Accessibility links

logo-print

ცხინვალის რეაქცია სტატუს-ნეიტრალურ დოკუმენტებზე


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დროშა

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დროშა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებას ნეიტრალური სტატუსის მქონე დოკუმენტის აღიარების შესახებ ცხინვალში მკაცრი რეაქცია მოჰყვა. ჯერ დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის წევრმა ამირან დიაკონოვმა განაცხადა, რომ, დე ფაქტო რესპუბლიკის მოსახლეობისთვის ამერიკისკენ გზის გახსნის მიუხედავად, ნეიტრალური პასპორტის მიღების მსურველი ბევრი არ იქნება. მოგვიანებით კი თვითაღიარებული რესპუბლიკის საგარეო უწყებამ სპეციალური განცხადება გაავრცელა და ამერიკის სახელმწიფო მდივანი სამხრეთ ოსეთის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა. განცხადებაში ნათქვამია, რომ კლინტონმა ყველა ზღვარი გადალახა. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს ადგილობრივ პასპორტთან ერთად რუსეთის ფედერაციის პასპორტებიც აქვთ, რომლითაც მთელ მსოფლიოში მოგზაურობა შეუძლიათ. ოსური საგარეო უწყება მოუწოდებს ამერიკის მთავრობას ნუ მოახდენს ადგილობრივი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის იგნორირებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ოსი ხალხის დისკრიმინაციად შეფასდება.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს, მიუხედავად იმისა, რომ პარალელურად რუსეთის მოქალაქეობაც აქვთ, ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაში წასასვლელ ვიზებს არ აძლევენ. შესაბამისად, ოსი და აფხაზი ახალგაზრდები ევროპული განათლების მიღების შესაძლებლობას მოკლებულნი არიან. არსებობს მხოლოდ რამდენიმე გამონაკლისი შემთხვევა და ამის შესახებ ოსი და აფხაზი ახალგაზრდები სამოქალაქო დიალოგის ფორმატში ხშირად საუბრობენ.

ლიახვის ხეობიდან დევნილი ნაზი ბერუაშვილი, რომელიც ქალთა სამშვიდობო მოძრაობის წევრია, მიიჩნევს, რომ ჰილარი კლინტონის განცხადება დროული იყო, რამდენადაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს ქართულ, ევროპულ და ამერიკულ საზოგადოებასთან ურთიერთობის საშუალება მიეცემათ.

რატომ ვხარჯავთ ფინანსურ და ადამიანურ რესურსებს, როცა აღიარების თხოვნით სხვადასხვა ქვეყნებში დავდივართ, თუ იმაზე ვფიქრობთ, რომ რამდენიმე წელში რუსეთის შემადგენლობაში შევალთ? ...
ამერიკის სახელმწიფო მდივნის მიერ ნეიტრალური პასპორტების აღიარება ცხინვალში - მედიაცენტრ „ირ“–ში - გამართული დისკუსიის მსჯელობის საგნადაც იქცა. ამ შეხვედრაზე მიწვეულმა ექსპერტებმა დიდი ყურადღება დაუთმეს თვითაღიარებული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკას. მათი აზრით, ჟენევაში ოსური დელეგაციის საქმიანობა წარუმატებლად უნდა შეფასდეს. გარდა ამისა, ბევრი ექსპერტისთვის მიუღებელია ის, რომ, ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, ამ დისკუსიაში ისევ ის ადამიანები მონაწილეობენ, ვინც 2008 წლიდან დაიწყო მოლაპარაკებები. ახლაც ჟენევაში ოსურ დელეგაციას, სტატუსის შეცვლის მიუხედავად, ისევ ბორის ჩოჩიევი გაუძღვა. ოსი პოლიტიკოსი ვიაჩესლავ გობოზოვი ფიქრობს, რომ აუცილებელია ოსურ პოლიტიკაში ახალი სახეები გამოჩნდნენ, რომლებიც ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ და საზოგადოებრივ აზრს პატივს სცემენ.

„ის კი არ გვაშფოთებს, რომ იგივე ხალხი წავიდა ჟენევაში, თუმცა ესეც დიდი განგაშის საფუძველია, თუ გავითვალისწინებთ ბოლო წლების მათ დიდ „მიღწევებს“, არამედ ის, რომ ასეთი მნიშვნელოვანი თემა წინასწარ განხილული არ ყოფილა არც იურისტებთან და არც ისტორიკოსებთან. საერთოდ გაუგებარია მექანიზმი, გაუგებარია ის, თუ რას ილაპარაკებენ და იქიდან რით დაბრუნდებიან“, –აცხადებს ჩვენს რადიოსთან საუბარში ვიაჩესლავ გობოზოვი.

ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდი დღეს დაიწყო. ოსური დელეგაცია ამ შეხვედრაზე საერთაშორისო ლექსიკონში ტერმინ „ოკუპირებული ტერიტორიების“ გამოყენებას გააპროტესტებს.

ცხინვალში გამართული მრგვალი მაგიდის დროს ადგილობრივი ექსპერტები შიდა პოლიტიკის პრობლემებსაც შეეხნენ. მათი აზრით, მთავრობის დაკომპლექტების გაჭიანურებული და გაუმჭვირვალე პროცესი ეწინააღმდეგება ლეონიდ თიბილოვის წინასაარჩევნო დაპირებებს - ძველი სახეები ისევ რჩებიან ხელისუფლებაში. დისკუსიის ერთ-ერთი მონაწილე, სარმატ გაბარაევი, ფიქრობს, რომ ოსურმა საზოგადოებამ საკუთარ თავს ბევრი შეკითხვა უნდა დაუსვას. მისი აზრით, პირველი კითხვა ის უნდა იყოს, სჭირდებათ თუ არა ოსებს დამოუკიდებელი სახელმწიფო:

„თუ ჩვენ არ გვინდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს აშენება, მაშინ ყველა დანარჩენის განხილვა უაზრობაა. მოვიყვან ერთ მაგალითს: რატომ ვხარჯავთ ფინანსურ და ადამიანურ რესურსებს, როცა აღიარების თხოვნით სხვადასხვა ქვეყნებში დავდივართ, თუ იმაზე ვფიქრობთ, რომ რამდენიმე წელში რუსეთის შემადგენლობაში შევალთ? რატომ ვხარჯავთ რესურსებს საკუთარი არმიისთვის? რატომ ვხარჯავთ ძალას საკუთარი ავტონომიური ეკომონიკისთვის? გამოდის, რომ არაფრისთვის. თუ ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ პროვინცია, მაშინ ეს ყველაფერი აღარ გვჭირდება. ეს ყველაფერი მაშინ დაგვჭირდება, როცა შევიგნებთ გვჭირდება თუ არა სახელმწიფო“, –განაცხადა სარმატ გაბარაევმა.

დისკუსიის დასასრულს გაჩნდა იდეა, რომ ცხინვალში შეიქმნას ექსპერტთა მუდმივმოქმედი საბჭო, რომელიც არსებულ პრობლემებზე რეაგირებას მოახდენს და არც კრიტიკას დაიშურებს ხელისუფლების საგარეო და საშინაო პოლიტიკის მიმართ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG