Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ყადაღა დაადეს ბიძინა ივანიშვილის აქციებს


საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო აცხადებს, რომ „აგრძელებს სააღსრულებლო წარმოებას ბიძინა ივანიშვილის საქმესთან დაკავშირებით“. ამის შესახებ ნათქვამია სამშაბათს გავრცელებულ განცხადებაში, რომლის თანახმადაც, ყადაღა დაედო ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ს სს ,,ქართუ ჯგუფში", აქციების 100%-ს სს "ქართუ ბანკში", აგრეთვე აქციების 21.7%-ს სს "პროგრეს ბანკში". აღსრულების ეროვნული ბიუროს განმარტებით, აქციათა დაყადაღება არ აბრკოლებს ბანკების ჩვეულ საქმიანობას და მოვალის მიერ თანხის ნებაყოფლობით გადახდის შემთხვევაში, აქციებზე დადებული ყადაღა ავტომატურად უქმდება. აღსრულების ეროვნულ ბიუროს ევალება სასამართლო გადაწყვეტილებების სისრულეში მოყვანა. ივანიშვილის კუთვნილ აქციებზე ყადაღის დადების საფუძვლად მოხსენიებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2012 წლის 20 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლები. კონტროლის პალატის ორი ოქმის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილი ჯამში 149 მილიონამდე ლარით დაჯარიმდა. ეს გადაწყვეტილება ივანიშვილის ადვოკატებმა გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც ჯარიმები შეამცირა და მათი რაოდენობა 74 მილიონამდე ლარით განისაზღვრა. ბიძინა ივანიშვილი ჯარიმის გადახდაზე უარს ამბობს.
XS
SM
MD
LG