Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენის ოფისმა დაიწყო მერეთში მომხდარი დაპირისპირების შესწავლა


საქართველოს სახალხო დამცველის ოფისმა დაიწყო შესწავლა სოფელ მერეთში მომხდარი დაპირისპირებისა, რომლის გამოც 26 ივნისს ჩაიშალა კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან. სახალხო დამცველის განმარტებით, საქმის შესწავლის მიზეზად იქცა საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ვიდეომასალები, რომელთა თანახმად, ინციდენტში მონაწილე პირები არიან საჯარო მოსამსახურეები, მათ შორის გორის თვითმართველობისა და შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ ეს პირები არ არიან პოლიციის მიერ დაკავებულ ოთხ მოქალაქეს შორის, რომლებსაც სასამართლომ 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მსგავს დაპირისპირებაში საჯარო მოხელეთა მონაწილეობა წარმოადგენს როგორც მინიმუმ, საჯარო მოხელისათვის შეუფერებელ საქციელს. ”საქმის შესწავლისას მოვახდენთ მათ მიერ ჩადენილი სავარაუდო სამართალდარღვევის იდენტიფიცირებას და მასალები უახლოეს დღეებში გაეგზავნება შესაბამის ორგანოებს სათანადო რეაგირების მოთხოვნით, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით ეცნობება", - ნათქვამია გიორგი ტუღუშის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG