Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გავრცელებული ცნობით, ალექსანდერ რონჟესის დაკითხვა დასრულდა


საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, საკაბელო ოპერატორ კომპანია „გლობალ TV“–ის ამერიკელი მეწილის, ალექსანდერ რონჟესის დაკითხვა ხუთ საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც რონჟესმა განცხადების გარეშე დატოვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - სადაც ის დააკავეს და დაკითხეს. „ინტერპრესნიუსი“ რონჟესის ერთ-ერთი ადვოკატის, ლილი გელაშვილის სიტყვებზე დაყრდნობით იუწყება, რომ რონჟესს კითხვები საქართველოში მის მიერ განხორციელებულ ფინანსურ ოპერაციებზე დაუსვეს. რონჟესი მეწილეა კომპანიისა "გლობალ TV", რომლის ანტენებითაც გადაიცემა ოპოზიციონერი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი "მეცხრე არხი".
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში საუბარია ალექსანდერ რონჟესის მოწმის სახით დაკითხვაზე „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით“. ფაქტის გამოძიება დაიწყო ეროვნულ ბანკთან არსებული ფინანსური მონიტორინგის სამსახურიდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რონჟესმა 2004 წელს 180 000 ლარად თბილისში შეძენილი უძრავი ქონება 2012 წლის 8 ივნისს 3,1 მილიონ ლარად მიყიდა კომპანია „ლიზინგი 21“–ს და მიღებული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი გაიტანა საბანკო ანგარიშიდან, რაც „საქართველოს კანონმდებლობითა და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებით საეჭვო ოპერაციას წარმოადგენს“. რონჟესი დააკავეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, როცა ის საპასპორტო შემოწმებას გადიოდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რონჟესის დაკითხვას ესწრებოდნენ მისი ადვოკატები, ლილი გელაშვილი და არჩილ კბილაშვილი. „ინტერპრესნიუსი“ კბილაშვილის სიტყვებსაც ავრცელებს - რომ დაკითხვა მშვიდ ვითარებაში წარიმართა და დიდხანს იმის გამო გაგრძელდა, რომ გამომძიებლებსა და რონჟესს შორის კომუნიკაცია თარჯიმნის შუამავლობით ხდებოდა.
XS
SM
MD
LG