Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 29 მაისი, 2012


რუსეთის ბეჭდური მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ თბილისში 27 მაისს გამართული მიტინგი, რომლის გასაშუქებლად საქართველოში გაზეთ „კომერსანტის“ სპეციალური კორესპონდენტი იმყოფებოდა. ოლგა ალიონოვამ რუს მკითხველს მიტინგის მსვლელობის ვრცელი რეპორტაჟი შესთავაზა. ჟურნალისტი ელაპარაკა როგორც რიგით თბილისელებს, ასევე აქციის ორგანიზატორებს და გაარკვია, რომ ათობით ათასი ადამიანი ქუჩაში გამოიყვანა სოციალურმა უთანასწორობამ, სიღარიბემ და უმუშევრობამ. სტატიაში ასევე მოტანილია სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, მმართველი პარტიის რეიტინგი 50 პროცენტს აღწევს, ხოლო ბიძინა ივანიშვილის კოალიციისა - 12 პროცენტს, თუმცა ჟურნალისტი იმასაც შენიშნავს, რომ ეს კვლევა საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტის მიერაა ჩატარებული და რომ, თავად ოპოზიციის მონაცემებით, ივანიშვილის კოალიციისა და სახელისუფლებო პარტიის რეიტინგები 40-40 პროცენტია. საერთოდაც უნდა ითქვას, რომ „კომერსანტის“ რედაქციამ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, სხვა გამოცემებთან შედარებით, მეტი დრო დაუთმო. გაზეთის კორესპონდენტი მიტინგამდე რამდენიმე დღით ადრე ოპოზიციის ლიდერის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მშობლიურ სოფელს, ჭორვილას ესტუმრა. სტატიაში, რომლის სათაურია „სახალხო ოლიგარქი“, ოლგა ალიონოვა ცდილობს პასუხი გასცეს ორ შეკითხვას: რატომ გადაწყვიტა ჩრდილში დგომის მოყვარულმა ბიზნესმენმა ხელისუფლებისათვის ბრძოლა და რა შინაარსია ჩადებული „ქართულ ოცნებაში“. ივანიშვილის გაპოლიტიკოსების სავარაუდო მიზეზთა შორის დასახელებულია შემდეგი: პირველი - ივანიშვილს ყელში ამოუვიდა სააკაშვილის დახმარება; მეორე - რუსეთის ხელისუფლებამ ივანიშვილს სააკაშვილის მოშორება დაავალა და, ბოლოს, მესამე - ივანიშვილი შეარჩია ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იმისათვის, რომ ჩაანაცვლოს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, შეინარჩუნოს არსებული საგარეოპოლიტიკური კურსი და რუსეთთან ურთიერთობაც დაალაგოს. რაც შეეხება „ქართულ ოცნებაში“ ჩადებულ აზრს, მის გასარკვევად რუსი ჟურნალისტი ესაუბრა საჩხერის მკვიდრს, მერაბს, რომელსაც უთქვამს: „თუ ბიძინა გაიმარჯვებს, ყველა ქართველი მიიღებს უფასო დაზღვევას და იაფ გაზსა და ელექტროენერგიასო.“ „ესაა ქართველების ოცნება?“ - უკითხავს „კომერსანტის“ კორესპონდენტს. „ არა! ქართული ოცნებაა, როცა ღირსეულად ცხოვრობ, როცა უზრუნველყოფილი ხარ და არ გეშინია შენი შვილების მომავლის გამოო“. სტატიას „ქართული ოცნების“ ლიდერისა და მისი კოალიციის შესახებ გაზეთ „კომერსანტში“ წაიკითხავთ.

გარკვეულწილად ბიძინა ივანიშვილის საქმიანობას უკავშირდება „მოსკოვსკი კომსომოლეცში“ გამოქვეყნებული სტატია, სათაურით „ამერიკაში სიტყვის თავისუფლება არ არის“, რომელშიც მოთხრობილია ამერიკელი ვეტერანი საზღვაო-ქვეითის პატრიკ დაუნის უჩვეულო თავგადასავალი. სტატიიდან ირკვევა, რომ ამერიკელმა ჯარისკაცმა სამხედრო კარიერის დასრულების შემდეგ პროფესია შეიცვალა და ინგლისური ენის მასწავლებლობას მიჰყო ხელი. 2008 წელს, ერთ-ერთი ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში, ის ეწვია საქართველოს, სადაც დაიქირავეს ბიძინა ივანიშვილის შვილებისათვის ინგლისური ენის შესასწავლად. პატრიკ დაუნმა რამდენიმე თვის წინ ქართული ტელეკომპანიებისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ პედაგოგობის დროს მისმა მოსწავლეებმა, ანუ ქართველი მილიარდერის შვილებმა, აბუჩად აიგდეს და მოწამლეს, თუმცა „მოსკოვსკი კომსომოლეცში“ პატრიკ დაუნი სულ სხვა ისტორიას ჰყვება. მისი თქმით, საქართველოში მან გაიცნო ამერიკელი სპეციალისტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში კონსულტანტად მუშაობდა. წლების შემდეგ, სწორედ ამ სპეციალისტმა (სავარაუდოდ, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომელმა) უამბო პატრიკ დაუნს იმის შესახებ, თუ რა ინტერესები აკავშირებთ პრეზიდენტ სააკაშვილსა და ამერიკის რესპუბლიკურ პარტიას. დაუნს, მისი სიტყვებით, მამხილებელი სტატიის ამერიკის პრესაში გამოქვეყნება უცდია, თუმცა უშედეგოდ. ის ახლა რუსეთის მოქალაქეობის მიღებასა და ამერიკის პოლიტიკური ელიტის მამხილებელი მასალების რუსულ პრესაში გამოქვეყნებას ცდილობს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG