Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ჩვენ ერთად ვართ” - მესიჯი ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებისგან


”ჩვენ ერთად ვართ” - ასე ერქვა თბილისში 29 მაისს გახსნილ გამოფენას, რომელზეც ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების მხატვრული ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. გამოფენას მკაფიო მიზანი ჰქონდა - ამ ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრაცია და სტიგმის შემცირება. საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის, თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის რეაბილიტაციური განყოფილებისა და ორგანიზაციის ”კავშირი ადამიანებისთვის, განსაკურებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ” ბენეფიციარების რამდენიმე ათეული ნამუშევარი 29 მაისს თიბისი გალერეაში შეკრებილ საზოგადოებას თავად ავტორებმა წარუდგინეს.

გელა ჯინჭარაძე ბოლო თორმეტი წელია ხატავს. დედის საძინებელ ოთახში, ხუთ კვადრატულ მეტრში, მუხლებზე დგას და ასე, დაჩოქილი, ქმნის თავის ნახატებს. ამბობს, რომ სხვანაირად არ გამოსდის. ხატავს გუაშში. ზეთის საღებავები მისთვის ჯერჯერობით ოცნებად რჩება, რადგან ძვირი ღირს. გელა ერთ-ერთია იმ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებიდან, ვისი ნამუშევრებიც თიბისი გალერეაში გამოიფინა. გელა ჯინჭარაძე დაუზარებლად უამბობს ჟურნალისტებს თავის ნახატებზე, ჩვენც გვეუბნება, რომ მის მხატვრობაში მთავარ თემად ადამიანი რჩება. ადამიანების სიყვარულის ნაკლებობაზე, რომელსაც რეალურ ცხოვრებაში განიცდის, თავის ტილოებშიც არაერთხელ შეხებია:
სტიგმა ადამიანებს ერთმანეთისგან ყოფს და ეს დღე, ასეთი გამოფენები, პირიქით, აერთიანებს. მათ, ვისაც ფსიქიკური პრობლემა ჰქონდა, შესაძლებელია თავი იგრძნონ რეალიზებულ ადამიანებად...
გიორგი გელეიშვილი

“მე მივხვდი, რომ ჩემი, როგორც მხატვრის, ამოსავალი წერტილი ადამიანი უნდა იყოს. მე ვხვდები, ადამიანი კი არის მთავარი ღირებულება, მაგრამ ვერ ვახერხებთ სრულყოფილად ერთმანეთის სიყვარულს - შეიძლება კატა უფრო მეტად გიყვარდეს შენი ან ძაღლი, ვიდრე მთელი კაცობრიობა. ხუთი წლიდან ვფიქრობ სიკვდილზე და თითქოს ყველას ჰგონია, რომ უკვდავები ვიქნებით და ამ დროს სიკვდილიც მოდის ხოლმე.სანამ მოვა, მანამდე მაინც გვიყვარდეს ერთმანეთი. მე მინდა მიყვარდეს, მაგრამ არ მეძლევა ამის საშუალება..."

ორგანიზატორებმა ამ გამოფენას სიმბოლური სათაურიც შეურჩიეს და ”ჩვენ ერთად ვართ” დაარქვეს. იმ დღეს ასეც იყო. თუმცა ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციის აღმასრულებელი დირექტორი ფსიქიატრი გიორგი გელეიშვილი შენიშნავს, რომ ეს ერთად ყოფნა ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებს რეალურ ცხოვრებაში ძალიან აკლიათ:

”სტიგმა ადამიანებს ერთმანეთისგან ყოფს და ეს დღე, ასეთი გამოფენები, პირიქით, აერთიანებს. მათ, ვისაც ფსიქიკური პრობლემა ჰქონდა, შესაძლებელია თავი იგრძნონ რეალიზებულ ადამიანებად.”

”ადამი და ევა”, ”ფრთები”, ”გულაბის სადიდებელი”, ”აბსტრაქცია”, ”ქალი სიყვარულის მოლოდინში” - გიკა ჩხაიძის, გიო კილაძის, რამაზ კავკასიძის, ირაკლი გოცირიძის, მიშიკო დიაკონიძის ნამუშევრებს ყურადღებით აკვირდება ცნობილი ფსიქიატრი შოთა გამყრელიძეც. ამბობს, რომ ამ ნახატებში ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების ყველა ის განცდა ჩანს, რაზეც შესაძლოა ხმამაღლა არასოდეს ილაპარაკონ:

”ძალიან საინტერესოა. ჩვენთვის, ფსიქიატრებისთვის, განსაკუთრებით, რადგან ეს მათი დამხმარე, გამამხნევებელი გზაა, მათი გრძნობების განაღდების გარკვეული ხერხია, მათთვისაც სასარგებლოა ასეთი დღეები და ჩვენთვისაც. აქედან ვიგებთ, რამდენად აქვთ შერჩენილი ჩვეულებრივი ადამიანური თვისებები, რომლებსაც სტიმულირება სჭირდება.”

გიკა ჩხაიძე 13 წლიდან თვითნასწავლი მხატვარია. ძალიან აინტერესებს რას ფიქრობენ მის ნამუშევრებზე. იმ კედელთან მივყავართ, სადაც მისი ნახატებია გამოფენილი:
თუ ეს ადამიანები საზოგადოებაში თავს ინტეგრირებულად გრძნობენ და არ ხდება მათი დისკრიმინაცია იმის გამო, რომ ფსიქიკური აშლილობა აქვთ, ეს საზოგადოება არის წარმატებული და, შეიძლება ითქვას, რელიგიურიც...
მანანა შარაშიძე

”ეს ქალია, რომელსაც ხელში ყვავილი უჭირავს და ელოდება. რას? სიყვარულს. ეს ადამი და ევაა და მათი სამოთხე.”

საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციის წარმომადგენელი
ნანა აღაპიშვილი გვეუბნება, რომ ეს ნახატები იქმნებოდა ძირითადად არტთერაპიულ სახელოსნოებსა და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრებში, რომელთა რაოდენობა საქართველოში თითებზე ჩამოსათვლელია:

”თუ ქვეყანაში მოწყობილი იქნება ამ ადამიანებზე ზრუნვის და მათი მოვლის გამართული სისტემა ისე, რომ ყველამ შეძლოს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა რეაბილიტაციის ცენტრებში, ძალიან კარგი იქნება. ბევრი ნიჭიერი ადამიანი გამოჩნდება.”

ამ ნახატების ავტორებს დღეს აღარ რცხვენიათ, რომ ისინი ფსიქიკურად არიან ავად. მათ ეს სტიგმა, პირველ რიგში, საკუთარ თავში გადალახეს. იგივე გზა ახლა საქართველოში მთელ საზოგადოებას აქვს გასავლელი, ამბობს ნანა აღაპიშვილი:

”ეს დაავადებაა, როგორც ყველა სხვა დაავადება და როგორც ისინი იკურნება, ასე იკურნება ბევრი სახის ფსიქიკური დაავადებაც. ეს აღარ არის ამ ადამიანებისათვის სირცხვილი და შეუძლიათ ამაზე ილაპარაკონ.”

ქართულმა საზოგადოებამ არ იცის, რას აკეთებენ და რისი შესაძლებლობა აქვთ ამ ადამიანებს; არ იცის, რომ ისინი შეიძლება იყვნენ ნიჭიერები და წარმატებულები, შენიშნავს ფსიქიატრი მანანა შარაშიძე. და ასეც რომ არ იყოს, მანანა შარაშიძის თქმით, საზოგადოების ჰუმანურობისა თუ წარმატებულობის საზომი ისიცაა, შეუძლია თუ არა მას იმ ადამიანების გაგება და თანადგომა, რომლებიც რაღაც ნიშნით დანარჩენი საზოგადოებისგან განსხვავდებიან და აქვთ შეზღუდული შესაძლებლობები. სხვანაირად ამას ერთი სახელი ჰქვია - ტოლერანტობა:

”თუ ეს ადამიანები საზოგადოებაში თავს ინტეგრირებულად გრძნობენ და არ ხდება მათი დისკრიმინაცია იმის გამო, რომ ფსიქიკური აშლილობა აქვთ, ეს საზოგადოება არის წარმატებული და, შეიძლება ითქვას, რელიგიურიც. რადგან რელიგიურობა რას ნიშნავს? მხოლოდ დიდი ეკლესიების მშენებლობას? რელიგიურობის მთავარი კრიტერიუმი არის მოწყალება, თანადგომა და გაგება ადამიანებისა, რომლებიც საზოგადოებისგან რაღაცის გამო არიან გარიყული და აქვთ შეზღუდული უნარები. მარტო მთლიანი შიდა პროდუქტი არ არის ქვეყნის წარმატების ნიშანი. საზოგადოება განვითარდა თუ არა, ამის შეფასების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი მისი ტოლერანტულობაა.”
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG