Accessibility links

logo-print

პოპულიზმისა და ცრუ დაპირებების თემა პარლამენტში


პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი (მარცხნივ) და პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი (მარცხნივ) და პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოების ფონზე, საგაზაფხულო სესიის მიწურულს, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გაჩაღებული დებატები სულ უფრო მწვავე ხასიათს იღებს. 19 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა და ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ერთმანეთი წინასაარჩევნო პოპულიზმსა და ამომრჩეველთა მოტყუებაში დაადანაშაულეს.

”ჩემპიონი პოპულიზმის შეჯიბრში” - ასე უწოდა პრეზიდენტს „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი თარგამაძემ 19 ივნისის სხდომაზე და იქვე დასძინა, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ სახის ჩემპიონობას საქართველოში წლების მანძილზე უცვლელად ინარჩუნებს. „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის თქმით, საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას პრეზიდენტი სააკაშვილი ”საკუთარი თავის ოპოზიციონერობას თამაშობს” და მკაცრად აკრიტიკებს საკუთარი გუნდის მიერვე დაშვებულ შეცდომებს.

ფაქტია, რომ გიორგი თარგამაძის მიერ 19 ივნისს გამოხატული გაღიზიანება პრეზიდენტის 15 ივნისის გამოსვლას უკავშირდება, როცა მან ეროვნული ბანკის შენობის წინ პოპულიზმზე საუბრისას პირდაპირ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ მაგალითი მოიყვანა:

”ქრისტიან-დემოკრატები ყოველდღე ახალ რაღაცას ჰპირდებიან ხალხს და რომ დავითვალე, რას დაჰპირდნენ ბოლო ერთ კვირაში, კინაღამ ავიღე ყურმილი და დავურეკე გიორგი თარგამაძეს ... დაახლოებით უკვე 10 მილიარდის თამასუქები აქვთ გაცემული. ასე ვერ წავალთ შორს.”

როგორც გიორგი თარგამაძემაც თქვა, 10 მილიარდი შეიძლება დაჯდეს ეს ”მიშაპოლისი”, ეგრეთ წოდებული ლაზიკა ...
პრეზიდენტ სააკაშვილის ამ სიტყვებმა, როგორც ჩანს, მთელი „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ აღაშფოთა და ეს პარლამენტის 19 ივნისის სხდომაზეც კარგად გამოჩნდა. მაგალითად, დეპუტატმა გიორგი ახვლედიანმა ჩამოთვალა ხელისუფლების შეუსრულებელი დაპირებები თუ გასაკეთებელი არაერთი საქმე, რომელთა გაკეთებაც სულაც არ მოითხოვს მილიარდებში დასათვლელ ხარჯებს:

”ძალიან მაინტერესებს, დევნილებისთვის გადაცემული ბინების დაკანონება 10 მილიარდი ჯდება? საერთოდ არაფერი ჯდება მათთვის ამ ბინების დაკანონება... უკაცრავად, მაინტერესებს, 10 მილიარდი ჯდება 100 კვტ.სთ ელექტროენერგია რომ მივცეთ დევნილებს უფასოდ (რა შეღავათითაც სარგებლობდნენ და რაც ყველაზე ხელშესახები და რეალური შეღავათი იყო), რომ მთელი ზამთარი ამ ხალხმა, შვილებთან ერთად, (სახლში) პალტოებში არ გაატაროს?! არ ჯდება ეს 10 მილიარდი. როგორც გიორგი თარგამაძემაც თქვა, 10 მილიარდი შეიძლება დაჯდეს ეს ”მიშაპოლისი”, ეგრეთ წოდებული ლაზიკა.”

საქართველოს პარლამენტის სხდომა

საქართველოს პარლამენტის სხდომა

ხელისუფლების პოპულისტურ შესაძლებლობებზე, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ გარდა, 19 ივნისის საპარლამენტო სხდომაზე ფრაქციის ”ერთობა სამართლიანობისთვის” წარმომადგენლებიც ლაპარაკობდნენ. მაგალითად, ფრაქციის თავმჯდომარემ, დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ, აქცენტი გააკეთა ტყიბულის რაიონზე, სადაც ის სულ ახლახან იმყოფებოდა და, ჩამოთვლილი არაერთი მძიმე პრობლემის პარალელურად, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზეც ილაპარაკა. დეპუტატმა თქვა, რომ ტყიბულის საავადმყოფოში ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ საჩვენებლად მიყვანილი ქალბატონის ბედს, სამწუხაროდ, ვერ იზიარებენ რიგითი ავადმყოფები:

”ეს ქალბატონი ერთადერთი და განუმეორებელი აღმოჩნდა... იმ საავადმყოფოში მეც მივყევი რამდენიმე ქალბატონს - იმავე ასაკისას, იმავე სოციალური დაზღვევით თუ ჯანმრთელობის დაზღვევით მოსარგებლეს, მაგრამ მათ არანაირი შესაძლებლობა არ ჰქონდათ, რომ პოლისით ესარგებლათ, აეღოთ ელემენტარულად ანალიზები, რათა შემდგომში უკვე დიაგნოზის მიხედვით მკურნალობა გაეგრძელებინათ. მკურნალობა - ეს ხომ ფანტასმაგორიაა, ეს ხომ წარმოუდგენელია ტყიბულის ვითარებაში.”

ისევე როგორც ეს ფრაქცია ”ბალალაიკა”, სხვა ფრაქციები ახლა დაკავებული იქნებიან სულ უფრო და უფრო მეტი სოციალური პოპულიზმით და ისეთი დაპირებების გაცემით, რომლებიც აღუსრულებელია; მაგრამ ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს ...

დიმიტრი ლორთქიფანიძის შენიშვნების დიდ ნაწილს ტყუილი უწოდა ტყიბულელმა დეპუტატმა, უმრავლესობის წარმომადგენელმა პავლე კუბლაშვილმა. ის ფიქრობს, რომ, მართალია, აღმოსაფხვრელი პრობლემა კვლავაც საკმაოდ ბევრია და სამუშაოებიც გრძელდება, მაგრამ ტყიბულელი ამომრჩევლების შეცდომაში შეყვანასა და ასეთ პოპულიზმს ნამდვილად არ უნდა კადრულობდნენ დეპუტატი ლორთქიფანიძე და მისი თანამოაზრეები.

ზოგადად კი, საკმაოდ გრძელია ჩამონათვალი იმ საკითხებისა, თუ კიდევ რას არ უნდა კადრულობდეს, უმრავლესობის წარმომადგენელთა აზრით, ფრაქცია ”ერთობა სამართლიანობისთვის”. ამ კონტექსტში ხშირად აღინიშნება, რომ ფრაქციის ინტერესები პირდაპირ არის მიბმული პოლიტიკური კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერის ბიძინა ივანიშვილის დიდ ფულთან, რაც, თავის მხრივ, კრემლთან არის კავშირში. დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა ამ ფრაქციას ახალი სახელი - ”ფრაქცია ბალალაიკა” - უწოდა, ხოლო, მთლიანობაში, ოპოზიციას ოქტომბრის არჩევნებზე სრული კრახი უწინასწარმეტყველა:

”ისევე როგორც ეს ფრაქცია ”ბალალაიკა”, სხვა ფრაქციები ახლა დაკავებული იქნებიან სულ უფრო და უფრო მეტი სოციალური პოპულიზმით და ისეთი დაპირებების გაცემით, რომლებიც აღუსრულებელია; მაგრამ ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს, რომ თქვენი პოლიტიკური დეკადანსის მოახლოება, თქვენი პოლიტიკური დაცემის მოახლოება ბადებს სწორედ, აი, ამ არარაციონალურ აზროვნებას. ხოლო არარაციონალურ აზროვნებასა და ქვეყნის ბედზე მოფიქრალ ადამიანებს შორის არჩევანი იქნება ის, როგორიც უნდა იყოს. ელოდეთ იმას, რომ ოქტომბერში, როგორც ადრეც გითხარით, ქართველი ხალხი გამოგიტანთ განაჩენს.”

უმრავლესობის წარმომადგენელთა აზრით, ოპოზიცია შეგნებულად იბრმავებს თვალს და შეგნებულად არ ხედავს პროგრესს, რომელიც წლების მანძილზე მიღწეულია საქართველოში და რაც აღიარებულია როგორც ევროკავშირის, ასევე ნატოსა და შეერთებული შტატების მიერ. უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ამ პროგრესს კარგად ხედავს ქართველი ხალხი და რომ მმართველი პარტიის სამომავლო გამარჯვებას წინ ვერაფერი დაუდგება. არჩევნებში გამარჯვების სრული რწმენა 15 ივნისს, ბანკირების წინაშე გამოსვლისას, პრეზიდენტმა სააკაშვილმაც გაახმიანა.

თუმცა ოპონენტები ხელისუფალთა ასეთ პროგნოზებს ნაჩქარევად და უსაფუძვლოდ მიიჩნევენ ”ქართული ოცნების” მიერ თბილისსა და რეგიონებში გამართული მრავალათასიანი აქციების ფონზე.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG