Accessibility links

logo-print

ისლამისტები: ეგვიპტეს „საშიში დღეები“ დაუდგება


ეგვიპტეში მუსლიმთა საძმო აცხადებს, რომ ქვეყანას „საშიში დღეები“ ემუქრება მას შემდეგ, რაც უზენაესმა საკონსტიტუციო სასამართლომ დაშალა ახლადარჩეული პარლამენტი, რომელშიც დომინანტურ ძალას ისლამისტები წარმოადგენდნენ. სასამართლომ - რომელიც დაკომპლექტებულია ყოფილი პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის მიერ დანიშნული მოსამართლეებით - ასევე განაცხადა, რომ არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატად მონაწილეობა შეუძლია აჰმედ შაფიკს, რომელიც პრემიერ-მინისტრი იყო მუბარაქის მმართველობის დროს. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით უარყოფილ იქნა კანონი, რომელიც საჯარო სამსახურს უკრძალავს ყველას, ვისაც მაღალი თანამდებობა ეკავა მუბარაქის მმართველობის წლებში. ეგვიპტეში ამ შაბათ-კვირას იმართება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, რომელშიც აჰმედ შაფიკის მეტოქეა „მუსლიმთა საძმოს“ კანდიდატი, მოჰამედ მურსი. ანალიტიკოსების აზრით, სასამართლოს გადაწყვეტილებები ეგვიპტის დემოკრატიულ მოძრაობას ფაქტობრივად 16 თვის წინანდელ ვითარებაში აბრუნებს - როცა მუბარაქის რეჟიმი სახალხო ამბოხებით დამხობილ იქნა და ხელისუფლება სამხედროებმა გადაიბარეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი ეგვიპტის დროებით სამხედრო მმარველებს მოუწოდებს უერთგულონ რეფორმებს.
XS
SM
MD
LG