Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევის უშედეგო მე-20 რაუნდი პოზიტიური ელფერით


8 ივნისს კონკრეტული გადაწყვეტილებების გარეშე დასრულდა ჟენევაში მოლაპარაკებათა მე-20 რაუნდი, თუმცა საქართველოს დელეგაცია მაინც ლაპარაკობს გარკვეული პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებაზე, რაც დილემად ქცეულ საკითხს - რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულებას უკავშირდება. ჟენევაში განხილული იყო მოსკოვის, ცხინვალისა და სოხუმის მიერ სადავოდ ქცეული ტერმინი ”ოკუპირებული” და შეერთებული შტატების ახალი ინიციატივა ”სტატუს-ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტების” თაობაზე. თუმცა ამ ეტაპის უმთავრეს პრობლემად რჩება ის ფაქტი, რომ გალში აღარ ტარდება შეხვედრები ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები - ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს სპეციალური წარმომადგენლები -შეშფოთებას გამოხატავენ იმ ფაქტის გამო, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 24 მარტის შემდეგ ვეღარ ხერხდება შეხვედრების გამართვა გალში. გავიხსენოთ, რომ 24 აპრილს დანიშნულ შეხვედრას აფხაზეთის მხარემ ბოიკოტი გამოუცხადა და მიზეზად სოხუმმა ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელის საქართველოში, პოლონელი დიპლომატის ანჯეი ტიშკევიჩის შეურაცხმყოფელი განცხადებები დაასახელა. როგორც საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს და ხსენებულ პრობლემასთან დაკავშირებით ქართული მხარის პოზიცია თანათავმჯდომარეების პოზიციას ემთხვევა:

”ბუნებრივია, ჩვენი ამოსავალი წერტილი არის ის, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ყველანაირი შეზღუდვის გარეშე უნდა მიეცეს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს ინციდენტების პრევენციის ყველა შეხვედრაში. ეს არის ჩვენი წითელი ხაზი და იმედია, რომ ასეც მოხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, გალის შეხვედრები აღარ იქნება და ეს იქნება უდიდესი ჩავარდნა ჟენევის მოლაპარაკებებისა.”

შეიძლება უფრო გააქტიურება საერთაშორისო თანამეგობრობის - იგივე გამოძიების ჩატარების მხრივ, იგივე სამხილებზე რეაგირების მხრივ ...
სერგი კაპანაძე

გალის შეხვედრების შეწყვეტასთან დაკავშირებული მწვავე პრობლემის სასწრაფოდ აღმოფხვრის აუცილებლობა ასახულია თანათავმჯდომარეების ერთობლივ კომუნიკეში, სადაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტად განიხილება. გაეროს სპეციალური წარმომადგენელი ანტი ტურუნენი ამ პრობლემის დაძლევის აუცილებლობას გასული წლის დეკემბრის შემდეგ გალში მომხდარი არაერთი სისხლიანი ინციდენტის კონტექსტში განიხილავს და გამოთქვამს იმედს, რომ ეს ინციდენტები არ გამოიწვევს ვითარების გამწვავებას რეგიონში.

თავის მხრივ, ქართულმა მხარემ რუსეთის მიერ განხორციელებული პროვოკაციული ქმედებების კონტექსტში, სხვა ფაქტებთან ერთად, წამოაყენა 4 მაისს გამომჟღავნებული ტერორისტული აქტის მცდელობის ფაქტი. გავიხსენოთ, რომ ზუგდიდში აღმოჩენილი ასაფეთქებელი ნივთიერება, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან როლან ხურცილავამ გადმოიტანა. სერგი კაპანაძის თქმით, ქართულმა მხარემ მსგავს ფაქტებზე უფრო სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება მოითხოვა:

”შეიძლება უფრო გააქტიურება საერთაშორისო თანამეგობრობის - იგივე გამოძიების ჩატარების მხრივ, იგივე სამხილებზე რეაგირების მხრივ. ჩვენ დავაყენეთ საკითხი, რომ დაგეგმილ კონკრეტულ ტერორისტულ აქტებზე მოხდეს უფრო კონსოლიდირებული რეაგირება თანათავმჯდომარეებისა.”
თუკი უსაფრთხოების თემას გავაგრძელებთ, ამ ჭრილში განსახილველ მთავარ საკითხად კვლავაც რჩება ძალის გამოუყენებლობის საკითხი. როგორც ცნობილია, მოსკოვი ჯიუტად მოითხოვდა, რომ ასეთი დოკუმენტი საქართველომ მის ოკუპირებულ რეგიონებთან გააფორმოს. ასეთ მიდგომას სასტიკად ეწინააღმდეგება თბილისი, რომელმაც ჯერ კიდევ 2010 წელს დადო ცალმხრივი სამშვიდობო დაპირება და მას შემდეგ საერთაშორისო თანამეგობრობამ არაერთხელ მოუწოდა რუსეთს იგივე გააკეთოს.

ამ პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული პოზიტიური დინამიკა დაინახა საქართველოს დელეგაციამ ჟენევის მოლაპარაკებათა 29 მარტს შემდგარ მე-19 რაუნდზე და, როგორც დელეგაციის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, პოზიტიური დინამიკა კვლავაც შენარჩუნებულია, ცხადია, რომ პროცესი სწორი მიმართულებით მიდის და რომ ამ ყველაფერს თავისი საფუძველიც აქვს:

”საკმაოდ მყარი პოზიცია აქვთ ამ მოლაპარაკებების ძირითად მონაწილეებს, რომ რუსეთმა უნდა აიღოს ძალის არგამოყენების ვალდებულება. მყარი პოზიცია აქვს შეერთებულ შტატებს და კიდევ ერთხელ დააფიქსირა მან ეს პოზიცია; მყარი პოზიცია აქვს ევროკავშირს, თანათავმჯდომარეებს და ჩვენ... კონკრეტულად დეტალებზე არ შევჩერდები, რადგან სამუშაო პროცესია, მაგრამ პოზიტიური დინამიკა შენარჩუნებულია... ოღონდ ახლა არ მინდა გამოვჩნდე ძალიან ოპტიმისტური.”

ვაშინგტონის ჟესტი, რომელიც მხარს უჭერს თავისი არსით პროვოკაციულ იდეას „ნეიტრალური პასპორტების“ შესახებ, ჩვენი აზრით, აშკარად არ ეხმარება კონსტრუქციული ატმოსფეროს შექმნას ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე ...
ალექსანდრ ლუკაშევიჩი

სერგი კაპანაძის თქმით, ჟენევის მოლაპარაკებათა მე-20 რაუნდზე განიხილებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა მიერ ”სტატუს-ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტების” გამოყენების შესაძლებლობებიც და დაინტერესებულ მხარეებს შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდა.

თუმცა ეს საკითხი საკმაოდ პრობლემურად გამოიყურება. ბოლო დღეებში მოსკოვმა უკვე არაერთხელ დაგმო შეერთებული შტატების და, კერძოდ, სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის მიერ 5 ივნისს ბათუმში გახმაურებული ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს საშუალება ექნებათ, რომ შეერთებულ შტატებში თბილისის მიერ შეთავაზებული ”სტატუს-ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტებით” ჩავიდნენ.

7 ივნისს, მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე საუბრისას, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა განაცხადა, რომ თბილისი „დაჟინებით ცდილობს”, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მკვიდრ მოსახლეობას ქართული პირადობის მოწმობები ”მოახვიოს თავს” და რომ ამ პროცესში ვაშინგტონის მხარდაჭერა საკმაოდ დესტრუქციულად გამოიყურება:

„ვაშინგტონის ჟესტი, რომელიც მხარს უჭერს თავისი არსით პროვოკაციულ იდეას „ნეიტრალური პასპორტების“ შესახებ, ჩვენი აზრით, აშკარად არ ეხმარება კონსტრუქციული ატმოსფეროს შექმნას ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე - სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებთან დაკავშირებით.”

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში, მოსკოვმა სადავოდ აქცია კიდევ ერთი საკითხი, რაც ტერმინ „ოკუპაციას“ უკავშირდება.
7 ივნისს ჟენევაში გამართულ საინფორმაციო სესიაზე მოსკოვისა და სოხუმის წარმომადგენლები ერთობლივად გულშემატკივრობდნენ ცხინვალის ინიციატივას - განხილულიყო ტერმინ ”ოკუპაციის” საერთაშორისო სამართლებრივი ასპექტები. როგორც რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განუცხადა საინფორმაციო სააგენტო ”იტარ-ტასს”, ექსპერტების მიერ ამ განხილვაზე წარმოდგენილი განმარტებები ცხადყოფს, რომ რუსეთის ქმედებები საქართველოს ტერიტორიაზე არ წარმოადგენს ოკუპაციას და რომ თბილისი ამ ტერმინების საერთაშორისო ლექსიკონში დანერგვას სრულიად უსაფუძვლოდ ცდილობს. თუმცა საქართველოს დელეგაციისთვის უდავოა, რომ საერთაშორისო სამართალსა და საერთაშორისო თანამეგობრობას ამ საკითხთან მიმართებით სრულიად საპირისპირო დამოკიდებულება აქვს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რუსეთის ყოფნას საქართველოს ორ რეგიონში - აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში - 2011 წლის ნოემბერში ”ოკუპაცია” უწოდა ევროპარლამენტმა, ხოლო ოდნავ უფრო ადრე, კერძოდ, აგვისტოში, იმავე შინაარსის რეზოლუცია შეერთებული შტატების სენატმა მიიღო. საქართველოს ტერიტორიები ასევე ოკუპირებულად არის მოხსენიებული იმ რეზოლუციის პროექტში, რომელიც აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 7 ივნისს დაამტკიცა და ტერმინი ”ოკუპაცია” ბათუმში ყოფნის დროს, 5 ივნისს, რამდენჯერმე ახსენა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმაც.

რაც შეეხება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მომდევნო რაუნდს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 21-ე რაუნდი 3 ოქტომბერს გაიმართება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG