Accessibility links

logo-print

აშშ გმობს სირიის მიერ თურქეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებას


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა დაგმო სირიის მიერ ხმელთაშუა ზღვის თავზე თურქეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების „თავხედური და მიუღებელი“ აქტი. წერილობით განცხადებაში კლინტონი ამბობს, რომ ეს „მორიგი ნიშანია სირიის მთავრობის მხრიდან საერთაშორისო ნორმების, ადამიანის სიცოცხლის, მშვიდობის და უსაფრთხოების უხეში უგულებელყოფისა“. კლინტონის თქმით, შაბათს ის ესაუბრა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, აჰმეტ დავუთოღლუს, რათა გადაეცა აშშ-ის „ღრმა შეშფოთება“ ინციდენტის გამო. დავუთოღლუმ დღეს განაცხადა, რომ სირიის ძალებმა თურქეთის თვითმფრინავი საერთაშორისო საჰაერო სივრცეში ჩამოაგდეს - მას შემდეგ, რაც ის ცოტა ხნით სირიის საჰაერო სივრცეში შევიდა. სამშაბათს ნატო ამ საკითხზე საგანგებო შეხვედრას გამართავს. თურქეთსა და სირიას შორის ურთიერთობა ამ ინციდენტამდეც დაძაბული იყო, თურქეთის მხრიდან სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის ღიად დაგმობის გამო იმ სისხლიანი რეპრესიებისთვის, რომელსაც ის ოპონენტების წინააღმდეგ მიმართავს.
XS
SM
MD
LG