Accessibility links

logo-print
18 ივნისს რუსეთში გამომავალმა ყოველკვირეულმა ჟურნალმა „კომერსანტ ვლასტმა“ მკითხველს ორი ვრცელი ინტერვიუ შესთავაზა. ჟურნალისტ ოლგა ალიონოვას რესპონდენტები საქარველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე და კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი დავით ბერძენიშვილი იყვნენ. „ივანიშვილის დაპირება წმინდა წყლის პოპულიზმია“ - ასეთი სათაური აქვს წამძღვარებული კახა ბენდუქიძესთან ინტერვიუს, რომელშიც ყოფილი მინისტრი ბიძინა ივანიშვილის პროგრამის ეკონომიკურ ნაწილზე მსჯელობისას ამბობს: პენსიების გასაზრდელად 700 მილიონი ლარია საჭირო, ყველა მოქალაქის დასაზღვევად კიდევ - 700 მილიონი, 1 მილიარდი ლარი - სოფლის მეურნეობის ინვესტიცირებისთვის. გამოდის, ჯამში, ბიუჯეტის ხარჯი 2 მილიარდ 400 ათასი ლარით უნდა გაიზარდოს! საიდან მოგვაქვს ასეთი თანხა? ცხადია, ბიუჯეტის დეფიციტის, ანუ სახელმწიფო ვალის ხარჯზე“, ამბობს ბენდუქიძე, რომელსაც სოფლის მეურნეობაში მილიარდი დოლარის თუ ლარის ინვესტიციის ჩადებაც პოპულიზმის ნაწილად მიაჩნია, რადგანაც 700 ათასი წვრილი გლეხური მეურნეობისთვის ამ ფულის მიცემით რეალურად არაფერი შეიცვლება. „ფული დაიხარჯება, თუმცა კრედიტის უკან დამბრუნებელი არავინ იქნება“, ასკვნის კახა ბენდუქიძე.

ყოფილ მინისტრს ივანიშვილის დაპირება პენსიების გაზრდის შესახებაც წმინდა წყლის პოპულიზმად მიაჩნია: „პოლიტიკური კონკურენცია დაემსგავსა კონკურენციას აუქციონზე: ვინ უფრო დიდ თანხას და ხმამაღლა დაიძახებს. მაგალითად, მთავრობა ამბობს, დავაზღვევ ყველა პენსიონერს, სოციალურად გაჭირვებულ ადამიანსა და 5 წლამდე ასაკის ბავშვებს. პასუხად ოპოზიცია აცხადებს, რომ ჩვენ ვიზამთ ისე, რომ ყველას ჰქონდეს დაზღვევაო“.

ბენდუქიძის ვარაუდით, ივანიშვილი კი არ დაიბარეს კრემლში, არამედ, პირიქით, შესაძლოა, ივანიშვილი თვითონ მივიდა და თქვა, შემიძლია ვითარების მართვა და თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებო. ძალაუფლებისათვის ბრძოლა იქით იყოს და, კახა ბენდუქიძე ივანიშვილის პოლიტიკაში ჩაბმის ერთ-ერთ ვერსიად რუსეთიდან აქტივების გამოხსნას განიხილავს. „სხვანაირად, რამდენიმე თვეში სხვა ქვეყნის წარმომადგენლისათვის რუსეთში მილიარდობით დოლარის ქონების საბაზრო ფასში გაყიდვა წარმოუდგენელია“, მიაჩნია ბენდუქიძეს, რომელიც, ეკონომიკურის გარდა, პოლიტიკურ საკითხებსაც ეხება. კერძოდ, ის ლაპარაკობს იმაზე, რომ ივანიშვილმა დიდი თანხის სანაცვლოდ ვაშინგტონში სამი ლობისტური ჯგუფი დაიქირავა, რაც, მისი აზრით, იმაზე მეტყველებს, რომ ივანიშვილს სჯერა, რომ საქართველოში არჩევნების ბედი ამერიკაში წყდება. ბენდუქის თქმით კი, ვაშინგტონი სხვანაირადაა მოწყობილი. შეიძლება ვინმე მოსწონდეთ ან არ მოსწონდეთ, მაგრამ არავის შეცვლიან. „იქ არ არსებობს ხელისუფლების ვერტიკალი. სასაცილოა გეგონოს, რომ ვაშინგტონი მოწყობილია როგორც კრემლი, ობამა კი ისეთივე უფროსია, როგორიც გორბაჩოვი იყო.“ კახა ბენდუქიძესთან ინტერვიუს „კომერსანტ ვლასტში“ წაიკითხავთ. აქვე ნახავთ ინტერვიუს, სათაურით: „ეს რეალურია იმიტომ, რომ ივანიშვილს ბევრი ფული აქვს“, რომლის შესავალ ნაწილში კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი და რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი, ხაზს უსვამს ბიძინა ივიანიშვილის ქველმოქმედების მასშტაბებსა და ფინანსურ სიძლიერეს, რომ, ჟურნალ „ფორბსის“ მონაცემებით, ივანიშვილის ქონება 6,3 მილიარდ დოლარს აღემატება, თუმცა ბერძენიშვილი იქვე შენიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ კანონში შეტანილი ცვლილელების გამო, ივანიშვილსა და ოპოზიციურ პარტიებს არ ეძლევათ საშუალება მოიზიდონ სახსრები პოლიტიკური საქმიანობის დასაფინანსებლად. კანონში შეტანილი ცვლილებით, იურიდიულ პირებს საერთოდ აეკრძალათ პარტიების დაფინანსება.

დავით ბერძენიშვილს არ აშფოთებს ის, რომ, ჟურნალისტის სიტყვებით, ივანიშვილმა ფული გასული საუკუნის 90-იან წლებში იშოვა, ანუ მაშინ, როცა რუსეთში კანონიერად ფულის შოვნა ჭირდა. დავით ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ ივანიშვილს ხელები სისხლში არ აქვს გასვრილი და ის ამაში დაარწმუნეს იმ რუსმა პოლიტიკოსებმა, რომლებსაც პირადად იცნობს და ენდობა.

შეკითხვაზე, რატომ გადაწყვიტა ყველასათვის მოულოდნელად ივანიშვილმა პოლიტიკაში წასვლა, როცა ის წლების განმავლობაში აფინანსებდა სახელისუფლებო პარტიას, ჯარს, პოლიციას, ბერძენიშვილმა უპასუხა: „მას აქვს მოტივაცია. ადამიანი 50-ს გადასცილდა, მიაღწია ყველაფერს, მაგრამ იცხოვრა როგორ უჩინმაჩინმა. ახლა კი მეტი სწადია, კვალის დატოვება უნდა. დავრწმუნდი, რომ ის ქართველი პატრიოტია. მან ზეპირად იცის ბევრი ქართული ლექსი, კარგი განათლება აქვს მიღებული. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის ღარიბული ოჯახიდანაა და 12 წლიდან მუშაობს, ყველაფერს მიაღწია.“

დავით ბერძენიშვილი ინტერვიუს მსვლელობისას ყურადღებას ამახვილებს ივანიშვილის სოციალურ პროგრამაზე, რომლის განსახორციელებლად 800 მილიონი ლარია საჭირო. „ეს რეალისტურია იმიტომ, რომ ივანიშვილს ბევრი ფული აქვს“, ამბობს ბერძენიშვილი, რომლის თქმითაც, სოფლის მეურნეობის ასაღორძინებლად ბიძინა ივანიშვილი ერთი მილიარდი დოლარის დახარჯვას აპირებს. მისი თქმით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გლეხებს საშუალება ექნებათ ბანკებიდან დაბალი პროცენტით კრედიტები აიღონ.
XS
SM
MD
LG