Accessibility links

logo-print

საგარეო საქმეთა სამინისტროში უკომენტაროდ დატოვეს ვიაჩესლავ ჩირიკბას განცხადება


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკომენტაროდ დატოვეს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიაჩესლავ ჩირიკბას განცხადება იმის შესახებ, რომ ქართულ მხარესთან დიალოგისთვის პრაგმატული თანამოსაუბრეები სჭირდებათ. გასული კვირის ბოლოს იტალიური ჟურნალის Limes-ის მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუში ჩირიკბა პრაგმატულებად ასახელებს ირაკლი ალასანიას და ბიძინა ივანიშვილს. “ნამდვილად არ ვაპირებ ამაზე კომენტარის გაკეთებას”, - განაცხადა თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ. დღესვე რადიო თავისუფლებას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ განუცხადა, რომ იტალიურმა გამოცემამ მისი პასუხები გაამარტივა. ჩირიკბას თქმით, მან აღნიშნა, რომ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფალთან დიალოგი არ გამოდის, მაგრამ თუ მისი შემცვლელი უფრო პრაგმატული იქნება, საუბარი შესაძლებელია. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ისინი პრაგმატულ პოლიტიკოსად ირაკლი ალასანიას მიიჩნევენ, ბიძინა ივანიშვილს კი, საერთოდ არ იცნობენ.
XS
SM
MD
LG