Accessibility links

ევროკავშირმა დაიწყო საქართველოსთან დიალოგი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე


ევროკომისიამ დღეს დაიწყო საქართველოსთან დიალოგი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე. დიალოგის მიზანია, შემოწმდეს ყველა მნიშვნელოვანი პირობა ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების უვიზოდ მოგზაურობისათვის. პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, ბრიუსელში ჩატარდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის შეხვედრა ევროკომისართან საშინაო საკითხებში, სესილია მალმსტრიომთან, რის შემდეგაც მალმსტრიომმა აღნიშნა, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკების დაწყება არის მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოსთან ევროკავშირის ურთიერთობაში, რადგან ამ ნაბიჯით ბრიუსელი აღიარებს საქართველოს ძალისხმევას სხვადასხვა სფეროში, რომლებიც მნიშვნელოვანია მომავალში მისი მოქალაქეების ევროკავშირში ვიზების გარეშე მოგზაურობისათვის. ბრიუსელში ჩვენი რადიოს კორესპონდენტმა შეხვედრის მონაწილეებს დაუსვა შეკითხვა გამოკვლევაზე, რომელმაც აჩვენა, რომ სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის ქვეყნების საელჩოები სხვებზე, ანუ სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეებზე, უფრო ხშირად საქართველოს მოქალაქეებს ეუბნებიან ვიზებზე უარს. პასუხად სესილია მალმსტრიომმა აღნიშნა: „ბოლოხანს ვხედავთ ცვლილებას ამ ტენდენციაში. ჩვენ, რასაკვირველია, გულდასმით შევისწავლით ამ მაჩვენებლებს შეფასებების გასაკეთებლად. დარწმუნებული ვარ, რომ გაგრძელდება ვიზებზე უარის თქმის შემთხვევების შემცირების ტენდენცია. და ის, რომ დღეს ვიწყებთ (საქართველოსთან დიალოგს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ) - ეს ,რასაკვირველია, არის მნიშვნელოვანი ელემენტი იმის უზრუნველსაყოფად, რომ (ვიზებზე უარის თქმის შემთხვევები) კიდევ უფრო შემცირდება“. ევროკავშირმა და საქართველომ 2009 წლის ნოემბერში გააფორმეს შეთანხმება გადაადგილების შესახებ პარტნიორობაზე, საიმიგრაციო პოლიტიკის ყველა ასპექტით თანამშრომლობის ხელშესაწყობად. წელს, 29 მაისს ევროკავშირის საბჭო მიემხრო საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე მოლაპარაკების დაწყებას.
XS
SM
MD
LG