Accessibility links

logo-print

თურქეთი საპასუხო ზომებით ემუქრება სირიას


თურქეთის პარლამენტში დღეს იმსჯელეს სირიასთან დაძაბულობის გამწვავებაზე. როგორც დეპუტატების წინაშე გამოსვლისას განაცხადა პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა, თურქეთის სამხედრო ძალები ამიერიდან საპასუხო ზომებს მიმართავენ სირიელი სამხედროების მიერ საზღვრის დარღვევის შემთხვევაში. ერდოანის თქმით, სირიის ვერტმფრენები ბოლოხანს ხუთჯერ შეიჭრნენ თურქეთის საჰაერო სივრცეში, რასაც საპასუხო ზომა არ მოჰყოლია. მაგრამ სირიის მიერ თურქეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ ვითარება შეიცვალა. „ამ, ბოლო ინციდენტის შემდეგ ახალ ეტაპზე გადავედით. ჩვენ არასოდეს შევეგუებით, ან დაუსჯელს დავტოვებთ სირიის რეჟიმისაგან მომდინარე საფრთხეს ჩვენს საზღვრებზე“, - განაცხადა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას. სირიელი ოფიციალური პირების განმარტებით, პარასკევის ინციდენტისას, თურქეთის თვითმფრინავმა დაარღვია სირიის საჰაერო სივრცე და სირიელ სამხედროებს ჰქონდათ მისი ჩამოგდების უფლება. ხოლო თურქეთის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავი მართლაც შემთხვევით შეიჭრა სირიის საჰაერო სივრცეში, ის უკვე საერთაშორისო საჰაერო სივრცეში იყო დაბრუნებული, როცა ჩამოაგდეს.
XS
SM
MD
LG