Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


უცხოეთის პრესაში ამ ბოლო ხანებში ხშირად იყო საუბარი საქართველოზე, უმეტესწილად, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის ვიზიტთან დაკავშირებით. ჩვენც ამ თემით დავიწყებთ.
4 ივნისს, საქართველოში კლინტონის ვიზიტის დაწყებამდე, შეერთებულ შტატებში დაფუძნებულმა გამოცემა „ნეშენლ ინტერესტმა“ გამოაქვეყნა სტატია, რომლის ავტორიცაა კავკასიის საკითხების ცნობილი ექსპერტი, თომას დე ვაალი. მისი შეფასებით, სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნიდან კლინტონის ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსათვის, რადგან იქ იწყება ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური სეზონი 2003 წლის არჩევნებით გამოწვეული მასშტაბური გამოსვლებისა და ვარდების რევოლუციის შედეგად პრეზიდენტის პოსტიდან ედუარდ შევარდნაძის გადადგომის შემდეგ.
დე ვაალი აღნიშნავს, რომ პოსტსაბჭოთა საქართველოს ბედი უკვე 20 წელია, მჭიდროდ უკავშირდება შეერთებულ შტატებს, რისი მიზეზიც ნაწილობრივ იყო ვაშინგტონთან საქართველოს ბოლო ორი პრეზიდენტის - ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის -პირადი კონტაქტები. მაგრამ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია, განაგრძობს თომას დე ვაალი, ყველანაირად ცდილობს საქართველოსთან ურთიერთობა ნაკლებად იყოს აგებული პიროვნებებს შორის ურთიერთობაზე. საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ და როცა მას, ბოლოს და ბოლოს, წელს, იანვარში, შეხვდა შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ობამამ წარმოთქვა ფრაზა „ძალაუფლების ოფიციალურად გადაცემა“, რაც, მისივე თქმით, საქართველოში მოხდება და რაც, ობამას აზრით, განამტკიცებს „უკვე განხორციელებულ რეფორმებს“.

ამის შემდეგ სტატიის ავტორი წერს სააკაშვილის ოპონენტზე, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილზე, რომლის პოლიტიკურ სცენაზე გამოსვლამაც, მისი დაკვირვებით, დიდი ენერგია შემატა ოპოზიციას და რომელიც აქტიურად იბრძვის არა მარტო თვით საქართველოში, არამედ ქართული პოლიტიკის მეორე სცენაზეც - ვაშინგტონში, ლობისტური კომპანიების მეშვეობით.

„სააკაშვილის მაცდური მესიჯი“ დასავლეთისთვის არის, თომას დე ვაალის აზრით, ის, რომ ძნელია უარი თქვა დასავლური კურსის მომხრე პარტნიორსა და მის მთავრობაზე, რომელიც ინგლისურად მოლაპარაკე ახალგაზრდებისაგან შედგება, მაშინ როცა ეს პარტნიორი ივანიშვილს წარმოსახავს კაცად, რომლის გამარჯვების შემთხვევაშიც საქართველო არჩეული კურსიდან გადაუხვევდა და ისევ რუსეთისაკენ აიღებდა გეზს. რაც შეეხება ივანიშვილის მესიჯს დასავლეთის მიმართ, ის ამბობს, რომ საგარეოპოლიტიკური კურსი არ შეიცვლება, მაგრამ საქართველოს სჭირდება მთავრობა, რომელიც უფრო პროგნოზირებადი და წარმომადგენლობითია და რომელსაც ივანიშვილი უხელმძღვანელებს.

სტატიაში, რომელიც, როგორც უკვე ითქვა, საქართველოში კლინტონის ვიზიტის დაწყებამდე გამოქვეყნდა, ავტორი აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა უახლესი მესიჯი უნდა ჩაიტანოს საქართველოში. „კარგი მესიჯის საკვანძო ელემენტების მოფიქრება საკმაოდ იოლია: ქება მთავრობის მიერ განხორციელებული პოზიტიური რეფორმების მისამართით; სააკაშვილისათვის იმის შეხსენება, რომ საქართველო მეტია, ვიდრე მარტო ის; აქცენტის გაკეთება არჩევნებისათვის თანაბარი პირობების შექმნის საჭიროებაზე - არა მარტო არჩევნების დღეს, არამედ რამდენიმე თვით ადრე; ოპოზიციის მეგობრულად წაქეზება, რომ თუ არჩევნები მეტნაკლებად სამართლიანი იქნება, უნდა შეეგუონ შედეგებს“, წერს თომას დე ვაალი სტატიაში, რომელიც გამოაქვეყნა „ნეშნლ ინტერესტმა“.

ამავე გამოცემისთვის დაწერილ პუბლიკაციაში რუსეთისა და ევრაზიის საკითხების ექსპერტი არიელ კოენიც ეხება კლინტონის ტურნეს, თუმცა საქართველოზე ის ძალიან მოკლედ წერს - აღნიშნავს, რომ კლინტონმა მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გამოვიდეს მოწოდებით, რომ მოლაპარაკებების მეშვეობით მოეღოს ბოლო რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას. კოენის შეფასებით, სახელმწიფო მდივნისთვის განსაკუთრებით რთული იქნება გამოხატოს აშშ-ის მხარდაჭერა ნატოში საქართველოს მომავალი გაწევრიანების მიმართ, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ობამას ადმინისტრაცია დაკავებულია რუსეთთან „გადატვირთვის“ პოლიტიკით.

პუბლიკაციებში, რომლებზეც აქამდე გვქონდა საუბარი, არაფერი თქმულა საქართველოში კლინტონის მიერ ჩატარებულ შეხვედრებზე, მის განცხადებებზე. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს უმეტესწილად საინფორმაციო სააგენტოებმა, მათ შორის „როიტერსმა“, რომლის კორესპონდენტიც, არშად მოჰამედი, პირველ რიგში გვიამბობს, რამდენად დატვირთული იყო კლინტონის ბოლო ტურნე. რვა დღის განმავლობაში ის ეწვია სკანდინავიის სამ ქვეყანას, სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას და თურქეთს.

სტატიის ავტორი მიმოიხილავს ყველა ამ ქვეყანაში განხილულ მთავარ საკითხებს. საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ის აღნიშნავს, კლინტონმა დიპლომატიურად მოუწოდა მთავრობას თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისკენო.

განვლილ კვირაში „როიტერსმა“ გაავრცელა კიდევ ერთი სტატია საქართველოზე. „ქველმოქმედი მილიარდერი ქართული პოლიტიკის ტრანსფორმაციას ახდენს“ - ასეა დასათაურებული პუბლიკაცია, რომელიც გაზეთმა „ჩიკაგო ტრიბიუნმა“ დაბეჭდა. ჟურნალისტი ტიმოთი ჰერიტიჯი ჭორვილაშიც ჩასულა, რათა საკუთარი თვალით ენახა ქველმოქმედი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის, მშობლიური სოფელი, შენობები და გზები, რომლებიც ჭორვილის ყველაზე სახელოვანი და შეძლებული მკვიდრის მიერ იქნა დაფინანსებული. ივანიშვილმა, როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, უკვე შეცვალა საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტიც - ჩვეულებრივ დაქუცმაცებული ოპოზიცია გააერთიანა კოალიციად და მოულოდნელად ძლიერ მეტოქედ მოევლინა პრეზიდენტ სააკაშვილს.

დაბოლოს, პუბლიკაციაზე, რომელიც 6 ივნისს გამოაქვეყნა ლონდონში გამომავალმა „ინდეპენდენტმა“. ის ეძღვნება სტალინის მუზეუმს, რომლის დასათვალიერებლადაც გორში იყო ჩასული გაზეთის კორესპონდენტი შონ უოკერი. „მუზეუმის დასათვალიერებლად ეს უჩვეულო დასაწყისია: „ეს მუზეუმი ისტორიას აყალბებს“ - წერია ბანერზე, რომელიც გორში სტალინის მუზეუმის გრანდიოზულ შესასვლელში აღუმართავთ. „ეს არის საბჭოთა პროპაგანდის ტიპიური ნიმუში და ცდილობს, მოახდინოს ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელი რეჟიმის ლეგიტიმაცია“ - ეს ბოლო ფრაზაც ბანერზე წერია მუზეუმთან, რომელიც „ინდეპენდენტის“ კორესპონდენტმა დაათვალიერა. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ სტალინის მუზეუმი მალე გადაკეთდება სტალინიზმის მუზეუმად.
XS
SM
MD
LG