Accessibility links

logo-print

"ეს შენ გეხება": სანქციათა შეფარდების პროცესი დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს


სამოქალაქო კამპანიის "ეს შენ გეხებას" ინიციატორმა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დღეს თბილისში განაცხადეს, რომ ბოლო პერიოდში პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ კონტროლის პალატის, პროკურატურისა და სასამართლოს მოქმედებები სუბიექტურობითა და არათანაბარი მიდგომით ხასიათდება. კამპანიის მონაწილეთა შეფასებით, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სანქციათა შეფარდების პროცესი დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს, რაც ხელს უშლის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევასა და დაცვის უფლების სათანადოდ განხორციელებას. სამოქალაქო კამპანიის ინიციატორები პრეზიდენტს, კონტროლის პალატას, სასამართლო ხელისუფლებას, პროკურატურას და უწყებათაშორის კომისიას მოუწოდებენ, უზრუნველყონ პოლიტიკური პროცესების სტაბილურობა და სამართლიანი წინასაარჩევნო და მედიაგარემო, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ეჭვქვეშ დადგეს მომავალი საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა. კერძოდ, ”ეს შენ გეხება”-ს ინიციატორები მიმართავენ კონტროლის პალატას, შეწყვიტოს არათანაბარი და სუბიექტური მიდგომა პარტიების მონიტორინგის პროცესში და ერთნაირი ოპერატიულობით გაარკვიოს და ადეკვატური პასუხი მოითხოვოს არა მხოლოდ ოპოზიციური პოლიტიკური ძალის, არამედ მმართველი პარტიის წარმომადგენლებისა და მხარდამჭერების სამართალდარღვევებზე. კამპანიის ორგანიზატორები მოუწოდებენ სასამართლოს, მოახდინოს საქმის გარემოებათა სრულყოფილი, ობიექტური და ყოველმხრივი გამოკვლევა, უზრუნველყოს მხარეთა თანასწორობა, მისცეს სათანადო დრო სასამართლო პროცესისთვის მოსამზადებლად და მტკიცებულებათა წარსადგენად. არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები მიმართავენ პროკურატურას, ოპერატიულად შეისწავლოს დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტები, რომლებიც მოქალაქეთა მიმართ პოლიტიკური ნიშნით ანგარისშსწორებასა და მედიის წარმომადგენლების საქმიანობისთვის ხელისშეშლას ეხება. სამოქალაქო კამპანიის ინიციატორები მიმართავენ უწყებათაშორის კომისიას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლისა და მუქარის ფაქტების გამო გასცეს შესაბამის თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის რეკომენდაციები.
XS
SM
MD
LG