Accessibility links

logo-print

ჰილარი კლინტონი სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა


საქართველოსა და აშშ-ს თავდაცვის სფეროში ძლიერი ორმხრივი თანამშრომლობა აქვთ, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ბათუმში, ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში გამართულ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ თანახმად, თავის გამოსვლაში კლინტონმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით აღებულ ვალდებულებებზე. საუბარია საქართველოს თავდაცვის რეფორმებში მხარდაჭერაზე, ქართული ჯარის მოდერნიზაციაზე, ტრენინგებზე და აღჭურვაზე. “საჭიროა ტრენინგებისა და მოდერნიზაციის გაგრძელება და აღჭურვა საქართველოს ჯარებისთვის, რომ ეფექტიანად მიიღონ მონაწილეობა ISAF-ის ოპერაციებში ავღანეთში, გააუმჯობესონ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა და ნატოსთან თავსებადობა. ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ნატოს სტანდარტების მისაღწევად, ჩვენ მხარს ვუჭერთ ბუქარესტის გადაწყვეტილებას, რომ მიიღოს საქართველოსთან დაკავშირებით მომავალი გადაწყვეტილებები”, – განაცხადა კლინტონმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს სამხრეთ კავკასიის ტურნეს ფარგლებში ესტუმრა. ჰილარი კლინტონი დღესვე შეხვდა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს.
XS
SM
MD
LG