Accessibility links

logo-print

ეკა ზღულაძემ ბიძინა ივანიშვილი დაადანაშაულა კანონის დასუსტების მცდელობაში


”ქართული ოცნება” და მისი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი კანონის და დემოკრატიის მიზანმიმართულად დასუსტების მცდელობაში დაადანაშაულა შს-თა მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ. მან საგანგებოდ მოწვეულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არ დაუშვებენ ამომრჩევლის მოსყიდვას, ან არჩევნების სხვა გზით გაყალბების მცდელობას და დასძინა, რომ საქართველოს სახელმწიფო ძლიერია სწორედ იმიტომ, რომ დგას სისტემებზე და არა პიროვნებებზე. ზღულაძის განცხადებითვე, პოლიცია, რომელიც ემსახურება ხალხს და არა რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს და პიროვნებას, მისი კომპეტენციის ფარგლებში განაგრძობს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების უზრუნველყოფას, დანაშაულის პრევენციას და გამოვლენილ ფაქტებზე, მათ შორის ამომრჩევლის მოსყიდვაზე რეაგირებას. ერთ-ერთ ასეთ ფაქტად ეკა ზღულაძემ დაასახელა სატელიტური ანტენები, რომლებსაც მისივე თქმით, პოლიტიკური ამბიციის მქონე კონკრეტული პირის და პარტიის საარჩევნო აგიტაციის ფარგლებში უფასოდ გადასცემდნენ კონკრეტულ ამომრჩევლებს, რაც მათი შესაძლო მოსყიდვაა, დანაშაულს წარმოადგენს და კანონით ისჯება. შს-თა მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ამ საქმეს არაფერი აქვს საერთო მედიის ხელმისაწვდომობასთან. თავის მხრივ, კოალიცია ”ქართული ოცნება” ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობას კატეგორიულად უარყოფს და გლობალ TV-ის სატელიტური ანტენების დაყადაღებას სწორედ იმით ხსნის, რომ ხელისუფლებას არ სურს რეგიონებში გავრცელდეს ”მაესტროს” და მე-9 არხის მსგავსი ტელეკომპანიების მაუწყებლობა.
XS
SM
MD
LG