Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო გამოთქვამს შეშფოთებას სირიაში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო


გაეროს გამომძიებლების შეფასებით, ბოლო სამ თვეში “შემაშფოთებელი მასშტაბი“ აქვს მიღებული სირიაში მთავრობის ჯარების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევას. გაეროს გამომძიებლებმა ჟენევაში, ადამიანის უფლებათა საბჭოს წინაშე გამოსვლისას აღნიშნეს, რომ ჯერაც ვერ დაადგინეს, ვინ დახოცა გასულ თვეში სირიის სოფელ ჰულაში 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები. მაგრამ მათივე თქმით, პასუხისმგებლობა შესაძლოა, მთავრობის ერთგულ ძალებს ეკისრებოდეთ. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში გამომსვლელებს შორის იყო გაეროს უმაღლესი კომისარი ადამიანის უფლებათა საკითხებში, ნავი პილაიც. „ჩვენ მეტად შეშფოთებული ვართ სირიაში მთავრობის ჯარებსა და ანტისამთავრობო შეიარაღებულ ჯგუფებს შორის შეტაკებების გამწვავებასა და ძალადობის მატებაზე უახლესი ცნობების გამო. უდანაშაულო სამოქალაქო პირებს უწევთ ცეცხლის ხაზზე ყოფნა. სერიოზული საფრთხის წინაშე დგანან სირიაში გაეროს სამეთვალყურეო მისიის წევრებიც“, - განაცხადა პილაიმ ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე, რომელიც დღეს პროტესტის ნიშნად დატოვა სირიის ელჩმა. მისი თქმით, დამასკი არ მიიღებს მონაწილეობას ამ, „აშკარად პოლიტიკურ შეხვედრაში“.
XS
SM
MD
LG