Accessibility links

logo-print

მექსიკაში "დიდი ოცეულის" სამიტი იხსნება


მექსიკაში დღეს "დიდი ოცეულის" სამიტი იხსნება. თეთრი სახლის პრესსამსახურის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ქალაქ ლოს-კაბოსში ორდღიან სამიტზე დასასწრებად უკვე გაემგზავრა. სამიტის ფარგლებში დაგეგმილია ბარაკ ობამას შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. ეს იქნება პირველი შეხვედრა პუტინის კრემლში დაბრუნების შემდეგ და უშუალოდ "ოცეულის" სამიტის წინ გაიმართება. არსებული ინფორმაციით, აუდიენცია, დაახლოებით ნახევარ საათს გასტანს და მხარეები ორმხრივ ურთიერთობებსა და საერთაშორისო პრობლემებზე იმსჯელებენ. მათ შორის, მთავარი თემები იქნება ავღანეთი, ირანი და სირია. "ჩვენ რუსეთთან ბევრი საერთო საქმე გვაქვს, მათ შორის მუშაობა ავღანეთსა და ირანთან დაკავშირებით. რასაკვირველია, რჩება უთანხმოება სირიის საკითხში და ეს იქნება კარგი შესაძლებლობა, პრეზიდენტებისთვის განიხილონ და გადაწყვიტონ პრობლემატური საკითხები", - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა. კრემლის პრესსამსახური კი იუწყება, რომ ბარაკ ობამასთან შეხვედრაზე ვლადიმირ პუტინი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების საკითხს დასვამს.
XS
SM
MD
LG