Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ზღულაძე: პოლიტიკური შეხედულებების გამო დათხოვნის ნიშნები შესწავლის საგნად უნდა იქცეს


საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული უწყებათშორისი კომისია "თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის" ადმინისტრაციულ სტრუქტურებს და საჯარო სკოლებს მოუწოდებს, არჩევნების დასრულებამდე შეაჩერონ თანამშრომელთა შემცირების მიმდინარე, ან დაგეგმილი პროცესი. კომისიის წევრმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შეხვედრებისას სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები აქცენტს აკეთებენ სამსახურებიდან ადამიანების გათავისუფლების საკითხზე და აქვთ მოსაზრება, რომ ზოგიერთი შემთხვევა შესაძლოა, პოლიტიკურად მოტივირებული იყოს. ზღულაძის განცხადებით, უწყებათშორისი კომისიის პოზიციაა, რომ დაუშვებელი და კანონსაწინააღმდეგოა საჯარო მოხელეთა სამსახურიდან გათავისუფლება ოჯახის წევრების პოლიტიკური შეხედულებების გამო. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ შემთხვევები, სადაც შესაძლოა, იკვეთებოდეს პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან დათხოვნის ნიშნები შესწავლის საგნად უნდა იქცეს. ამასთან, ზღულაძემ დასძინა, რომ გასათვალისწინებელია რამდენიმე სფეროში მიმდინარე ლეგიტიმური ოპტიმიზაციის პროცესი და შესაძლოა, რთული იყოს ყოველთვის იმის იდენტიფიცირება, თუ რა ნიშნით მოხდა შემცირება კონკრეტული ადამიანების შემთხვევაში. შს-თა მინისტრის მოადგილემ დღეს ასევე განაცხადა, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობიდან მაია მიმინოშვილის გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით დათხოვნის კატეგორიად არ განიხილება.
XS
SM
MD
LG