Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბესიკ ხარანაულის დიდი წიგნი


გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა ბესიკ ხარანაულის წიგნი - „ლექსები, პოემები 1954-2005“, რომელიც ცნობილი მწერლის ნახერსაუკუნოვანი შემოქმედების ერთგვარ შეჯამებად შეიძლება მივიჩნიოთ. კრებულში, რომლის პრეზენტაციას თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა, შეტანილია 1954 წელს ჟურნალ „დროშაში“ დაიბეჭდილი ის სადებიუტო ლექსებიც, რომლებიდანაც, ავტორის თქმით, მისი პოეტური ცნობიერება იწყება.

ბესიკ ხარანაული, ორი პროზაული ნაწარმოების („ეპიგრაფები დავიწყებული სიზმრებისათვის“, „სამოც ჯორზე ამხედრებული რაინდი ანუ წიგნი ჰიპერბოლებისა და მეტაფორებისა“) და ოცამდე პოეტური კრებულის ავტორი, იშვიათი ნაყოფიერებით გამოირჩევა. „ინტელექტის“ მიერ გამოცემული კრებულიც მწერლის ამგვარი ხვავრიელობის ერთგვარი სიმბოლო თუ გვირგვინია: დიდი მწერლის 900–გვერდიანი წიგნის სახით, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, საქმე გვაქვს „დიდ წიგნთან“, რომელშიც, ავტორის მოთხოვნით, სიყმაწვილისდროინდელი ლექსებიცაა შეტანილი:

„1954 წელს დაბეჭდილი ლექსებიც მაქვს. მოწაფე ვიყავი და დამიბეჭდა გრიგოლ აბაშიძემ „დროშაში“. ეს ლექსებიც ჩავრთე, ადრე არ ვაკეთებდი... ჩემთვის არის მნიშვნელოვანი იმის გააზრება, თუ როდიდან იწყება ჩემი პოეტური ცნობიერება. საერთოდ, ყველა შემოქმედს უნდა რაღაცნაირად დაინახოს, თვალი გადაავლოს თავის მემკვიდრეობას.“
არის „კარგი მწერალი“, „ძალიან კარგი მწერალი“, „დიდი მწერალი“... კიდევ ათასგვარი სხვა ეპითეტი არსებობს მწერლებთან მიმართებაში, მაგრამ მე მინდა დავამკვიდრო ახალი ეპითეტი და დავიწყო ბესიკ ხარანაულით. ის არის კარგი მკითხველების მწერალი...
ზაალ სამადაშვილი

ბესიკ ხარანაულის მემკვიდრეობა კი მართლაც იმდენად შთამბეჭდავია, რომ ქართველი გამომცემლებისა და ლიტერატორების მნიშვნელოვანი ნაწილი მწერალს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატობის უპირველეს კანდიდატად მიიჩნევს. გამომცემლობა „ინტელექტის“ დამფუძნებლის კახმეგ კუდავას თქმით, შემთხვევითი არაა ის, რომ სწორედ „ინტელექტი“ გამოსცემს სერიას „ნობელის პრემიის ლაურეატები“.

„2010 წელს რომ წარადგინეს ბესიკ ხარანაული ნობელის პრემიაზე, ჩვენ განვიზრახეთ მოგვემზადებინა ტომი, ოღონდ იმ პირობით, რომ არ გამოგვეცა, ვიდრე შედეგები არ გამოქვეყნდებოდა. ნობელის კომიტეტმა პრემია მიანიჭა პოეტს, მაგრამ შვედ პოეტს, ტუმას ტრანსტრომერს, რომელიც, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი პოეტია, მის ერთტომეულსაც გამოვცემთ, მაგრამ ქართველ მკითხველსაც მიეცემა საშუალება შეადაროს ერთმანეთს ტრანსტრომერისა და ხარანაულის პოეზია“, – უთხრა კახმეგ კუდავამ რადიო თავისუფლებას.

თუმცა ბესიკ ხარანაულის პოეზია, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია თანამედროვე ქართული მწერლობისათვის. ასე ფიქრობს ცნობილი პოეტი და გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედების მკვლევარი ვახტანგ ჯავახაძე:
ვახტანგ ჯავახაძე
ვახტანგ ჯავახაძე

„ბესიკ ხარანაული არის ჩვენი საუკუნის ისეთი პოეტი, რომელმაც ყველაზე აქტიურად შეუტია გალაკტიონ ტაბიძის დიქტატურას პოეზიაში, მაგრამ განსხვავება მათ შორის ის არის, რომ გალაკტიონმა მეტად ნაყოფიერი გავლენა მოახდინა ქართული პოეზიის განვითარებაზე და განსაზღვრა მთელი საუკუნისა და მომდევნო საუკუნის ლიტერატურის წარმატებანი. ბესიკის შემთხვევაში კი პირიქით მოხდა. ბესიკი არის, ეტყობა, ისეთი პოეტი, რომელიც მხოლოდ თავის საქმეს აკეთებს, ხოლო მისი მიბაძვა ან შეუძლებელია, ან ეპიგონობაში გადადის.“


ცხადია, ბესიკ ხარანაულს, როგორც დიდ შემოქმედს, არც ეპიგონები აკლია და არც მისი ნიჭის უანგარო თაყვანისმცემლები. წიგნის პრეზენტაციაზე, რომელიც უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაიმართა, პოეტის ბევრმა თაყვანისმცემელმა მოიყარა თავი. ბესიკ ხარანაულის თითქმის ყველა ტექსტი აქვს წაკითხული ზაალ სამადაშვილს, მწერალსა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც თავს უფროსი კოლეგის კარგ მკითხველად მიიჩნევს:

„არის „კარგი მწერალი“, „ძალიან კარგი მწერალი“, „დიდი მწერალი“... კიდევ ათასგვარი სხვა ეპითეტი არსებობს მწერლებთან მიმართებაში, მაგრამ მე მინდა დავამკვიდრო ახალი ეპითეტი და დავიწყო ბესიკ ხარანაულით. ის არის კარგი მკითხველების მწერალი.“
როგორი წიგნიც უნდა დაწეროს ადამიანმა, თავმოყვარეობა მაინც მეტი აქვს...
ბესიკ ხარანაული

ბესიკ ხარანაული ახალგაზრდების, ახალი თაობის ავტორიც არის. შემთხვევითი არ არის, რომ კრებულის რედაქტორები ახალგაზრდა მწერლები ნინო სადღობელაშვილი და ზვიად კვარაცხელია არიან.

„ბესიკ ხარანაული თანამედროვე პოეტია ყველა დროში. თანამედროვე იყო იმ დროში, როცა „ხეიბარი თოჯინა“ დაიწერა. თავის მხრივ, ეს ტექსტი თანამედროვეობასაც ძალიან აქტუალურად ეხმაურება და ამის გამო დღევანდელ მკითხველს მასთან არ გაუჭირდება მისვლა“, – ამბობს ზვიად კვარაცხელია.
წიგნი იწერება ვიღაც ერთისთვის - შორეული წარსულიდან შორეულ მომავლამდე... რომელიც შემთხვევით დღესაც არის, მწერლის სიცოცხლის ჟამს...
ბესიკ ხარანაული

ზვიად კვარაცხელია იმედოვნებს, რომ „ინტელექტის“ მიერ გამოცემული წიგნის საშუალებით მკითხველი შეაბიჯებს დიდი პოეტის წიგნების უკიდეგანო სამყაროში, წიგნებისა, რომელიც, ბესიკ ხარანაულის თქმითვე, არავისთვის იწერება. „წიგნი იწერება ვიღაც ერთისთვის - შორეული წარსულიდან შორეულ მომავლამდე... რომელიც შემთხვევით დღესაც არის, მწერლის სიცოცხლის ჟამს.“ რაც შეეხება მწერლის დამოკიდებულებას წიგნის წერისადმი:

„ადამიანს რომ არ ჰქონდეს იმის იმედი, რომ სხვა, ახალ წიგნს დაწერს, საშინელება იქნებოდა. ეს იქნებოდა სასჯელი, უყუროს იმას, რაც დაწერა. გეგონება უყურებ ციხეს, რომელშიც ოდესღაც იჯექი.“

თუმცა ბესიკ ხარანაული, როგორც თავად ამბობს, ბედნიერი ადამიანია, რადგანაც სათქმელი არ ელევა, რაც, გარკვეულწილად, რადიო თავისუფლების დამსახურებაცაა. საქმე ის არის, რომ მწერალი წელიწადზე მეტია წერს წიგნს, როგორც თავად ამბობს, ჟანრებს მიღმა არსებულ მეტატექსტს, რომელიც რადიო თავისუფლების ერთ-ერთ რუბრიკაში - „თავისუფლების დღიურებში“ - მონაწილეობის შედეგად იქნა ინსპირებული.
ბესიკ ხარანაული
ბესიკ ხარანაული

შევასრულე დავალება, დავწერე დღიური... ვნახე რაღაც უცნაური სიზმარიც, რომელიც მერე აღარ მომეშვა. ეს დღიურის წერის შვიდი დღე იყო, ძალიან ინტენსიური ფაქტებით, და მერე რომ გავიდა ეს კვირა, ისეთი ცარიელი იყო, რომ ვიფიქრე, ეს დატვირთული კვირა თუ ასეთი ცარიელი იყო, დანაჩენი სხვა კვირები რაღაა ადამიანის ცხოვრებაში-მეთქი. შემიჩნდა ეს აზრი, შემიჩნდა და, ერთი სიტყვით, დამაწყებინა წერა“, – უთხრა ბესიკ ხარანაულმა რადიო თავისუფლებას.

როგორც უკვე ვთქვით, ბესიკ ხარანაული ახალ წიგნზე წელიწადზე მეტია მუშაობს, თუმცა წინასწარ შეიძლება იმის თქმა, რომ დიდი პოეტი ვერც ამ ტექსში ამოწურავს სათქმელს, რადგანაც, როგორც თავად ამბობს ერთგან: "როგორი წიგნიც უნდა დაწეროს ადამიანმა, თავმოყვარეობა მაინც მეტი აქვს".

ბესიკ ხარანაული:

„ყოველი დილა გაზაფხულია,
რადგანაც იგი არ არის გუშინ.
თუმცა უკვალოდ არ ჩაუვლია,
თუმცა ნაცარი დატოვა გულში,
მაგრამ ნაცარი უაზრობის კვალი როდია,
იქ რაღაც იწვოდა,
იცოდა ღმერთმა, რომ ცხოვრება მძიმე ლოდია,
ტანჯვა როა, იცოდა და გამოგვიწოდა ეს იმედი,
რომელიც გულში, როგორც ნაცარში ნაღვერდალი, დამალულია.
ყოველი დილა გაზაფხულია,
რადგანაც იგი არ არის გუშინ...“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG