Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2012 წლის 26 ივნისი


„უნდათ კი რუსებს პატარა, ძლევამოსილი ომი?“ - ასეთი სათაური აქვს „ნოვაია გაზეტაში“ გამოქვეყნებულ ანალიტიკურ სტატიას, რომლის ავტორი ცნობილი რუსი სამხედრო ექსპერტი პაველ ფელგენჰაუერი იმის გარკვევას ცდილობს, თუ რატომ აძლიერებს რუსეთი თავის სამხედრო დაჯგუფებას ჩრდილოეთ კავკასიაში. სტატიის მიხედვით, ვლადიმირ პუტინის კრემლში დაბრუნების შემდეგ აშკარა გახდა საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკის ცვლილება აგრესიულობის დემონსტრირების მიმართულებით, რაც, ავტორის აზრით, დამახასიათებელია ავტორიტარული რეჟიმებისათვის შიდააშლილობის დროს. ფელგენჰაუერი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ინაუგურაციის შემდეგ ვლადიმირ პუტინი სამხრეთის სამხედრო ოლქში მდებარე ავიაბაზას ესტუმრა, ხოლო რუსეთის საგარეო უწყება და გენშტაბი პარალელურ რეჟიმში „ქართული რევანშიზმის“, ანუ ახალი ომის დაწყების, საფრთხეზე ალაპარაკდნენ. რუსი სამხედრო ანალიტიკოსი ასევე ამახვილებს ყურადღებას სომხეთსა და აზარბაიჯანს შორის არსებული სამხედრო დაპირისპირებისა და ყარაბაღის კონფლიქტის განახლების საფრთხეზე, რომლის ალბათობა მკვეთრად გაიზარდა ივნისის პირველ ნახევარში მომხდარი სისხლიანი შეტაკებების შემდეგ. გარდა ამისა, სტატიის ავტორის თქმით, საყურადღებოა ისიც, რომ მიმდინარე წელს იწურება გაბალის რადარის არენდის ვადა, რომლის გაგრძელების სანაცვლოდ აზერბაიჯანის ხელისუფლება რუსეთისგან 7 მილიონის მაგივრად 300 მილიონ დოლარს ითხოვს, რაც კრემლის უკიდურეს გაღიზიანებას იწვევს. პაველ ფელგენჰაუერის ვარაუდით, სამხრეთ კავკასიაში ყველაფერი რუსეთის ხელისუფლების სასარგებლოდ დალაგდება, თუკი კრემლი საქართველოს დამორჩილებას შეძლებს:

„ამიერკავკასიაში, სირიისგან განსხვავებით, საომარი მოქმედებების თეატრის სიშორესთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს. ავიაბაზები, ჯარი, შეიარაღება და საველე საწყობები - ყველაფერი ეს უკვე მზადაა. ქართველი სამხედროებისგანაც არავინ ელის სიურპრიზებს. როგორც ჩანს, მავანნი ფიქრობენ, ერთი მძლავრი დარტყმით შესაძლებელია საქართველოს გაწმენდა ამერიკის გავლენისგან. შედეგად, სომხეთი კიდევ უფრო მეტად მიებმება რუსეთს და აზერბაიჯანიც ვერსად წავა. სამაგიეროდ, კასპიის აუზის გაზისა და ნავთობის სადენები საიმედო კონტროლის ქვეშ იქნება, ყარაბაღში კი, ახალი status quo-ს დასაფიქსირებლად, რუსეთის სამშვიდობო ჯარი ჩადგება. შედეგად, პიროვნების ძალაუფლება გაძლიერდება მოსკოვში, ამერიკას და მის მოკავშირეებს კი შეეძლებათ თავიანთ გემოზე დაკავდნენ ირანითა და სირით.“

გაზეთი „კომერსანტი“ კი სოჭის ოლიმპიადაზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების შესახებ წერს. კერძოდ, საუბარია ჰაერსაწინააღმდეგო ძალების სპეციალური დაჯგუფების შექმნაზე. ამის შესახებ გაზეთის რედაქციას რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების წარმომადგენელმა ანდრეი იუდინმა განუცხადა. მისი თქმით, შენაერთი უსაფრთხოებას უზრუნველყოფს როგორც ჰაერში, ასევე წყალზე, რისთვისაც გამოყენებული იქნება როგორც საზენიტო კომპლექსები, ასევე ახლო მოქმედების რაკეტები. „ვინ შეიძლება წარმოადგენდეს საფრთხეს ოლიმპიადის მასპინძელი რუსეთისათვის?“ – „კომერსანტის“ ამ შეკითხვის პასუხად სამხედრო პოლიტილოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრ ფერენჯიევმა განაცხადა: „ალბათ, ლაპარაკია სარაკეტო დარტყმის საფრთხეზე, რომელიც შეიძლება მომდინარეობდეს როგორც რუსეთის შიგნით მოქმედი რომელიმე ორგანიზაციიდან, ასევე მახლობელი სახელმწიფოდან, მათ შორის ირანიდან და საქართველოდანაც კი“.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG