Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედია და ხელისუფლების შეცვლილი პოზიცია


იმის დემონსტრირებისთვის, რომ სრულად აცნობიერებს მაქსიმალურად გავრცელებული ინფორმაციის როლს წინასაარჩევნო პერიოდში, ხელისუფლება პოზიციას იცვლის და ”მასთ ქერის” პრინციპის მიღებაზე თანხმდება. თუმცა ეს სწორედ ის საკითხია, რაზეც სამოქალაქო საზოგადოებამ მანამდე არაერთი უარი მიიღო იმავე ხელისუფლების მხრიდან. პარალელურად, ხელისუფალთა განმარტებით, კომპანია ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” ანტენების დაყადაღების თემას საერთო არაფერი აქვს მედიის ხელმისაწვდომობასთან, თუმცა ასე არ ფიქრობენ სამოქალაქო კამპანია ”ეს შენ გეხებაში” გაერთიანებული ორგანიზაციები. სამოქალაქო სექტორი დიდი ყურადღებით აკვირდება დაყადაღებულ კომპანიასთან დაკავშირებულ პროცესებს.
საკაბელო ტელევიზიებისთვის დაკისრებული სატრანზიტო ვალდებულება, რაც საერთაშორისო პრაქტიკაში ”მასთ ქერისა” და ”მასთ ოფერის” (must carry, must offer) პრინციპების სახელით არის ცნობილი, საქართველოშიც რომ დამკვიდრდება, ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ, 22 ივნისს საზოგადოებას ნაციონალური ტელეარხების საშუალებით აცნობა:
”ინიციატივის კონკრეტული შინაარსია, რომ ყველა სატელევიზიო არხს საქართველოში ჰქონდეს წვდომა მაყურებელთან ყველა მოქმედი საკაბელო ქსელის მეშვეობით. ეს არის გზა, რომლითაც ყველა სატელევიზიო არხს, ყველა პოლიტიკურ ძალას ექნება საშუალება თავისი სიტყვა მიიტანოს ამომრჩევლამდე. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის გზა, რომ საარჩევნო პერიოდში ჩვენ ამომრჩეველს ჰქონდეს შეუზღუდავი ინფორმაციის მიღების საშუალება. ქართველი ხალხი ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ მათ არჩევანი გააკეთონ თავისუფალ და ინფორმირებულ გარემოში; რომ ხალხს ჰქონდეს საშუალება მოუსმინოს ყველა სატელევიზიო არხს, ყველა პოლიტიკურ ძალას, ყველა პოლიტიკურ ლიდერს და სწორედ ამის შემდეგ აირჩიოს ღირსეული და მისთვის სასურველი პოლიტიკური ძალა.”

ხელისუფლების პოზიცია ბევრისთვის საკმაოდ მოულოდნელად შეიცვალა იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო პერიოდში ეს საკითხი ერთ-ერთ ყველაზე საკამათო საკითხად მიიჩნეოდა. გავიხსენოთ, რომ სამოქალაქო კამპანიის ”ეს შენ გეხებას” მიერ წამოყენებულ წინადადებაზე მმართველმა პარტიამ უარი იმ მოტივით განაცხადა, რომ მან ეს პროცესი კერძო ბიზნესში ჩარევად მიიჩნია.
”ეს შენ გეხებას” მონაწილე ორგანიზაციებმა ხელისუფლების ბოლო უარი 14 ივნისს მიიღეს და ამის შემდეგ ისინი, ასე ვთქვათ, ხელმოწერათა შეგროვების გზას დაადგნენ. ხუთშაბათს, 21 ივნისს, საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, სამოქალაქო კამპანია ”ეს შენ გეხებას” "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტის ინიცირების მიზნით, 30 000 ხელმოწერის შეგროვების უფლება მიეცა. კომიტეტის სხდომა, როგორც უკვე ვთქვით, 21 ივნისს გაიმართა, ხოლო 22 ივნისს პარლამენტის თავმჯდომარემ სამოქალაქო სექტორისთვის მანამდე უცნობი გეგმები გაახმაურა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ყველა საკაბელო ქსელს ყველა ტელეარხის ტრანზიტის ვალდებულება, სავარაუდოდ, არჩევნებამდე 2 თვით ადრე დაეკისრება.

ძალიან სამწუხაროა, რომ ბიძინა ივანიშვილი და პარტია „ქართული ოცნება“, როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ კანონზე მაღლა დგას და მუდმივად, მიზანმიმართულად ფიქრობს, რომ დაასუსტოს კანონი ...
ეკა ზღულაძე

საკამათო წინაისტორიის მიუხედავად, კამპანია ”ეს შენ გეხება” მიესალმება დავით ბაქრაძის მიერ გახმაურებულ ინიციატივას და იმედოვნებს, რომ 22 ივნისს ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებისთვის მიცემული დაპირება ადეკვატურად აისახება პარლამენტის მიერ ინიცირებულ კანონპროექტში.

იმის შესახებ, რომ, მედიის ხელმისაწვდომობის გაფართოების მიზნით, გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები იყო მოსალოდნელი, პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლამდე დაახლოებით 2 საათით ადრე გამართულ ბრიფინგზე აშკარად მიანიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკატერინე ზღულაძემ. თუმცა ბრიფინგის მთავარ თემას წარმოადგენდა კომპანია ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” (“გლობალ TV-ის” სახელით ცნობილი კომპანიის) სატელიტური ანტენების დაყადაღება, რაც, მინისტრის მოადგილის თქმით, ”ქართული ოცნების” მხრიდან ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვის აღკვეთას ისახავდა მიზნად. ზღულაძის განცხადებით, საქართველოს სახელმწიფოში არავის მიეცემა კანონის უზენაესობის ხელყოფის უფლება:

”ძალიან სამწუხაროა, რომ ბიძინა ივანიშვილი და პარტია „ქართული ოცნება“, როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ კანონზე მაღლა დგას და მუდმივად, მიზანმიმართულად ფიქრობს, რომ დაასუსტოს კანონი და, შესაბამისად, დემოკრატია ამ ქვეყანაში.”

ის, რომ ხელისუფლება დაუშვებს must carry-ის წინასაარჩევნო პერიოდში, ანუ არჩევნებამდე, სავარაუდოდ, ორი თვით ადრე, არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება სიფრთხილით არ მოეკიდოს “გლობალ TV-ის” ანტენების თემას ...
ლიკა ბასილაია-შავგულიძე

ეკატერინე ზღულაძის თქმით, ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” დაუმონტაჟებელი სატელიტური ანტენების დაყადაღების ფაქტს საერთო არაფერი აქვს ”მედიის ხელმისაწვდომობასთან”. თუმცა საკითხს სხვაგვარად უყურებენ მთელი რიგი არასამთავრობო თუ მედიაორგანიზაციები. როგორც ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” წარმომადგენელმა, მედიაანალიტიკოსმა ლიკა ბასილაია-შავგულიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, დაყადაღებული ანტენების საკითხი წინასაარჩევნო გარემოს ”ძალიან სენსიტიურ” საკითხს წარმოადგენს, რადგანაც ის ინფორმაციის გავრცელებას უკავშირდება. შესაბამისად, მედიაანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ასეთ საკითხებს ”განსაკუთრებული სიფრთხილით” უნდა მოეკიდოს.

”ის, რომ ხელისუფლება დაუშვებს must carry-ის წინასაარჩევნო პერიოდში, ანუ არჩევნებამდე, სავარაუდოდ, ორი თვით ადრე, არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება სიფრთხილით არ მოეკიდოს “გლობალ TV-ის” ანტენების თემას”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ლიკა ბასილაია-შავგულიძემ.

იმ ერთადერთი საკაბელო ქსლის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს, რომელიც ნებაყოფლობით დათანხმდა ტელეკომპანია „მე-9 არხის“ სიგნალის გავრცელებაზე, კოალიცია ”ქართული ოცნება” თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებად აღიქვამს. ამ და ბოლო პერიოდის სხვა პრობლემებთან დაკავშირებით ”ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა 22 ივნისს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.

„ქართული ოცნების" ოფისში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ: აშშ-ს ელჩი ჯონ ბასი, ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი, ჩეხეთის ელჩი ივან იესტრჟაბი, დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯუდიტ გოფი, NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორი ლუის ნავარო და საქართველოში მოქმედი საელჩოების სხვა წარმომადგენლები.

ბიძინა ივანიშვილმა დიპლომატებს, საქართველოს ხელისუფლების ძალადობის შესაჩერებლად, უფრო პრინციპული პოზიციის გამოხატვა სთხოვა:
”ეს ასე არ დამთავრდება, თუ არ იქნება უფრო მკაცრი პოზიცია ევროპის დემოკრატიული ქვეყნებისა და აშშ-ს მხრიდან. ეს გაგრძელდება და შეიძლება ძალიან მძიმე შედეგები მივიღოთ.”
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG