Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარზაიმ შეწყვიტა პეკინში ვიზიტი, ავღანეთში ძალადობაზე ცნობის გამო


ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ შეწყვიტა ჩინეთში ოფიციალური ვიზიტი ცნობის გამო, რომ ავღანეთში სამოქალაქო პირები დაიღუპნენ ნატოს საჰაერო დარტყმის შედეგად. კარზაის ინფორმაციით, ოთხშაბათს 18 სამოქალაქო პირი შეიწირა აღმოსავლეთში მდებარე ლოგარის პროვინციაში განხორციელებულმა რეიდმა. მისივე თქმით, „მიუღებელია“, რომ ასეთი ოპერაციები სამოქალაქო მსხვერპლს იწვევს. დღეს ავღანეთში მოულოდნელი ვიზიტი დაიწყო შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა, ლიონ პანეტამ. მისი თქმით, ძნელი იქნება ავღანეთში სტაბილურობის მიღწევა, სანამ ექსტრემისტები თავშესაფრით სარგებლობენ პაკისტანის ტერიტორიაზე. პანეტას თქმით, ჯერ-ჯერობით სათანადო შედეგი არ მოჰყოლია შეერთებული შტატების მოწოდებას პაკისტანის ხელისუფლებისადმი, მიმართოს გადამჭრელ ზომებს ექსტრემისტების წინააღმდეგ.
„ჩვენ ეს რამდენჯერმე, მკაფიოდ განვაცხადეთ და კიდევ ვიტყვით, რომ მიუღებელია ვითარება, როცა ექსტრემისტებს, რომლებიც თავს ესხმიან ჩვენს ხალხს, ჩვენს ჯარებს, შეუძლიათ დაუბრუნდნენ უსაფრთხო თავშესაფარს პაკისტანში“, - განაცხადა ლიონ პანეტამ დღეს, ქაბულში გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
XS
SM
MD
LG