Accessibility links

logo-print
დღევანდელი პრესა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობიდან მაია მიმინოშვილის გათავისუფლებას ეხმაურება. სხვადასხვა გაზეთის ინფორმაცია ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება. სათაურებს გაგაცნობთ: ”რეზონანსი” მაია მიმინოშვილისავე სიტყვებით ასათაურებს პუბლიკაციას - „’კატასტროფაა, თუ ჩემი შვილის შეხედულებების გამო გამათავისუფლეს’ ”, ”ახალი თაობა” – ”მაია მიმინოშვილი პოლიტიკური შეხედულებების გამო მოხსნეს. მისი შვილი ”ქართული ოცნების” მიტინგზე დააფიქსირეს”, ”24 საათი” – ”მოულოდნელი გათავისუფლება”.

გასული შაბათ-კვირის ღონისძიებები, განსაკუთრებით კი, კოალიცია ”ქართული ოცნების” 27 მაისს გამართული ღონისძიება და მასში მონაწილე ხალხის რაოდენობა დღევანდელ გაზეთებშიც განხილვის საგნად რჩება.

”საქართველოს რესპუბლიკა” პირველ გვერდზე აქვეყნებს ბიძინა ივანიშვილის 27 მაისის აქციაზე გამოსვლის ტექსტს. ამავე ნომერში იბეჭდება მიხეილ სააკაშვილის ქუთაისში, პარლამენტის ახალ შენობაში, გამოსვლის ტექსტიც. ”საქართველოს რესპუბლიკის” დღევანდელ ნომერში პრეზიდენტის გამოსვლაში არსებულ უზუსტობებსაც ეძღვნება სტატია, სათაურით - ”დამახსოვრებული 2 წელიწადი და 4 მილიონ 999 ათას 999 ტურისტი”.

კვლავ 27 მაისის აქციაზე: ”ახალი თაობა” მამუკა არეშიძესთან ინტერვიუს აქვეყნებს. არეშიძე კვირის აქციას ასე აფასებს: ”რასაკვირველია, ახალი პროცესი დაიწყო. ჩემთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ის არის, იგრძნობოდა, რომ ხალხს შიში შეუმცირდა. ისეთი ტიპის პოლიტიზებულ საზოგადოებას, როგორიც ქართველი საზოგადოებაა და რომელსაც შიში შეუმცირდა, შეუძლია ძალიან ღონიერი ნაბიჯების გადადგმა”.

”ახალი თაობაც” და ”ალიაც” მნიშვნელოვან ადგილს უთმობს 28 მაისს ”ქართულ ოცნებაში” გამართულ პრესკონფერენციას, რომელზეც ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს.

”ალია” ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილთან ამოწმებს ინფორმაციას ”ქართული ოცნების” მიერ მისი მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელების შესახებ. ხატიაშვილის პასუხი: ”ეს არის მერაბიშვილის ან ადეიშვილის უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაცია. ”ქართულ ოცნებასთან” შეხება არ მქონია და ეგენი როგორ გაავრცელებდნენ?! აქამდე არ მითქვამს და ახლა ვიტყვი, რამდენჯერმე დამირეკეს ბიძინა ივანიშვილის შეხვედრაზე და არც ერთხელ არ წავედი”.

”ალიაშივე” 27 მაისის აქციას აფასებენ დავით გამყრელიძე და შალვა ნათელაშვილი. ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერი აცხადებს, რომ აქციაზე გამოსულ ადამიანებს ”ძნელია მოსთხოვო ღრმა ანალიზი იმისა, რომ მიშა კი ცუდია, მაგრამ მისი მომრევი, შესაძლოა, არანაკლებ ცუდი იყოს. მეტიც, უარესი!”. ამავე ინტერვიუში დავით გამყრელიძე ამბობს, რომ ”ახალი მემარჯვენეების” თვითმიზანი ბარიერის გადალახვაა - “ივანიშვილს აქვს პრეტენზია, მოვიდეს უმრავლესობით და, საერთოდ, მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა”. შალვა ნათელაშვილი 27 მაისს უწოდებს ”სამარცხვინო დღეს ერის ისტორიაში” – ”როდესაც ფულის მუთაქის გამო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი გავარდა ქუჩაში დასათვლელად”.

”რეზონანსი” წერს: ”ლაზიკის მშენებლობა კოლხეთის დაცული ტერიტორიის გარკვეულ ნაწილს შეიწირავს. მთავრობამ სათანადო გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის თანახმად კოლხეთის დაცული ტერიტორიის ანაკლია-ჭურიის უბანს დაცული ტერიტორიის სტატუსი აღარ ექნება და აქ ნებისმიერი საქმიანობა ნებადართული გახდება”.

”24 საათის” ავტორი მთავრობის მიერ თავის დროზე ინიცირებული პროექტის - ”100 უფასო სასადილოს” დღევანდელ მდგომარეობაზე წერს. სტატიაში წაიკითხავთ, რომ თბილისში 25 უფასო სასადილო არსებობს, სადაც 14988 უმწეოს დღეში ერთხელ სადილით უმასპინძლდებიან. სტატიის სათაურია ”სადილი ერთ ლარად”. ავტორის მიზანი იყო გაერკვია რამდენად სამართლიანად ტარდება ტენდერები და ხდება თუ არა ზედმიწევნით იმ პირობების დაკმაყოფილება, რასაც ტენდერი ითვალისწინებს. ერთ-ერთი სასადილოს მომხმარებელ სამი შვილის დედას ”24 საათისთვის” უთქვამს, რომ საჭმელი სახლში მიაქვს და ჭამამდე ცხიმსა და მწვანილს უმატებს - ”იმის შიშით, რომ სიიდან არ ამოგვრიცხონ, ბევრს სადილი შინ მიაქვს და მერე ძაღლებს აჭმევს”.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG