Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაგავსაყრელად ქცეული ცხინვალი და ბინების უკანონო განაწილება


მიკრორაიონი „მოსკოვსკი“
მიკრორაიონი „მოსკოვსკი“
„მთელი ცხინვალი ერთ დიდ ნაგავსაყრელად არის ქცეული“ – ეს განცხადება დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა მარინა კოჩიევამ თვითაღიარებული რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, საყოფაცხოვრებო ნარჩენებს სამშენებლო ნარჩენებიც ემატება, ქალაქის აღდგენაზე მომუშავე კომპანიები კი ნაგვის გატანაზე თავს არ იწუხებენ და მთელ ქალაქში ახალი ნაგავსაყრელები ჩნდება. კოჩიევა შეშფოთებას იმის გამოც გამოთქვამს, რომ ნაგავსაყრელებზე მკვდარი ცხოველები ყრია, რაც ინფექციური დაავადებების გავრცელების საფრთხეს ქმნის. კოჩიევა მთავრობის წინაშე აყენებს საკითხს, რომ ამ თემას ყურადღება მიექცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეპიდემიის საფრთხე არსებობს. აღსანიშნავია, რომ ცხინვალში ნაგავსაყრელების პრობლემას მოუწესრიგებელი გზებიც ემატება და მთელი ქალაქი მტვრის ბუღშია გახვეული. ადგილობრივმა ტელევიზიამ მთავრობის სხდომის ჩანაწერი ეთერში გადასცა.

დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა როსტისლავ ხუგაევმა შესაბამის სამსახურებს დაავალა 10 დღეში გაარკვიონ ვითარება. ამავე სხდომაზე განიხილეს ცხინვალში ომით დაზარალებულთათვის ბინების განაწილების საკითხი. ვიცე-პრემიერის ალა ჯიოევას თქმით, კოკოითის მმართველობის პერიოდში ჩამოყალიბებული იყო პრივილეგირებული ფენა. ვინც კოკოითის მიმართ ლოიალური იყო, მას „მოსკოვსკის“ პრესტიჟულ უბანში ბინას უპრობლემოდ აძლევდნენ. ისე მოხდა, რომ ახლა ზოგს ორი და მეტი ბინა აქვს, ზოგი კი ისევ კარვებში ცხოვრობს. ალა ჯიოევა საცხოვრებელი ფართების განაწილების კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის. მისი აზრით, ამ კომისიამ უნდა გადაწყვიტოს ვის ეკუთვნის ბინა და ვის არა. იმ პირებს კი, ვინც საცხოვრებელი ფართები დაუმსახურებლად მიიღო, ჯიოევას აზრით, სამართლიანობის აღსადგენად უნდა ჩამოართვან და უსახლკაროებს გადასცენ. ვიცე-პრემიერის ინიციატივაა, რომ შეიქმნას ბინების მსურვველთა ერთიანი რიგი და კომისიამ ამის მიხედვით იმუშაოს.

რამდენიმე წლის წინ, როცა მოსკოვის მერიამ ცხინვალის ჩრდილოეთით მიკრორაიონი „მოსკოვსკი“ ააშენა, ცხინვალელების დიდ ნაწილს სწორედ იქ მოუნდა ცხოვრება. ექსპრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ კი გადაწყვიტა, რომ იქ ბინებით პირველ რიგში „სამშობლოს დამცველებს“ დააკმაყოფილებდნენ. ეს ყოფილი მებრძოლები კოკოითის მხარდამჭერები იყვნენ და, უბრალო ადამიანებისგან განსხვავებით, არაერთი პრივილეგიით სარგებლობდნენ.
XS
SM
MD
LG