Accessibility links

ჰილარი კლინტონი ოპოზიციის წევრებს შეხვდა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ბათუმში დახურულ კარს მიღმა შეხვდა საქართველოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს და მათგან მოისმინა მოსაზრებები საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი ხარვეზების, მედიაგარემოს მონოპოლიზების, მმართველი პარტიის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების, ოპოზიციურ აქტივისტებზე ზეწოლისა და არათანაბარი საარჩევნო გარემოს შესახებ. „ჩვენ გვქონდა საუბარი კონკრეტულ საკითხებზე. მან ბრძანა, რომ ის საქმის კურსშია პოლიტიკური აქტივისტების დევნის თაობაზე და საელჩო და სხვა სტრუქტურები მუშაობენ ამ საკითხებზე და გააგრძელებენ მუშაობას“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ კოალიციაში შემავალი რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროსათვის“ მიცემულ ინტერვიუში. მისი თქმით, ჰილარი კლინტონი დაჰპირდა ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ „მეტი გრძელვადიანი დამკვირვებელი ჩამოვა არჩევნებისათვის და მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ აშშ ეხმარება ქართველ ხალხს და სურს, რომ ქართველმა ხალხმა გააკეთოს თავისუფალი არჩევანი.“ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრას ესწრებოდნენ "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი გიორგი თარგამაძე, "ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარე დავით გამყრელიძე, პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე მანანა კობახიძე, კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლები - "რესპუბლიკელების" ლიდერი დავით უსუფაშვილი და "თავისუფალი დემოკრატების" წევრი თეა წულუკიანი. დღის ბოლოს, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ჰილარი კლინტონი სქართველოში ვიზიტის თაობაზე შემაჯამებელ პრესკონფერენციას გამართავს.
XS
SM
MD
LG