Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნება" მოითხოვს გია ხუხაშვილის ბინაში მოსასმენი მოწყობილობის აღმოჩენის ფაქტის გამოძიებას


კოალიცია "ქართული ოცნება" სამართალდამცავებისგან მოითხოვს ექსპერტ გია ხუხაშვილის ბინაში მოსასმენი მოწყობილობის აღმოჩენის ფაქტის უმოკლეს ვადაში გამოძიებას და საზოგადოების სრულად ინფორმირებას. კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ გია ხუხაშვილთან ერთად 14 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას გადასცემენ დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებსაც და მათ რეაგირებას სთხოვენ. თავად გია ხუხაშვილმა აღნიშნა, რომ მისი მოსმენის მცდელობის გარდა, მომხდარია სისხლის სამართლის კიდევ ერთი დანაშაული, მოსასმენი აპარატურის დასამონტაჟებლად მეზობლის კერძო საკუთრებაში უკანონოდ შეღწევა. ”ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში მსგავს ფაქტს თავის დროზე პრეზიდენტი გადაჰყვა", - განაცხადა გია ხუხაშვილმა და განმარტა, რომ უოტერგეიტის სკანდალს გულისხმობს. მან ამავე კორპუსში მცხოვრებ სხვა პირებს, მათ შორის ირაკლი ალასანიას მიმართა, საკუთარი ბინები შეამოწმონ. ინფორმაცია გია ხუხაშვილის საცხოვრებელ ბინაში მოსასმენი აპარატურის აღმოჩენის შესახებ 13 ივნისს, საღამოს გავრცელდა.
XS
SM
MD
LG