Accessibility links

კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს, რომ "სტერეო +"-მა ლიცენზიის პირობები დაარღვია


საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელიც "სტერეო +"-ის მეშვეობით ტელეკომპანია მე-9 არხის მეტრული სიხშირით მაუწყებლობას შეეხება. კომისიის განცხადებით, მან 4 ივნისს მასმედიით შეიტყო, რომ მე-9 არხმა თბილისში მაუწყებლობა მეტრული სიხშირით დაიწყო და დედაქალაქის მოსახლეობამ შეძლო სატელევიზიო ანტენის საშუალებით ამ არხის მიღება. კომუნიკაციების კომისია აღნიშნავს, რომ "სტერეო +" თანამგზავრული მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი მე-9 არხის სიგნალის გავრცელებას უზრუნველყოფდა ე.წ "ღია ლინკის" საშუალებით და ამ მომსახურებას რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის ფარგლებში უწევდა, რაც ეწინააღმდეგება სალიცენზიო პირობებს. კომუნიკაციების კომისია ასევე აცხადებს, რომ "სტერეო +" სავალდებულო ავტორიზაციის გარეშე საქმიანობდა და რადიოსიხშირულ სპექტრს კომისიის შესაბამისი ნებართვის, ან ლიცენზიის გარეშე იყენებდა, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დარღვევაა და 5 ათასლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. კომუნიკაციების ეროვნული კომისია აღნიშნავს, რომ "სტერეო +"-ის კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია გათვალისწინებულია რადიოხაზებით მომსახურებისთვის და არა საეთერო მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად.
XS
SM
MD
LG