Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა გიორგობიანი: კონტროლის პალატის მიერ დაჯარიმება მოულოდნელი არ ყოფილა


გერმანიის მოქალაქე ბიძინა გიორგობიანისთვის საქართველოს კონტროლის პალატის მიერ 900 ათასი ევროთი დაჯარიმება მოულოდნელი არ ყოფილა. გიორგობიანმა სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა, რომ უმჯობესი იქნებოდა ასმაგი ოდენობით დაეჯარიმებინათ, რადგან საქართველოს ბიუჯეტს უჭირს. სატყეო დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ცნობა დაჯარიმების შესახებ კონტროლის პალატისგან არ მიუღია. "მათ ფაქტობრივად მიიტაცეს თანხა, რომელიც პატიმრებისთვის, მათი ოჯახებისა და სამსახურიდან დათხოვნილი ადამიანებისთვის გვინდოდა შეგვეწირა” - განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა. საქართველოს კონტროლის პალატამ 29 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების კანონის დარღვევით, პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებიდან გამომდინარე და მოქალაქეთა მატერიალური დაინტერესების მიზნით, ფიზიკურმა პირმა ბიძინა გიორგობიანმა ფონდ ”ქომაგს” 90 ათასი ევრო შესწირა, რის გამოც თანხის ათმაგი ოდენობით დაჯარიმდა. თავად ბიძინა გიორგობიანი კვლავ აცხადებს, რომ შემოწირულობის სახით ფონდს თანხა გადაურიცხა არა პირადად მან, არამედ გერმანულმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ, რომლის აღმასრულებელი დირექტორია. გიორგობიანმა კონტროლის პალატის მოქმედება აბსურდის თეატრს შეადარა და დასძინა, რომ სამართალს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით მიაღწევს.
XS
SM
MD
LG