Accessibility links

logo-print

სამსახურიდან წასვლის განცხადება დაწერა გამოცდების ეროვნული ცენტრის 60-მდე თანამშრომელმა


გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობიდან მაია მიმინოშვილის გათავისუფლების გამო, სამსახურიდან წასვლის განცხადება დაწერა 60-მდე თანამშრომელმა. მათი ინფორმაციით, ცენტრის დანარჩენი სპეციალისტები საჯარო სკოლებში მიმდინარე გამოცდების გამო რეგიონებში იმყოფებიან და თბილისში დაბრუნების შემდეგ გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად მიიღებენ. მათ, ვინც გადაწყვეტილება უკვე მიიღო, დღეს გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კატეგორიულად მიუღებელია მაია მიმინოშვილის გათავისუფლება და სრულიად ბუნდოვანია ოფიციალურად დასახელებული მიზეზი - განათლების სამინისტროს პოლიტიკასთან მიმინოშვილის პირადი პოზიციის პრინციპული შეუთავსებლობა. განცხადების ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ 28 მაისს საღამოს განათლების მინისტრთან შეხვედრისას დიმიტრი შაშკინმა ვერ დაასახელა ვერცერთი არგუმენტი, თუ კონკრეტულად რით გამოიხატება შეუთავსებლობა და არსებითად მხოლოდ ის თქვა, რომ მისი უფლებამოსილება იყო მაია მიმინოშვილის გათავისუფლება, რასაც არგუმენტირება არ სჭირდება. ”ბატონ მინისტრს სინამდვილეში პრინციპული შეუთავსებლობა აქვს არა მარტო მაია მიმინოშვილთან, არამედ ცენტრის თანამშრომლებთანაც და აღნიშნულ პირობებში შეუძლებლად გვესახება ჩვენი მოვალეობების სათანადოდ შესრულება”, - ნათქვამია განცხადებაში. თანამშრომლები, რომლებმაც გამოცდების ეროვნულ ცენტრში მუშაობის გაგრძელებაზე უარი თქვეს, აღნიშნავენ, რომ მზად არიან კანონის შესაბამისად შემცვლელებს გადასცენ მონაცემთა ბაზა და შეფასების კრიტერიუმები. ამასთან, ისინი საჭიროდ მიიჩნევენ, რომ მინისტრმა შაშკინმა საჯაროდ განუმარტოს საზოგადოებას, რატომ გახდა საჭირო მიმინოშვილის გათავისუფლება 28 მაისს და არა ორი თვით ადრე, ან გვიან. განცხადების ხელმომწერთა შეფასებით, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელი იქნება მინისტრმა უარყოს, რომ მისი გადაწყვეტილება უპასუხისმგებლო იყო და დაისმება დიმიტრი შაშკინის მიერ თანამდებობის დატოვების საკითხი.
XS
SM
MD
LG