Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროტესტი ხელოვნებაში


კადრი გიორგი ხასაიას ”ჯედაის სიმღერიდან”
კადრი გიორგი ხასაიას ”ჯედაის სიმღერიდან”
რაზე მღერიან თანამედროვე ქართველი მუსიკოსები და რის შესახებ წერენ თანამედროვე ქართველი მწერლები? რა არის დღევანდელი დრამატურგიის მთავარი თემები, ეხმაურებიან თუ არა ავტორები რეალობას და არსებობს თუ არა პროტესტის მუხტი ქართულ ხელოვნებაში? მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოში, არსებული პოლიტიკური და სოციალური ვითარებიდან გამომდინარე, ხელოვან ადამიანებს შემოქმედებითი კრიზისი არ ემუქრებათ.

ისინი ფიქრობენ, რომ გაღიზიანება საჭიროა. გაღიზიანდე - ნიშნავს გქონდეს რეაქცია. რეაქციას კი ლიტერატურა, მხატვრობა, მუსიკა, დრამატურგია უნდა იწვევდეს. ისინი ბევრნი არ არიან, მაგრამ თანამოაზრე ბევრი ჰყავთ - და ეს ჩანს პოეზიის საღამოებზე, კონცერტებზე, ეს აისახება სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოების რეიტინგებზე. პროტესტზე ხელოვნებაში მოთხოვნილება არსებობს.

პოეტი პაატა შამუგია ხშირად იყენებს პოპ იმიჯებს ლექსებში. ამბობს, რომ ხელისუფლების ან ოპოზიციის კრიტიკა მისი თვითმიზანი არ არის, მაგრამ მათი ქმედებები და შედეგად შექმნილი პოლიტიკური თუ სოციალური ვითარება მის ლექსებს ირონიით ავსებს:

“”როდესაც რაღაც სიმახინჯეს ხედავ, მაგალითად, არქიტეტურულ მუტანტს, ან ხვდები როგორი უცნური კორელაციით არის მიბმული ერთმანეთზე დენის და ნაგვის გადასახადი. ასეთ დროს გიჩნდება სურვილი გაბრაზდე. მე გაბრაზებას ისევ მირჩევნია ეს გაბრაზება დაცინვით გადავფარო და ჩემს ლექსებში დავცინო ხოლმე.

აი, ასე:

აი ია
აი თითი
აი პუშკინის სკვერი
აი პარლამენტი
აი ამომგდები ძალის თეორია
აი აივენჰო
აი პოლიტიკოსი
აი მამარდაშვილის ძეგლი
აი ქართული ჩაი
აი შეთქმულების თეორიები
აი გუბაზ სანიკიძე
აი ღმერთი, თვინიერ რომლისა არ არსებობს გზა,
რომელიც რომში ჩაგვიყვანს,
სინამდვილეში, რომში ჩასვლას ღმერთი კი არა,
შენგენის ვიზა სჭირდება
და ორიოდე სუფთა საცვალი
და ორიოდე კონა 100-დოლარიანების.
აი ვალუტის გადამცვლელი ჯიხური
აი მთაწმინდა,
სადაც განისვენებენ
შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა და ჯაბა იოსელიანი.
აი პატრიარქი, რომელსაც სინამდვილეში ფრთები აქვს
და ღამით გლდანის მასივის თავზე დაფრინავს
აი ცირკი
აი ბოზი
აი ბევრი ბოზი
აი “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი”,
რომლებიც იდეაში ნეტარ არიან
აი დიდძუძუებიანი ქართვლის დედა
და პატარაძუძუებიანი ქართველი ვარსკვლავი
აი თბილისის მერი
აი გალაკტიონის “მერი”
აი მსუქანი მერი ჭანტურია (ჩემი მეზობელი)
აი ინგა გრიგოლია
აი პრეზიდენტი
აი თითი
(კერძოდ კი შუათითი)
აი ვარაზისხევი
აი შუქნიშანი
აი ერი, რომელიც წითელზე გადადის,
(რა დასამალია და, ხანდახან მწვანეზეც გადავდივართ)
აი მწერალთა კავშირი
აი თამაზ წივწივაძე რეზო ამაშუკელის წიგნით ხელში
აი მეორადი მოხმარების ტანსაცმელი
აი ჩემი ლექტორი
აი ქართული სუფრა
აი “ასავალ-დასავალი”
აი ქალწულობის შემნახველი სალარო
აი ეროვნული სული
აი ცივილიზაცია
აი ჩვენ!“


პაატა შამუგიას აზრით, სოციალური თემატიკა, პროტესტის მუხტი თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში ნელ-ნელა იზრდება და ხილული ხდება, თუმცა იმისათვის, რომ ტექსტებმა ზეგავლენა მოახდინონ, ის ადრესატმა უნდა წაიკითხოს.

ხელისუფლება ან არ კითხულობს, ფიქრობს პაატა შამუგია, ან მისთვის არასასურველი ჯგუფების მარგინალიზაციას ცდილობს. მათ, ვინც პრობლემებზე ღიად ლაპარაკობს, წერს, მღერის და ა.შ., ფართო საზოგადოება, როგორც წესი, არ იცნობს. ასეთ პატარ-პატარა კონტრკულტურულ კუნძულებს კი ხელისუფლებაც ნაკლებად უფრთხის.

თუმცა ბოლო დროს, როცა პროტესტს და ხელოვნებას ერთად ახსენებენ, ყველას ქუთაისში მოქმედი ირიბი მოქმედების კიბერთეატრი ახსენდება - გიორგი ხასაიას და გიორგი წურწუმიას მოკლე ვიდეოპერფორმანსები, რომლებიც ძირითადად სოციალური ქსელებით ვრცელდება. მათი ადრესატი ხან პრეზიდენტია (მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს), ხან პოლიცია (წმინდა გორგის დაკითხვა), ხან ეკლესია, ხანაც მთელი ერი. ასე ჩნდება კიბერთეატრის პოლიტიკური არტები - დაუგეგმავად, მაგრამ ფაქტების კვალდაკვალ, გვეუბნება გიორგი წურწუმია.
გიორგი წურწუმია
გიორგი წურწუმია

”ჩემი აზრით, დღეს მთელ მსოფლიოში პოლიტიკური ხელოვნებაა აქტუალური. მგონია, რომ დღეს ავტორები ცდილობენ რაღაც ახალი ღირებულებები მოძებნონ. სად უნდა ეძებო ეს ღირებულებები? ყველაზე აშკარა და რაც ხელისგულზე გიდევს მართლა, ასეთი სფერო პოლიტიკაა, ადგილი, სადაც ხდება ის ცუდი რამეები, რაზეც რეაქცია შეიძლება გქონდეს. სხვათა შორის, ყველაზე მეტი კომენტარი ჩვენს რომელ ვიდეოსაც ჰქონდა, ეს იყო ”მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს”. თავიდან ცოტა შემეშინდა, მაგრამ მერე ეს შიში დავძლიე მე პირადად, რადგან ვიფიქრე, რომ ცუდს არ ვაკეთებდით. კი, შესაძლოა, ვიღაცას რეაქცია ჰქონოდა, დაერეკა მუქარით, მაგრამ ეს ყველაფერი გაივლის, ჩვენ კი ჩვენი სათქმელი ვთქვით.”


ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, წმინდა გიორგი დაკითხვის არტი, ხაშურის პოლიციის შენობაში გაურკვეველ ვითარებაში სოსო ქიმერიძის დაღუპვის ფაქტს მოჰყვა. პოლიციის ვერსიით, ქიმერიძე კიბიდან გადავარდა. კიბერთეატრის ამ ვიდეოარტში გიორგი ხასაია კითხვებს შორის ხანგრძლივ, აუტანელ სიჩუმეს ტოვებს:



”ვინ იპოვა ცხედარი? მკვდარი იპოვეთ? რა იგრძენით, როცა იპოვეთ? ვინ არის ცხედარი? ჩაცმული იყო? როგორ მიხვდით, რომ მკვდარი იყო? სანამ კიბიდან გადმოვარდებოდა, ცოცხალი იყო? პოლიციის შენობაში გასაპატიოსნებლად მიიყვანეთ? დაბანეთ? თვალები დაუხუჭეთ? იცეკვეთ მის გარშემო?“

ან ეს: გიორგი ხასაიას მუყაოს ყუთისგან გაკეთებული პატარა ტანკი ჩამოუცვამს ტანზე, გრძელი ლულით, და ქუჩაში დადის. ერთი კაცის ეს უცნაური აღლუმი სიმღერით სრულდება.



ერეკლე დეისაძე, რომლის სახელი მისი გახმაურებული წიგნის, ”საიდუმლო სირობის” შემდეგ გაიცნო საზოგადოებამ, თავს არც მეტი, არც ნაკლები პარტიზანს უწოდებს. ის ჩასაფრებულია და ამბობს, რომ საქართველოში მუსიკოსს თემები არ გამოელევა:

”ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 80 თეთრს რომ იხდი ტრანსპორტში, დენის და ნაგვის გადასახადს რომ ერთად იხდი და შენს აზრს არავინ ითვალისწინებს, ეს ხომ შენ გეხება, შენი ჯიბიდან წასული ფულია.. ერთხელ ნიკო ნერგაძემ თქვა ძალიან სწორად, რომ ქართული ალტერნატიული მუსიკოსები იმაზეც კი არ მღერიან, რომ სიგარეტი გაუთავდათო და, მე მგონი, ძალიან ზუსტია. პრობლემებს გვერდი არ უნდა აუარო. კი, ბევრი კარგი ჯგუფია, ვინც პეპლებზე და წვიმაზე მღერის და მომწონს კიდეც, ვთქვათ, შესრულების მხრივ, მუსიკა, მაგრამ როცა მღერი, მაგალითად, ნიუ-იორკის ცაზე და ცხოვრობ საქართველოში, სადაც პატიმარს გიკლავენ და უამრავი უსამართლობა ხდება, მე მგონია, რომ მთავარი უნდა იყოს ის, რაც აქ და ახლა ხდება და ამაზე უნდა იმღერო.”

თუ სცენაზე დგახარ და ყველა კმაყოფილია, თუ შენი სათქმელით ვერავის გააღიზიანებ, ჯობია სცენიდან ჩამოხვიდე, ფიქრობს ერეკლე დეისაძე და არც მალავს, რომ მისი მთავარი მუზა საქართველოს პრეზიდენტია:

”თუ საქართველოში ცხოვრობ, გამორიცხულია შემოქმედებითი კრიზისი გქონდეს, იმდენი თემაა გასაანალიზებელი და სამღერი. ჩემთვის პირადად მუზა არის სააკაშვილი, მისი გამოსვლები. რაღაცა მომწონს, რასაც ამბობს, მაგრამ როცა გარშემო ამდენი სოციალური პრობლემაა, ამ ფონზე მისი ”რეჩები” იმდენად სასაცილოა, რომ ჩემში ცინიზმის გრძნობა უფრო ღრმავდება. ასეთ რამეებზე ისეთი ბიტი უნდა დავადო, რომ ხალხმა იცინოს ამ შეცდომებზე…“

ერეკლე დეისაძის სიმღერაც - ”ღარიბთა ლოცვა” - კონკრეტულმა პროტესტმა გააჩინა. თუ რამ, ახსნა ალბათ არ სჭირდება. დეისაძე ამაზე ღიად მღერის.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG