Accessibility links

logo-print

„გლობალ TV“-ის სატელიტური ანტენების დემონტაჟი მოუწევს


კომპანია „გლობალ TV“-ის საქართველოს მასშტაბით დამონტაჟებული ყველა სატელიტური ანტენის დემონტაჟი მოუწევს - ამის შესახებ თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა აშშ-ის მოქალაქემ ალექსანდრ რონჟესმა, რომელიც კომპანიის 17%-იან წილს ფლობს. მისი განმარტებით, „გლობალ TV“-ის მსგავსი ვალდებულება დაეკისრა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მას შემდეგ, რაც დაკმაყოფილდა ტელეკომპანიების „რუსთავი 2“-სა და „იმედის“ სარჩელი, მათი ნებისმიერი სახით ტრანსლირების შეწყვეტის შესახებ. ალექსანდრ რონჟესმა აღნიშნა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში ტრანსლირების სრულად შეწყვეტა ფაქტობრივად, შეუძლებელია, ამიტომ სასამართლოს გადაწყვეტილების შესასრულებლად კომპანიას ყველა სატელიტური ანტენის დემონტაჟი მოუწევს. „გლობალ TV“-ის ამერიკელი მეწილის შეფასებით, ეს კომპანიის დახურვის ტოლფასი იქნება. ალექსანდრ რონჟესის განცხადებით, „გლობალ TV“-ის ხელისუფლებასთან პრობლემები მომსახურების პაკეტში ჯერ ტელეკომპანია ”მაესტროს,” შემდეგ კი მე-9 არხის ჩართვის შემდეგ შეექმნა. რონჟესმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში „გლობალ TV“-ისთან თითქმის ერთსა და იმავე დროს კონტრაქტი შეწყვიტა 50-მდე სახელმწიფო სტრუქტურამ, კომპანიას აუკრძალეს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილოება და ამ გარემოებების გამო, ბოლო დრომდე მზარდი ბიზნესი გაკოტრების საფრთხის წინაშეა. ალექსანდრ რონჟესის შეფასებით, საქართველოს მედიაში ინვესტირების თვალსაზრისით უცხოელი ინვესტორებისადმი სახელმწიფოს გზავნილი უარყოფითია. ”მე აშშ-ის მოქალაქე ვარ და ჩემს ქვეყანაში ყველაზე მეტად იმას ვაფასებ, რომ დაცულია ადამიანის ძირითადი უფლებები. ის კი, რასაც აქ ვხედავ, არღვევს ქართველი ხალხის უფლებებს”, - განაცხადა რონჟესმა. მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობა არაფერს აკეთებს სიტყვის თავისუფლების დასაცავად და კერძო ბიზნესის და შესაბამისად, ეკონომიკის განვითარების ნაცვლად ურჩევნია კომპანია გაანადგუროს.
XS
SM
MD
LG