Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცისფერყანწელთა სავსე ყანწები


ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი
ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი
ორიოდე დღის წინ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტმა „ცისფერყანწელებისადმი“ მიძღვნილ სამეცნიერო სესიას უმასპინძლა. ორი დღის განმავლობაში ინსტიტუტის თანამშრომლებმა და მიწვეულმა მეცნიერებმა ვრცლად ისაუბრეს ცისფერყანწელთა შემოქმედების შესახებ, მათ როლზე ქართული კულტურის განვითარებასა და ლიტერატურის მოდერნიზაციაში. სესიის მონაწილეებმა ასევე გვერდი ვერ აუარეს იმ გარემოსა და ეპოქის აღწერას, რომელშიც ცისფერყანწელებს მოუწიათ მოღვაწეობა.

1916 წელს ჟურნალ „ცისფერ ყანწებში“ პოეტი ტიციან ტაბიძე წერდა: „აშკარაა, ევროპა შემოაღებს კარებს და ამ დროს ჩვენ უნდა დავხვდეთ შეჭურვილი ეროვნული შემეცნებით, რომ იყოს მთავარი მორგვი, რომელზედაც მოეხვევა ახალი იდეები. მაშინ იქნება ნამდვილი რენესანსი და ამ ეროვნული აღორძინების სადღეგრძელოს სრულიად სერიოზულად ვსვამ ‘ცისფერი ყანწებითო’“. როგორც ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი, პროფესორი თამარ ბარბაქაძე ამბობს, დრომ აჩვენა, რომ ტიციან ტაბიძეს ეს სადღეგრძელო ტყუილად არ შეუსვამს. ვაჟა-ფშაველასა და აკაკი წერეთლის სიკვდილის შემდეგ პროვინციალიზმის ჭაობში ჩაფლული ქართული ლიტერატურისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელ მოვლენას - მოდერნიზმს - სწორედ „ცისფერი ყანწების“ ძალისხმევით ჩაეყარა საფუძველი:

„ძირთიადი ამოცანა, რაც მათ ჰქონდათ დასახული, - ქართული პოეზიის გამართვა მსოფლიო რადიუსით, ანუ ევროპული პოეზიის სიახლეების ათვისება და შემოტანა, ქართული ტრადიციული პოეტური სახეების განახლება ევროპული მხატვრული სახეებითა და ტექნიკური სიახლეებით, - ეს ყველაფერი მართლაც შეძლეს.“

ქართველი სიმბოლისტები, თავიანთი აზროვნებიდან გამომდინარე, არ ეწერებოდნენ და ვერ ახერხებდნენ ცხოვრებასთან ადაპტაციას ...
ქეთევან ელაშვილი

პოეტების სიმბოლისტური სკოლა, უცნაური სახელწოდებით „ცისფერი ყანწები“, ტიციან ტაბიძემ და მისმა მეგობრებმა ქუთაისში 1915 წელს ჩამოაყალიბეს. ორდენის წევრი პოეტი კოლაუ ნადირაძე მოგვიანებით „ლიტერატურული საქართველოს“ ფურცლებზე იხსენებდა, რომ მიიღეს მტკიცე გადაწყვეტილება, ებრძოლათ მოზღვავებული „პოშლიაკობის“ წინააღმდეგ. „ქართული ლექსი გახდა გემოვნების დაცემისა და საოცარი ჩამორჩენილობის მაჩვენებელი. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს რუსთაველი უფრო თანამედროვე პოეტი იყო, ვიდრე აკაკის მიმბაძველ პოეტთა ლეგიონიო“. ამგვარი განწყობის გათვალისწინებით, როგორც ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ქეთევან ელაშვილი ამბობს, გასაკვირი არ არის საზოგადოების დიდი ნაწილის ნეგატიური დამოკიდებულება პოეტური ორდენის წევრების მიმართ:

„ქართველი სიმბოლისტები, თავიანთი აზროვნებიდან გამომდინარე, არ ეწერებოდნენ და ვერ ახერხებდნენ ცხოვრებასთან ადაპტაციას. ეს იყო რაღაც სულიერი ნახევარკუნძული, სადაც იყენებდნენ თავიანთ ენასა და აზროვნების სტილს.“

ქეთევან ელაშვილის თქმით, ცისფერყანწელთა ყველაზე მნიშვნელოვანი ალუზიები, დაკავშირებული ცისფერთან, ნოვალისის ცისფერი ყვავილიდან მოდის. ფერის ფსიქოლოგიიდან გამომდინარეც, ლურჯი, როგორც აბსოლუტური სიმყუდროვის, სულიერი სიმშვიდის ფერი-სიმბოლო, ვერ იმუშავებდა ცისფერყანწელებთან:

„ცისფერ ფერში არის რაღაც გარკვეული ამორფულობა, რაღაცნაირი შინაგანი დაქსაქსულობა. ცისფერი - ლურჯში შესული ეს ჭარბი სითეთრე, რომელსაც გაბაცებისა და ტონალობის გაფერმკრთალებისაკენ მიჰყავს, ამან შეიძლება ჩვენი ოცნებაც გააფერმკრთალოს. ნახეთ იგივე ვალერიან გაფრინდაშვილი, დეკლარაცია „ახალი მითოლოგია“ - ეს არის 1922 წელს დაბეჭდილი წერილი: „მთელი რომანტიზმი ქრისტიანობით არის წარმოშობილი. ძიება ცისფერი ყვავილისა“. აი, თუნდაც ძალიან მნიშვნელოვანია ერთი ფრაგმენტი კოლაუ ნადირაძის ლექსიდან: „როცა მუზები მირწევენ აკვანს და ცისფერ ყვავილს ჩემს გულში რგავენ“.

კოლაუ ნადირაძე, „მე მიყვარს დილა“, ფრაგმენტი:

„მე მიყვარს დილა, როცა მარჯანი გადაეფრქვევა მეტეხის კარებს,
მე მიყვარს დილა, როდესაც სიონს მტრედების გუნდი დააფრინდება,
როდესაც მტკვარი გახდება ლურჯი და როგორც ცრემლი დაიწმინდება...“ –

კალაუ ნადირაძის ამ ლექსში მტკვარიც კი ლურჯი ფერისაა. სიმბოლისტთა ამგვარი ესთეტიკა და მთლიანად მათი შემოქმედება (მიუხედავად იმისა, რომ მემარცხენე და ანტიბურჟუაზიული იყო) მიუღებელი აღმოჩნდა ხელისუფლებაში მოსული ბოლშევიკებისათვის. პროფესორ ბელა წიფურიას თქმით, ცისფერყანწელები მწირი არჩევანის წინაშე დადგნენ:

ისეთ ავტორიტარულ სახელმწიფოში, როგორიც მაშინდელი საქართველო იყო, ყელაფერს ერთი ადამიანი წყვეტდა. ეს იყო ბერია. ერთ-ერთი წვეულების დროს ითქვა ბერიას სადღეგრძელო ...
ილამაზ მიწიშვილი

„20-იანი წლების ბოლოს უკვე აღარ იწერება მოდერნისტული პროდუქცია, აღარც ავანგარდისტული ტექსტები და ცისფერი ყანწებიც ვეღარ წერენ შესაბამისი მოდერნისტული სულისკვეთების ტექსტებს. ისინი წერენ უკვე მეტ-ნაკლებად მისაღებ ნაციონალური შინაარსის ტექსტებს, რომელშიც პირდაპირ არ იკითხება საბჭოთა სინამდვილესთან დაპირისპირება, ანუ კოდები არის ჩადებული, და დღეს შეგვიძლია წავიკითხოთ, მაგრამ ეს პირდაპირ არ ჩანს ამ ტექსტებში, თუმცა იწერება უკვე კომპრომისული ხასიათის ტექსტები და 30-იანი წლებიდან ნათლად ჩანს ეს ტენდენცია, ანუ ჩნდება ტექსტები, რომელიც ატარებს საბჭოთა იდეებს ლიტერატურულ პროდუქციაში.“

თუმცა გადარჩენისათვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. 1932 წელს სტალინის მითითებით გაუქმდა ყველა ლიტერატურული გაერთიანება და შეიქმნა ერთი - საბჭოთა მწერალთა კავშირი, მოგვიანებით კი 30-იანი წლების ტერორს შეეწირნენ ცისფერყანწელები ტიციან ტაბიძე, ნიკოლო მიწიშვილი, პაოლო იაშვილი. ილამაზ მიწიშვილი, მწერალ ნიკოლო მიწიშვილის შვილი, იხსენებს:

„ისეთ ავტორიტარულ სახელმწიფოში, როგორიც მაშინდელი საქართველო იყო, ყელაფერს ერთი ადამიანი წყვეტდა. ეს იყო ბერია. ერთ-ერთი წვეულების დროს ითქვა ბერიას სადღეგრძელო. ნიკოლომ დემონსტრაციულად უარი თქვა დალევაზე. ეს გაიგო ბერიამ და დაემუქრა, ციხეში ამოგალპობო. 1937 წლის 2 ივნისს დააპატიმრეს, 13 ივლისს კი დახვრიტეს.“

თუმცა ბერიასთან დაპირისპირება მხოლოდ საბაბად შეიძლება მივიჩნიოთ. პროფესორ ლევან ბრეგაძის თქმით, უმთავრესი იდეოლოგიური შეუთავსებლობა იყო:

„უცნაური რაღაც მოხდა: სახელმწიფო, რომელიც სიტყვით ქადაგებდა მემარცხენეობას ხელოვნებაში, მემარჯვენე ესთეტიკის პოზიციებზე გადავიდა, ანუ ყველა ის შემოქმედი, ვისაც უნდოდა შეეცვალა ის, რაც არ მოსწონდა და შეიძლება არც ვარგოდა ძველად, ისინი მოიძულა. თუ რადიკალურად იცვლება სოციალური წყობა, ვერც ხელოვნების ფორმები ვერ დარჩება უცვლელი! როგორ დარჩება? ისიც უნდა აჰყვეს მას და როგორც კი აჰყვა ხელოვნება ამ პროცესებს, მაშინვე მოსხიპეს ეს ყოველივე!“

ცხადია, მოსხიპეს ცისფერყანწელებიც, მაგრამ დარჩა შემოქმედება, მათ შორის ტიციან ტაბიძის „დადაისტური მადრიგალები“ - სავსე აბსურდითა და ეპატაჟით, რაც, პროფესორ ლევან ბრეგაძის თქმით, დღემდე აღაფრთოვანებს ახალი თაობის წარმომადგენლებს.

"უჟმური კვირა":

„შემიძლია დავიჩემო, რომ სიზარმაცის
ნამდვილი ღმერთი ვარ.
და თუ ამას დაემატება,
რომ ლოთობა ჩემი სტიქიაა –
ჩემზე ეროვნული პოეტი
არ ყოფილა საქართველოში.“

„ორპირის ოქროპირი“:

„ნეტავ მე ისე მიყვარდეს პოეზია
ან თვითონ ორპირი,
დედაჩემს რომ უყვარს მეწველი ძროხა
(შენ, ვინც ამაზე გაიცინებ,
ვიცი, შვილიც ისე არ გიყვარს)“.

ლევან ბრეგაძე: „რა ღირებულება აქვს ამგვარ პოეზიას დღეისათვის? ასეთი პოეზია ერთობ კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს მკითხველზე ახალგაზრდულ ასაკში, რაც ბუნებრივია. ახალგაზრდა კაცს აქვს სულიერი დისკომფორტი. ახალგაზრდა კაცს, რომელიც თავს იმკვიდრებს და იწყებს ცხოვრებას, ბევრი რამ, რაც მას დახვდა ტრადიციული, აღიზიანებს, ხელის შემშლელად მიაჩნია. ამგვარი ტექსტების კითხვისას კი შვებას გრძნობს, ანუ მეცნიერული ენით რომ ვთქვათ, კათარსის იწვევს მასში და, ახალგაზრდული ჟარგონის ენაზე რომ ვთქვათ, ასწორებს!“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG