Accessibility links

logo-print
კვირის დასაწყისი

მოკლედ, ასე გადაწყდა: "ქართული ოცნების" ლიდერი ზუსტად იმდენ მილიონს გადაიხდის, რამდენ მხარდამჭერსაც გამოიყვანს დემონსტრაციებზე. ხელისუფლებამ, როგორც ყოველთვის, უაღრესად საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო: ერთი დემონსტრანტი = ერთ მილიონს. ასეთი დაფასება, ფაქტია, არასდროს რგებია რიგით მოქალაქეს! თუმცა გაჩნდა მოსაზრება, რომ თბილისისგან განსხვავებით, ორ მილიონად შეფასდეს ქუთაისში გამოსული დემონსტრანტი. ჯერ ერთი, იმიტომ რომ ქუთაისში უფრო ცხელა, ვიდრე თბილისში და, შესაბამისად, თაკარა მზის ქვეშ მდგომი ქუთაისელი დემონსტრანტი უფრო ცოდოა, ვიდრე თაკარა მზის ქვეშ მდგომი თბილისელი დემონსტრანტი! და მეორეც, რაკი ქუთაისში იშვიათად ტარდება მიტინგები, მომიტინგეც უფრო ძვირად უნდა იქნას შეფასებული.

მერე ჭყლეტა... იმდენი ხალხი იყო, სრულიად შეუძლებელი გახდა განძრევა; დემონსტრანტები უადგილობის გამო ეკვროდნენ ერთმანეთს! ესეც ჯარიმა! კეთილი ინებე და იმ რაოდენობის ხალხი გამოიყვანე მიტინგზე, საკმარისად რომ მოგრჩეს ცარიელი სივრცე! სუნთქვა ხომ უნდა შეეძლოს საპროტესტო მასას!


კვირის შუაწელი

განა დღესავით არაა ნათელი, რომ ”გლობალ-TV”-ის არხები "ქართული ოცნების" პოლიტიკურ გამარჯვებას უზრუნველყოფდნენ? ისეთნაირად არჩევდნენ თუნდაც მხატვრულ ფილმებს, რომ ყურადღებიანი მოქალაქე საშინლად უხერხულად გრძნობდა თავს... აბა, "ტერმინატორს" რომ გაუშვებ, "ზლოი, პლახოი, ხაროშის", "კერკეტ კაკალ-1"-ს და "რემბო-2"-ს, ხომ ფაქტია, რომ წარსულში გინდა ქვეყნის დაბრუნება - ოდინდელი "ვიდეო-ვიდეოსა" და "ნაშუადღევის" ეპოქაში... ხომ ფაქტია, რომ ამით პოლიტიკურ მიზანს ემსახურები? ანდა "ევროსპორტი" ავიღოთ! თქვენ გგონიათ, ტყუილად აჩვენებდნენ ჰოკეის? გავიხსენოთ, სადაა ჰოკეი ყველაზე პოპულარული? ცხადია, რუსეთში! მგონი, ყველაფერი აშკარაა...


კვირის ბოლო

მაგრამ არა უშავს, მილიონები დაიდება და ბაგრატის ტაძარიც აშენდება. აგერ, უკვე ბეტონიც ჩაასხეს, ლიფტებიც მიაშენეს და ახლა ხელისუფლებისა და ეკლესიის ესთეტიკურ-იდეოლოგიური ერთობის სიმბოლოს - მოცინარ-მტირალ შადრევანსაც ჩარგავენ! ბაგრატს ზედ დაედგმება შუშის თაღოვანი კონსტრუქცია და ტანკ-ლაზიკას მსგავსი ფორმის გუმბათი; ბაგრატიდან გელათამდე გაიდება რკინის (ფერადი და მოცეკვავე) ხიდი და მადლიერი მრევლიც ნეტარებით მოილოცებს პრეზიდენტისა და საპატრიარქოს სახელზე!
XS
SM
MD
LG