Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის საკონსტიტუციო სასამართლო მოითხოვს პარლამენტის დათხოვნას


ეგვიპტის მედიის ცნობით, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ უკანონოდ იქნა არჩეული პარლამენტის წევრთა მესამედი, რის გამოც მოითხოვს პარლამენტის დათხოვნას. საინფორმაციო სააგენტო „მენა“ იუწყება, რომ უზენაესი საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით, „საპარლამენტო არჩევნები არაკონსტიტუციური იყო და პარლამენტის მთელი შემადგენლობა უკანონოა“. საპარლამენტო არჩევნები ეგვიპტეში გასული წლის ნოემბერში დაიწყო და სამი თვე გაგრძელდა. სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ეგვიპტის მმართველი სამხედრო საბჭო მართავს საგანგებო სხდომას, სასამართლოს გადაწყვეტილების განსახილველად. ამჟამად პარლამენტში მანდატების თითქმის ნახევარი ეკუთვნის ისლამისტთა გავლენიან გაერთიანება „მუსლიმთა საძმოს“. დღესვე საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატად მონაწილეობის უფლება აქვს აჰმედ შაფიკს. ის პრემიერ-მინისტრი იყო დამხობილი პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის მმართველობის დროს. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით უარყოფილ იქნა კანონი, რომელიც საჯარო სამსახურს უკრძალავს ყველას, ვისაც მაღალი თანამდებობა ეკავა მუბარაქის მმართველობის წლებში. ეგვიპტეში ამ შაბათ-კვირას იმართება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, რომელშიც აჰმედ შაფიკის მეტოქეა „მუსლიმთა საძმოს“ კანდიდატი, მოჰამედ მურსი.
XS
SM
MD
LG