Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 28 ივნისი, 2012 წ.


დღევანდელი პრესა ბიძინა ივანიშვილისა და კოალიცია ”ქართული ოცნებისთვის” დაკისრებული ჯარიმებისა და დაყადაღების თემას, აგრეთვე - 27 ივნისს შსს-ს მიერ პოლიციელის მოსყიდვის მცდელობისა და ”ქართული ოცნების” ორი წევრის დაკავების შესახებ გავრცელებულ ცნობას ეხმაურება: ”ახალი თაობა” – ”ივანიშვილის ქონების დაყადაღება დაიწყო”, ”რეზონანსი” – ”ფეხით რომ ვიაროთ, მაინც გავაგრძელებთ საქმიანობას”, ”24 საათი” – ”პოლიციელის მოსყიდვის მეორე მცდელობა”, ”ალია” კი ცდილობს გაარკვიოს - იატაკქვეშეთში ხომ არ გადადის ”ქართული ოცნება”.

”ალიას” პარტია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ მანანა კობახიძემ განუცხადა: ”თუ არაფრის საშუალება არ მოგვცეს, ყველანი გადავიქცევით აქტივისტებად და ჩვენი ენთუზიაზმით გავაგრძელებთ მუშაობას. ბინები გაგვაჩნია და, ბოლოს და ბოლოს, ამ ბინებიდან განვახორციელებთ აქტივობებს, ანუ იატაკქვეშეთში და კერძო ბინებში ვიმუშავებთ და ხალხს მაინც მშვიდობიანად მივიყვანთ არჩევნებამდე”.

”ალიაშივე“ ქვეყნდება პოლიციელ კახა ბაღათურიას მოსყიდვის მცდელობის საქმეზე კოალიციის ორი წევრის დაკავების შესახებ ინტერვიუ ”თავისუფალი დემოკრატების” პრესსამსახურის ხემლძღვანელ ვაკო ავალიანთან:
”რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, ბაღათურია არის ერთ-ერთი დაკავებულის - თუ არ ვცდები, პერტენავას - მეზობელი, რომელიც აქტიურად ცდილობდა მათთან კონტაქტზე გასვლას და დამეგობრებას. გასაგებია, რომ ეს პროვოკაციაა, მაგრამ მართლა სამწუხაროა, ჩვენი თანაპარტიელების, რომლებსაც თავისი წვლილი მიუძღვით ჩვენი პარტიული ორგანიზაციის შექმნაში, ჩათრევა რომ მოხდა”.

”რეზონანსში” ქვეყნდება სტატია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გაპრემიერების ვერსიას ეძღვნება. მკითხველი პოლიტოლოგთა მოსაზრებებს გაეცნობა. კახა გოგოლაშვილი ამბობს: ”აქ საუბარი არ არის იმაზე, სააკაშვილი კარგი მმართველია თუ ცუდი, აქვს თუ არა საზოგადოების დიდი მხარდაჭერა. აქ საუბარია იმაზე, რომ ქვეყანაში დემოკრატიის დასამკვიდრებლად ძალაუფლების მონაცვლეობა აუცილებელია და ხელისუფლებაში მუდამ ერთი და იგივე გუნდი და, მით უმეტეს, ერთი და იგივე ადამიანი არ უნდა ფიგურირებდეს”. გია ნოდია: ”ჩემი აზრით, თუ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრი გახდება, პუტინს შეადარებენ, მაგრამ ეს სამართლიანი არ იქნება სწორედ იმიტომ, რომ ჩვენთან კონსტიტუცია შეიცვალა და კონსტიტუციის ცვლილება უკეთესობისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო”.

”ახალ თაობაში” პოლიტოლოგ გოგი ხუციშვილთან ინტერვიუ ქვეყნდება, სათაურით - ”ამერიკა სააკაშვილს არ წაიყვანს”. გოგი ხუციშვილი ამბობს: ”რა თქმა უნდა, აბსოლუტურად არასწორია მოლოდინი, რომელიც ჩვენ მთელი ცხოვრების განმავლობაში გვაქვს. ”ვინც მოიყვანა, იმან წაიყვანოს” - ასეთია ხალხის დამოკიდებულება. არადა, ასე არ არის, ასე არც არასდროს მომხდარა და არც მოხდება. ხალხმა უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია”.

”ახალ თაობაშივე” მომავალი არჩევნების შესახებ ნანა დევდარიანთან ინტერვიუსაც წაიკითხავთ: ”არჩევნები უნდა მოიგო არჩევნებშივე. არჩევნების მერე გაყალბების მოტივით რაღაცაზე ლაპარაკი მე არ მეჩვენება რეალისტურად. თუმცა ეს სცენარიც შესაძლებელია”.

”საქართველოს რესპუბლიკაში” პრეზიდენტის დაპირებებისა და საქმის შეუსაბამობას ეძღვნება სტატია, რომელიც ასე სრულდება: ”რადგანაც იაფი მხოლოდ ტყემალია, ხელისუფლების მორიგი რჩევა იქნება გადავიდეთ ტყემალზე, ან საერთოდ გავიდეთ ტყემალზე და ვიჯდეთ იქ მინიმუმ 2014 წლამდე”.

”24 საათში” ქვეყნდება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სტატია, რომელშიც ზურაბ ჭიაბერაშვილი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის საკითხზე წერს და აგრეთვე ჩამოთვლის იმ აუცილებელ ნაბიჯებს, რაც, მისი აზრით, საჭიროა სამედიცინო მომსახურების სტანდარტის ამაღლებისთვის: ”ექიმებისა და ექთნების კვალიფიკაციაზე მუდმივად ზრუნვა; საავადმყოფოებში მკურნალობის სტანდარტების დანერგვა; ელექტრონულ ჯანდაცვაზე მეთოდურად გადასვლა”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG