Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა. 30 მაისი, 2012

  • ნიკო ნერგაძე

ქართული პრესის პირველ გვერდებზე დღესაც თითქმის ყველგან მაია მიმინოშვილის სახელის ხსენებას და მისი სამსახურიდან გათავისუფლების განხილვას ნახავთ. ბევრს სათაურად მისი ესა თუ ის ფრაზა აქვს გამოტანილი. „რეზონანსს“ ასეთი: ”მართლაც რჩება ერთადერთ მიზეზად ჩემი შვილი და ჩემი ძმა”. ”ყველა სიახლეს” კი ეს ფრაზა: „დიდი ძალ-ღონე შევალიე, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრი აპოლიტიკური ყოფილიყო”. ეს გაზეთი იმასაც კითხულობს - გამოცდების ეროვნული ცენტრიდან წამოსულებს პოლიციის აკადემიის თანამშრომლებით ხომ არ ჩაანაცვლებენო. განათლების სამინისტროს კომენტარს კი ”საქართველოს რესპუბლიკა” აკრიტიკებს. მიდგომა სათაურიდანვე ჩანს, რომელიც ასეთია - ”მაგ საკენკს აღარავინ აკენკავს!”

”ვერსია” დღეს აქვეყნებს ინტერვიუს ირინა სარიშვილთან, რომელიც საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას განიხილავს და დადებითად მოიხსენიებს ბიძინა ივანიშვილს - ამბობს, მისი ქომაგი არა ვარ, მაგრამ, დღეს მოქმედი ყველა პოლიტიკოსისგან განსხვავებით, ივანიშვილი არ ტყუის, პირდაპირ ლაპარაკობს ყველაფერს, რასაც აპირებს, არავის ატყუებს და ცივი წყლის ეფექტი აღარ ექნება მის რომელიმე გადაწყვეტილებასო.” ამის მიუხედავად, ირინა სარიშვილს მომავალი არჩევნების შედეგი ისე ესახება, რომ ის მმართველი პარტიის გეგმების მიხედვით ჩატარდება და ნაციონალური მოძრაობა ხმების 65 პროცენტს აიღებს, ”დარჩენი 35% კი, ვნახოთ, როგორ განაწილდება ოპოზიციონერებს შორისო.”

ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებს კი ”ყველა სიახლესთან” საუბარში ლევან ბერძენიშვილი განიხილავს. სტატიის სათაურია: „ვეჭვობ, კლინტონი საქართველოში ჩვენს ხელისუფლებაზე განაწყენებული ჩამოდის". თავად ინტერვიუში კი ლევან ბერძენიშვილი ამბობს: „ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონთან შეიძლება მართლა გაიმართოს. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, ქალბატონ კლინტონის დრო როგორ არის გაწერილი და რას არჩევს ის - შეხვდეს ოპოზიციას, რომელიც რეალურად ოპოზიცია არ არის, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის მიერ დაჯილდოებულ გიორგი თარგამაძეს, თუ რეალურ ოპოზიციას, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლას აპირებსო”. ის ამატებს: „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ზოგიერთმა ვაიპარლამენტარმა დაიძახა, ამერიკელებმა არაფერი იციან და ამ ანგარიშშიც არაფერია საინტერესოო. ისე, თუ იცოდნენ კლინტონის ჩამოსვლის ამბავი, წესით, ეს სისულელეები არ უნდა ელაპარაკათ. ვეჭვობ, კლინტონი საქართველოში ჩვენს ხელისუფლებაზე განაწყენებული ჩამოდის.“
XS
SM
MD
LG