარიშვილს საჯარო შეხვედრაზე პირობა ჩამოართვეს, რომ კართუბანს 2013 წლამდე ბუნებრივი აირი ექნება:

"ჩემი სოფლის ხალხი, ვინც გვერდზე დამიდგება და ხელს მომიწერს იმაზე, რომ ბუნებრივი გაზი სჭირდებათ, ეს ხალხი ხმას მისცემს ვინც პრობლემას მოაგვარებს, თუ არადა, ჩვენ ხმას არავის მივცემთ."

პეტრე ცისკარიშვილი: "ჩვენ ახლა აქ საარჩევნო ვაჭრობა ხომ არ გვაქვს."

"არც ჩვენ გევაჭრებით, მხოლოდ ჩვენსას ვითხოვთ. თქვენ თუ იქნებით ჩვენს გვერდით და დაგვეხმარებით, ჩვენც მხარს დაგიჭერთ. საჯაროდ გვპირდებით, რომ 2013 წლის ბოლოს გაზი გვექნება? ამას იმიტომ გეუბნებით, რომ მერე ერთმანეთის პირობის გატეხის არ შეგვრცხვეს და თუ არ მოვკვდი, დაგიდგებით გვერდზე."

პეტრე ცისკარიშვილი: "გპირდებით, რომ ბუნებრივი გაზი აუცილებლად გექნებათ."

საარჩევო კამპანია არ დაუწყიათ არც "ახალ მემარჯვენეებს", თუმცა ისინიც, სხვა პარტიების მსგავსად, სოფლებში შეხვედრებს ყოველდღიურად მართავენ. ბოლო ასეთი შეხვედრა "ახლების" ლიდერმა დავით გამყრელიძემ თანაგუნდელებთან ერთად სიღნაღისა და დედოფლისწყაროს სოფლებში გამართა. ხორნაბუჯისა და ძველი ანაგის მოსახლეობა გამყრელიძესთან შეხვედრაზე განსაკუთრებულ უკმაყოფილებას მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო გამოთქვამდა.

დავით გამყრელიძე: "25_ზე მეტი სოფელი შემოვიარეთ. ვსაუბრობთ იმ პრობლემაზე, რომ მოსახლეობას უჭირს მიწის დამუშავება, ტრაქტორი დეფიციტურია, საწვავი ძალიან ძვირია და მოსავლის რეალიზაცია საშინელ პრობლემად იქცა, ისევე როგორც, ტრადიციულად, შემოდგომაზე ყურძნის რეალიზაცია არის ძალიან დიდი პრობლემა. თუმცა ჩვენ მხოლოდ პრობლემებზე არ ვსაუბრობთ, ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა განხორციელდეს სოფლის აღორძინება. ეს, პირველ რიგში, უნდა გამოიხატოს იმაში, რომ ჩვენ უნდა გავზარდოთ ბიუჯეტის დაფინანსება, უნდა უზრუნველვყოთ სოფელი ტრაქტორით და შესაბამისი ტექნიკით. ყველა სოფელს უნდა ჰქონდეს საკუთარი ტრაქტორი.“

ერთადერთი პარტია, რომელმაც წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადა, კოალიცია "ქართული ოცნებაა", თუმცა შეხვედრები მოსახლეობასთან ამ პარტიამაც კამპანიის გამოცხადებამდე დაახლოებით ორი თვით ადრე დაიწყო. "ქართული ოცნების" წევრები ლაგოდეხის მოსახლეობას კინოთეატრ „სინემაში“ შეხვდნენ, სადაც 150-მდე ლაგოდეხელი იმყოფებოდა.

გუგული მაღრაძე: "ოქტომბრის ბოლოს, როცა არჩევნები დამთავრდება, მეორე დილით გავიღვიძებთ და ვნახავთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არის უმცირესობაში და როცა უმცირესობაშია, ის ვეღარავის ვეღარ მართავს. ვერც ვერავის დაიჭერს, ვეღარც სამსახურიდან მოხსნის და ვერც ვერავის შეაბრუნებს ციხეში. აღმოჩნდება, რომ გამარჯვება ჩვენს ხელშია. ჩვენ შეგვეძლება, რომ ის ხელისუფლება, რომელიც არ მოგვწონს, მოვიცილოთ. მოვიცილოთ წყნარად და მშვიდად, არჩევნების გზით."

რეგიონებში პოლიტიკური ცხოვრება რომ გამოცოცხლდა, ამის შესახებ ამომრჩევლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვადასხვა სამსახურები ლაპარაკობენ, თუმცა უფლებადამცველი თენგიზ ბეჟაშვილი მიიჩნევს, რომ კახეთში დღეს მოსახლეობის დიდი ნაწილი თვითმმართველობის მუშაობის პროცესებს მაინც არ იცნობს და არ უნდა აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი იყოს.

ბეჟაშვილის თქმით, თვითმმართველობის ორგანოები ყველაზე ახლოს უნდა იდგნენ ადგილობრივ მოსახლეობასთან და ამ კუთხით ისინიც აქტიურად უნდა მუშაობდნენ:

"ხელისუფლება უნდა ზრუნავდეს ხალხის აქტიურობაზე, იმიტომ რომ აქტიური ხალხი სწორედაც რომ აჯანსაღებს ხელისუფლებას, პასიური საზოგადოება კი მათთვის უბედურებაა და დაავადებაა."

ჯერჯერობით უცნობია, რომელი პარტიები მიიღებენ შემოდგომაზე დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, ასევე უცნობია პარტიების პროგრამებიც, რომელსაც ისინი ამომრჩეველს შესთავაზებენ. არასამთავრობო ორგანიზაციების გათვლებით, აქტიური საარჩევნო კამპანია დაიწყება არჩევნებამდე ორი თვით ადრე, როდესაც ოფიციალურად დასახელდება არჩევნების ჩატარების თარიღი.
XS
SM
MD
LG