Accessibility links

logo-print

მოსკოვში საპროტესტო აქციაზე მოითხოვეს პუტინის გადადგომა


მოსკოვში ჩატარდა მრავალათასიანი დემონსტრაცია პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მმართველობის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით. დემონსტრაცია, რომელსაც მიაკუთვნებენ „მილიონთა მარშად“ წოდებულ საპროტესტო აქციებს, დაიწყო მოსკოვის ცენტრში ათასობით ადამიანის სვლით. საპროტესტო აქციას როკკონცერტი მოჰყვა. დემონსტრანტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგეი უდალცოვმა მთავარ მიზნად დაასახელა ვადამდელი სამართლიანი და თავისუფალი საპრლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. ასეთ მოთხოვნას შეიცავს დემონსტრაციაზე მიღებული რეზოლუციაც. „მასობრივი ჩხრეკები, დაკავებები, დაპატიმრებები, სისხლის სამართლის საქმეები, მიტინგების შესახებ კანონში საშინელი ცვლილებები - ეს ყველაფერი მიმართულია ჩვენი აქტიურობის დასათრგუნველად. მაგრამ დღეს, მათს რეპრესიებზე საპასუხოდ, მოსკოვის ქუჩებში გამოვიდა 100 000-ზე მეტი ადამიანი“, - განაცხადა უდალცოვმა მოსკოვში საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას. შეფასება, რომ აქციას 100 000-მდე ადამიანი დაესწრო, მასმედიის წარმომადგენლებთან საუბარში გაიზიარა ომბუდსმენმა ვლადიმირ ლუკინმა. განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის პოლიცია - ის 18 000-მდე დემონსტრანტზე საუბრობენ. აქციას ვერ დაესწრო ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი, რომელიც პროკურატურამ დაკითხვაზე დაიბარა 6 მაისის საპროტესტო აქციაზე პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებთან დაკავშირებით. ხოლო გუშინ პოლიციამ რეიდები მოაწყო რამდენიმე წამყვანი ოპოზიციონერის, მათ შორის ილია იაშინის, სერგეი უდალცოვის, ბლოგერ ალექსეი ნავალნის და ტელეწამყვან ქსენია სობჩაკის ბინებში. პოლიცია აცხადებს, რომ მილიონი ევროს შესატყვისი უცხოური ვალუტა იქნა კონფისცირებული იაშინისა და სობჩაკის ბინების ჩხრეკის შედეგად.
XS
SM
MD
LG