Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა. 31 მაისი, 2012


გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხზე გაზეთ ”24 საათში” წაიკითხავთ ინტერვიუს განათლების მინისტრთან, დიმიტრი შაშკინთან. იგი ამბობს, რომ თანამედროვე გამოწვევების მქონე ადეკვატური სისტემის შექმნა განათლების სამინისტროში მისი ერთპიროვნული კი არა, ყველა იმ ადამიანთან შეთანხმებით მიღებული გადაწყვეტილებაა, ვინც დღეს სახელმწიფოში განათლების პოლიტიკას განსაზღვრავს. ინტერვიუს თანახმად, ამ შეთანხმებული პრინციპების წინააღმდეგ მაია მიმინოშვილი გამოდიოდა.

გაზეთ ”რეზონანსში” კი, სტატიაში, რომელიც გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი დირექტორის დანიშვნის საკითხს შეეხება, გამოთქმულია მოსაზრება, რომ დირექტორად პოლიციის აკადემიის ყოფილი რექტორის დანიშვნით, მთელი საგანმანათლებლო სისტემის ”პოლიციზაცია” მოხდა:

” სახელმწიფომ თავიდანვე აიღო კურსი, რომ განათლება მთლიანად იყოს პოლიციის ხელში. პოლიციაში ნამუშევარი ასეთი გამოცდილი კადრებით თანდათანობით მოხდება ჩანაცვლება და ასე გააგრძელებენ, თუ, რა თქმა უნდა, დასცალდათ”, უთხრა ”რეზონანსს ”ქართული აკადემისს” წევრმა, პროფესორმა თემურ ნანეიშვილმა.

გაზეთი ”ალია” კი იუწყება, რომ ზუგდიდში გარემოვაჭრეები აჯანყებას აპირებენ. გაზეთის თანახმად, 30 მაისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა გარემოვაჭრეებს გადასცეს გაფრთხილების ოქმი. ოქმში აღნიშნულია, რომ 1 ივნისამდე მათ ბაზრის გარეთა პერიმეტრზე ვაჭრობა უნდა შეწყვიტონ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, 500 ლარის ოდენობის თანხით დაჯარიმდებიან. ”ულუკმაპუროდ დარჩენილი ადამიანი აჯანყდება, აბა რა. გასაკვირია რამე?” უთხრა ”ალიას” კახა მიქაიამ, რომელიც ფიქრობს, რომ გარემოვაჭრეთა აყრას, ჯობია ადგილობრივმა ხელისუფლებამ მათ ვაჭრობის თანაბარი პირობები შეუქმნას.

დღესვე გაზეთი ”ალია” ერთი ექსპერიმენტის შედეგებს გთავაზობთ. ექსპერიმენტის მიზანი იმის განსაზღვრა იყო, თუ რამდენად გულისხმიერები და მოწყალენი არიან დეპუტატები. მათხოვრად გარდასახულმა ჟურნალისტმა პარლამენტის შესასვლელთან 22 მაისს დღის 12 საათიდან დაღამებამდე დაყო და მხოლოდ 3 ლარი და 75 თეთრი შეაგროვა. ამ ფაქტმა ჟურნალისტი აღაშფოთა და ბოლოს დაასკვნა კიდეც, რომ ”დეპუტატები გაჭირვებულების დახმარებაზე მხოლოდ და მხოლოდ ლაპარაკობენ და რეალურად არც კი ადარდებთ, ვინმეს შია თუ სცივა. ”

”ლეიბორისტები ცეზარ ჩოჩელს სამშობლოს ღალატში ადანაშაულებენ”-წაიკითხავთ გაზეთ ”ახალ თაობაში.” გაზეთის თანახმად, ლეიბორისტები მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორს ახალგორის რაიონში რუს ოკუპანტებთან თანამშრომლობაში ამხელენ. ”ახლახან ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების ორივე ტურში ახალგორის ყველა წამყვანი საარჩევნო კომისია დაკომპლექტებული იყო ცეზარ ჩოჩელის მიერ, მისი უახლოესი ნათესავების სახით, რომლებმაც უზრუნველყვეს გასულ არჩევნებში თიბილოვის გამარჯვება”, განაცხადა 30 მაისს ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, სოსო შატბერაშვილმა. იგი მთავარ პროკურატურას რეაგირებისაკენ მოუწოდებს.
XS
SM
MD
LG