Accessibility links

8 ივნისს გამოსული გაზეთების დიდმა ნაწილმა პირველი გვერდი ქუთაისში პარლამენტის მშენებლობაზე მომხდარ უბედურ შემთხვევას დაუთმო. „აშენებამდე დანგრეული პარლამენტი“ - ასეთი სათაური აქვს წამძღვარებული „რეზონანსის“ მეწინავე სტატიას, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის კანცელარიის მშენებარე კედლის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. გაზეთის რედაქციამ დაზარალებულების შესახებ ინფორმაციის მოპოვებაც სცადა, მაგრამ უშედეგოდ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ქუთაისის ფილიალში განაცხადეს, რომ სხვა დაშავებულები არ ყოფილან და არც საავადმყოფოში გადაუყვანიათ ვინმე. საწინააღმდეგოს ამტკიცებს ოპოზიციური რესპუბლიკური პარტიის ქუთაისის ოფისის თავმჯდომარე ნატო ქათამაძე, რომელსაც, მისივე თქმით, ტელეფონით აცნობეს დაზარალებულების ზუგდიდის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ.

გაზეთი „ახალი თაობა“ კი კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტების დაკავებასა და კონტროლის პალატის მიერ ბიძინა ივანიშვილის შესაძლო დაჯარიმებას ეხმიანება. გაზეთი ავრცელებს კოალიციის ოფიციალურ განცხადებას, რომელშიც გამოთქმულია ვარაუდი იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება „ქართული ოცნების“ არჩევნებიდან განდევნას ცდილობს. ფრაგმენტი განცხადებიდან: „ყველა მოვლენა, რაც უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში მოხდა, გვაფიქრებინებს, რომ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მიმართ გრძელდება სისტემური, წინასწარ დაგეგმილი ბინძური კამპანია, რომლის საბოლო მიზანია შეითითხნოს საქმე და შეიქმნას ვითომ საკმარისი “მტკიცებულებები” ბიძინა ივანიშვილისა და კოალიცია “ქართული ოცნების” საარჩევნო პროცესისგან ჩამოსაშორებლად. დარწმუნებული ვართ, საქართველოში მოქმედი ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის ვალია, დღესვე შეისწავლონ აღნიშნული ფაქტები და მყისიერი რეაგირება მოახდინონ ხელისუფლების მიერ კოალიცია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ დაგეგმილ კამპანიაზე, რათა ყველამ ერთად უზრუნველვყოთ კონკურენტუნარიანი არჩევნების ჩატარება“.

გაზეთი „ვერსია“ მკითხველს კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სავარაუდო სიას აცნობს. გაზეთის მტკიცებით, კოალიციას დეპუტატობის კანდიდატების გამოსავლენად ჩაუტარებია პრაიმერიზი, რომლის შედეგადაც მთაწმინდაზე ირაკლი ქადაგიშვილს გაუმარჯვია, ვაკეში - ლევან ბერძენიშვილს, საბურთალოზე - თინათინ ხიდაშელს, კრწანისში - შოთა ხაბარელს, ისანში - ლევან იზორიასა და სამგორში - ზურაბ აბაშიძეს. „ვერსია“ ასევე ჩამოთვლის მაჟორიტარობის შესაძლო კანდიდატებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, თუმცა იქვე შენიშნავს, რომ საქმე გვაქვს ეგრეთ წოდებულ ნედლ სიასთან, რომ რეალური კანდიდატები მხოლოდ ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმების შემდეგ დასახელდებიან.

გაზეთი „24 საათი“ კი საარჩევნო სიების დაზუსტების კომისიის საკანონმდებლო ინიციატივაზე წერს. კომისიის წევრები, უფლებამოსილების ვადის 2012 წლის ბოლომდე გაგრძელებას ითხოვენ, რის მიზეზადაც შემდეგი გარემოება სახელდება: კომისიის სურვილია მიიღონ უფლება, „კარდაკარის“ შედეგად ფორმირებული და საარჩევნო უბნებზე არსებული სიები არჩევნების დღეს ერთმანეთს შეადარონ. კომისიის თავმჯდომარის მამუკა კაციტაძის განმარტებით, თუ კომისიას მხოლოდ ერთიანი სიის შექმნის უფლება ექნება, მუშაობის ვადა არჩევნებამდე 14 დღით ადრე ამოეწურება, რადგან ამომრჩეველთა სია ცვლილებებისათვის დაიხურება. ამ და სხვა სტატიებს 8 ივნისის „24 საათში“ წაიკითხავთ.
XS
SM
MD
LG