Accessibility links

logo-print

ჰილარი კლინტონი და ფილიპ გორდონი შეხვდნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და მისი თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონი ბათუმში შეხვდნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ”ახალი მემარჯვენეებისა” და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარეები დავით გამყრელიძე და გიორგი თარგამაძე, კოალიცია ”ქართული ოცნების” წევრ პარტიებს კი წარმოადგენდნენ თეა წულუკიანი, მანანა კობახიძე და დავით უსუფაშვილი. ჰილარი კლინტონთან შეხვედრის შემდეგ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო მდივანი საკმაოდ კარგადაა ინფორმირებული საქართველოში არსებულ პრობლემებზე და აღნიშნა, რომ აშშ გააკეთებს ყველაფერს, რათა ქართველმა ხალხმა მიიღოს არჩევანის თავისუფლება და მომავალი თავად გადაწყვიტოს. ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა სახელმწიფო მდივანს განუმარტეს, რომ კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი უარს ამბობს მის გამო მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით სარგებლობაზე, რადგან ეს ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ფასეულობებს და კონსტიტუციონალიზმის პრინციპებს. დავით უსუფაშვილის განცხადებით, შეხვედრისას ბუნებრივია, საუბარი იყო უსაფრთხოების საკითხებზე და ნატოში საქართველოს ინტეგრაციაზე, რომლის დაჩქარების აუცილებლობის გამო პოზიციები ერთსულოვანი იყო. სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგ ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა გიორგი თარგამაძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ საუბარი იყო უსაფრთხოების თემაზე და საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე. მისი თქმით, საქართველოში მშვიდობის გარანტიების არსებობისთვის აშშ კვლავაც ბევრს გააკეთებს. თარგამაძემ აღნიშნა, რომ უსაფრთხოების სისტემის განუყოფელი ნაწილია მომავალი არჩევნები და ზოგადად, პოლიტიკური სტაბილურობა.
XS
SM
MD
LG