Accessibility links

logo-print

წინასაარჩევნო რეკომენდაციები და ”ქართული ოცნების” მძიმე კვირა


გასული კვირის ორშაბათი, 25 ივნისი, იტალიურ ჟურნალ ”ლიმესში” დაბეჭდილი ერთი ინტერვიუს გარშემო განვითარებული მოვლენების განხილვით დაიწყო. იტალიურ ჟურნალს ინტერვიუ მისცა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ, რომელმაც განაცხადა, ჩვენ დიალოგისთვის მზად ვართო, და იქვე დაამატა:

”ვფიქრობ, რომ სხვა პრეზიდენტის - არა სააკაშვილის - პირობებში საქართველო სხვანაირი იქნებოდა და ჩვენ გვექნებოდა ყველა შესაძლებლობა, რომ შეთანხმებისთვის მიგვეღწია”.

როგორც ინტერვიუდან ირკვევა, ისინი პრაგმატულ თანამოსაუბრეს საჭიროებენ, ასეთ პრაგმატიკოს თანამოსაუბრეებად კი ვიაჩესლავ ჩირიკბას, მაგალითად, კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ალასანია და კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი წარმოუდგენია. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროგრამა ”ეხო კავკაზასთან” საუბრისას, რომელიც 25 ივნისს შედგა, ვიაჩესლავ ჩირიკბა იმასაც ამბობს, რომ მან თითქმის არაფერი იცის ბიძინა ივანიშვილის შესახებ. მას ამ შემთხვევაში პრაგმატულ თანამოსაუბრედ ირაკლი ალასანია მიაჩნია:

”ალასანია - კი, ის ჩვენთვის ცნობილია როგორც მართლაც პრაგმატული პოლიტიკოსი... მაგრამ, აი, ივანიშვილს ჩვენ არ ვიცნობთ, მისი პოლიტიკოსობა ჩემთვის არ არის ცნობილი. ასე რომ, სტატიის ავტორმა ჩემი ნათქვამი გაამარტივა და ისე გამოვიდა, თითქოს მე აუცილებლად ალასანიასა და ივანიშვილთან დიალოგს ვგულისხმობდი. მე, უბრალოდ, ვთქვი, რომ მომავალი ხელისუფლება, ახლანდელთან შედარებით, შესაძლოა უფრო პრაგმატული იყოს-მეთქი... დიახ, მე გვარებიც დავასახელე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც მათთან უნდა გავმართოთ მოლაპარაკებები.”

როგორც კოალიცია ”ქართული ოცნების” პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ ასევე 25 ივნისს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველო ოკუპირებული ტერიტორიების დაკარგვას არასოდეს შეურიგდება, თუმცა ის იმასაც აღნიშნავს, რომ ამ ხელისუფლებამ უკვე ყველანაირი რესურსი ამოწურა, რათა აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან აღადგინოს ნდობა და კონფლიქტური სიტუაცია უკეთეს ეტაპზე გადაიყვანოს. როგორც მაია ფანჯიკიძე ირწმუნება, ახალ ხელისუფლებას ამის ყველანაირი რესურსი ექნება.

ის, რომ ”ქართული ოცნების” ლიდერები აქტიურად ემზადებიან წინასაარჩევნო კამპანიისათვის, ამას უკანასკნელ პერიოდში მათ მიერ რეგიონებში ჩატარებული გასვლითი ღონისძიებებიც ცხადყოფს. თუმცა გასულ კვირას, 26 ივნისს, გორის რაიონის სოფელ მერეთში დაგეგმილ ღონისძიებას შეხლა-შემოხლა და ჩხუბი მოჰყვა. სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო რამდენიმე ადამიანმა, მათ შორის, ქალებმაც. დაპირისპირება კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ალასანია მხარდამჭერებთან ერთად სოფელში მოსახლეობასთან შესახვედრად ჩავიდნენ. ბიძინა ივანიშვილის მიმართ არაერთხელ გაისმა შეძახილები: „რუსეთის აგენტო, წადი!“

არ დაინდეს არც ქალები, არ დაინდეს არც მოხუცები, რამდენიმე საკმაოდ სერიოზულადაა ნაცემი ...

როგორც კოალიციის წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, პროვოკაცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა და მათთან დაახლოებულმა პირებმა მოაწყვეს. გარდა ამისა, ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლებას მეზობელი სოფლებიდანაც ჰყავდა მოყვანილი მხარდამჭერი სპორტსმენები, რომლებიც ჩხუბში აქტიურად მონაწილეობდნენ და ქალებს და ახალგაზრდებს ურტყამდნენ. აი, როგორ იხსენებდა მერეთში მომხდარ დაპირისპირებას კოალიციის წარმომადგენელი სოსო ვახტანგაშვილი:

„არ დაინდეს არც ქალები, არ დაინდეს არც მოხუცები, რამდენიმე საკმაოდ სერიოზულადაა ნაცემი. ახლაც, ამწუთას, ერთ-ერთი ახალგაზრდა გოგონა ჩამოგვყავს გორის საავადმყოფოში. ერთადერთი, რაც მინდა ვთქვა, ეს არის თხოვნა და უკვე მოთხოვნა საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი, რომ ცოტა უფრო ქმედითად ჩაერიონ ამ კონფლიქტებში, ვინაიდან სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიჰყავს ხელისუფლებას ეს ყოველივე. ამის თავიდან ასაცილებლად შეუძლია საუკეთესო არბიტრის როლი საერთაშორისო ორგანიზაციებმა შეასრულონ.“

მერეთში გამართული ჩხუბის შემდეგ "ქართული ოცნების" ლიდერების შეხვედრა მოსახლეობასთან ჩაიშალა. პროვოკაციის თავიდან აცილების მიზნით, ირაკლი ალასანიამ და ბიძინა ივანიშვილმა მერეთი დატოვეს. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გორის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ზურაბ ჩინჩილაკაშვილმა კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ბრალდებებს აბსურდული უწოდა:

„რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მონაწილეობას ამ ინციდენტში, რომელზეც ჩვენი ოპონენტები საუბრობენ, ეს არის სრული აბსურდი, იმიტომ რომ ჩვენი ორგანიზაცია არც ერთ აქტივისტს მსგავს დავალებას არ აძლევს. საერთოდ, მსგავსი ინციდენტები ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია და თავიდან ბოლომდე ვგმობთ ჩვენ, ვინაიდან ყველა პარტიას აქვს უფლება და უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მოსახლეობასთან მივიდეს და თავისი სამოქმედო გეგმა გააცნოს და წინასაარჩევნო კამპანია წარმართოს.“

შეხლა-შემოხლა მერეთში

შეხლა-შემოხლა მერეთში

აღსანიშნავია, რომ სოფელი მერეთი ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს მდებარეობს, სოფლიდან დაახლოებით 200 მეტრში რუსული საგუშაგოა განთავსებული. მიუხედავად იმისა, რომ სოფელში ქართული პოლიცია მუდმივად პატრულირებს, ინციდენტის ადგილზე 26 ივნისს არ გამოჩენილან. ეს სოფელი კიდევ იმით გახდა ცნობილი, რომ ცოტა ხნის წინ იქ ირაკლი ალასანიას მომხრე სამი ახალგაზრდა დააკავეს, რომელთა სასამართლო პროცესი დღემდე გრძელდება.

კოალიცია ”ქართული ოცნება” გასულ კვირას კიდევ რამდენჯერმე მოექცა საზოგადოებისა და მედიის ყურადღების ცენტრში. ამჯერად საუბარია 27 ივნისს ”ქართული ოცნების” ორი წარმომადგენლის დაკავების ფაქტზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კოალიცია ”ქართული ოცნების” წარმომადგენლები - 21 წლის ირაკლი პერტენავა და 43 წლის ზურაბ ფიფია - კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლის გადაბირებასა და მოსყიდვას ცდილობდნენ. არ დაახანა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის შოთა უტიაშვილის ბრიფინგმაც:

”როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ისინი დაუკავშირდნენ შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომელს კახა ბაღათურიას და სთავაზობდნენ მას ფულად ანაზღაურებას და უსაფრთხოების გარანტიებს სამინისტროზე მიწოდებული ინფორმაციის სანაცვლოდ. ეს ინფორმაცია უნდა ყოფილიყო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შესახებ.”

პარალელურად გავრცელდა საკმაოდ დაბალი ხარისხის ფარული ვიდეოჩანაწერი, რომელსაც ტიტრები ახლდა. ერთ-ერთი ინფორმაცია, რაც ამ ტიტრებიდან შეიტყო საზოგადოებამ, იყო ის, რომ დაკავებული ირაკლი პერტენავა თავის მოსახელეზე, ვინმე ირაკლიზე, ლაპარაკობს, რამაც არაერთი კითხვის ნიშანი წარმოშვა. კონტექსტიდან გამომდინარე, ბევრმა იფიქრა, რომ ფარულ ჩანაწერში ნახსენებ ვინმე ირაკლიში, რომელიც თითქოსდა ასევე ჩართული იყო პოლიციელის მოსყიდვის მცდელობაში, შესაძლოა ირაკლი ალასანია იგულისხმებოდეს. თუმცა, როგორც შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ჩანაწერში ნახსენები ირაკლის ვინაობა ჯერჯერობით არ იყო დადგენილი.

კოალიცია ”ქართული ოცნების” კიდევ ერთმა ლიდერმა, ირაკლი სესიაშვილმა, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას 27 ივნისს გავრცელებულ ინფორმაციას მის წინააღმდეგ მიმართული ”მეორე სერია” უწოდა. სესიაშვილმა გაიხსენა 17 ივნისს გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, შსს-ს მიერ დაკავებულმა ზაზა ჭელიძემ, მისმა მეგობარმა, სესიაშვილს დაადო ხელი პოლიციის თანამშრომლის მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებით.

NDI-ისა და IRI-ის სადამკვირვებლო მისიები, რომლებსაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა აფინანსებს, არის დამატება იმ კონტრიბუციაზე, რომელსაც შეერთებული შტატები ეუთოს მონიტორინგის პროცესში განახორციელებს ...

წინასაარჩევნოდ გააქტიურებული ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის
პარალელურად, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარებისა და თავისუფალი და სამართლიანი წინასაარჩევნო გარემოს შექმნის მიზნით, სადამკვირვებლო ჯგუფების დახმარებას გეგმავს. ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ჯონ ბასმა 28 ივნისს განაცხადა.

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მიმდინარე საარჩევნო პერიოდში არ უჭერს მხარს ერთ რომელიმე კონკრეტულ პირს ან პარტიას, - ამ სიტყვებით გახსნა სპეციალური პრესკონფერენცია ჯონ ბასმა გასული კვირის ხუთშაბათს. რაც შეხება პრესკონფერენციის ძირითად თემას, ანუ საარჩევნო მონიტორინგს, ამ მიმართულებით ელჩმა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ორ ინიციატივაზე გაამახვილა ყურადღება. ესენია გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის განხორციელების ხელშეწყობა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, IRI-სა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ის მიერ და არჩევნებში მონაწილე კანდიდატი ქალების მხარდაჭერა. პროგრამა ითვალისწინებს ივლისიდან ოქტომბრამდე ვადით სამი გრძელვადიანი დამკვირვებლის ჩამოსვლას ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტიდან და 12 გრძელვადიანი დამკვირვებლის ჩამოსვლას არჩევნებამდე სამი თვით ადრე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან. აქვე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი აზუსტებს, რომ მისი ქვეყნის მონაწილეობა საქართველოში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მხოლოდ ამ ორი სადამკვირვებლო მისიის მხარდაჭერით არ შემოიფარგლება.

”NDI-ისა და IRI-ის სადამკვირვებლო მისიები, რომლებსაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა აფინანსებს, არის დამატება იმ კონტრიბუციაზე, რომელსაც შეერთებული შტატები ეუთოს მონიტორინგის პროცესში განახორციელებს. არჩევნების დაკვირვების პროცესში, როგორც საერთაშორისო მონიტორინგის ნაწილი, ჩართული იქნებიან ასევე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომლებიც”,
განმარტა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ჯონ ბასმა.

29 ივნისს თბილისში NDI-ის საერთაშორისო დელეგაციამ საქართველოში დაახლოებით ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში წინასაარჩევნო გარემოს შესწავლის შედეგად შემუშავებული ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. 29 ივნისს NDI-ის დელეგაციის წარმომადგენელმა, საქართველოში ევროკავშირის ყოფილმა ელჩმა პერ ეკლუნდმა მედიას 2008 წლის შემდეგ გადადგმული წარმატებული ნაბიჯების ჩამონათვალი გააცნო, თუმცა იქვე გამოხატა შეშფოთებაც:

პერ ეკლუნდი

პერ ეკლუნდი

”დელეგაცია შეშფოთებულია მზარდი პოლიტიკური პოლარიზაციით ქვეყანაში და კონსტრუქციული დისკუსიის არარსებობით პოლიტიკურ ლიდერებს შორის. პოლიტიკური მოწინააღმდეგეების შეურაცხყოფა ჩვეულებრივ პრაქტიკად იქცა და, მეტიც, საარჩევნო კამპანიის რიტორიკაში ჯერ ისევ გვხვდება სიძულვილის ენა რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მისამართით; კვლავაც ვრცელდება ცნობები პოლიტიკურად მოტივირებული ზეწოლისა და კამპანიის თანხების არამიზნობრივად ხარჯვის თაობაზე; კვლავაც ისმის ბრალდებები საჯარო მოხელეების მოქრთამვის მცდელობისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ.”

საქართველოს პარლამენტისა და მთავრობისთვის გამიზნულ რეკომენდაციებში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს საარჩევნო პროცესში მონაწილე ყველა მხარის თანაბარ პირობებში ჩაყენებას და საარჩევნო კანონმდებლობის თანაბრად გამოყენებას. რაც შეეხება კონტროლის პალატისთვის გამიზნულ რეკომენდაციებს, NDI-ის ანგარიშში, მაგალითად, ვკითხულობთ, რომ ”სამსახურმა უნდა შეიმუშაოს, გამოაქვეყნოს და დაიცვას გამჭვირვალე, თანმიმდევრული და სამართლიანი პროცედურები” და, მათ შორის, უზრუნველყოს ”გამოძიების (მონიტორინგის) შესახებ შესაბამისი ინფორმაციის საჯაროობა.”

გასული კვირის ბოლოს, 30 ივნისს, განხორციელდა მნიშვნელოვანი სამთავრობო ცვლილება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ჩაიბარა. საქართველოს პრეზიდენტმა ამის შესახებ განცხადება გააკეთა 30 ივნისს, საღამოს შვიდი საათისთვის, პრეზიდენტის სასახლეში, უკვე ყოფილ პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურსა და ასევე უკვე ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილთან ერთად:
მე ვიცი, რომ საქართველოში ძალიან ბევრი უმუშევარია. მე მესმის მათი და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ამ ადამიანებს მიეცეთ დასაქმების დამატებითი შესაძლებლობა...

”ვანო არის ის კაცი, რომელმაც შეძლო ჩვენთან ერთად კორუფციის და კრიმინალის ბეჭებზე დადება. ვანომ შეძლო პოლიციაში, რომელიც მთლიანად იყო დისკრედიტირებული, ახალი სტრუქტურის, ახალი მექანიზმების შექმნა, ახალი ხალხის მიყვანა. მან ბოლო წლებში შეძლო რამდენიმე ძალიან საპასუხისმგებლო დავალების შესრულება. მარტო ის რად ღირს, რომ, მაგალითად, როცა 2008 წლის რუსული აგრესიის შემდეგ რამდენიმე ათეულ ათას ჩვენს თანამოქალაქეს დასჭირდა ახალი სახლები, ეს პროგრამა მაშინ ჩავაბარეთ ვანოს და წარმოუდგენლად მოკლე ვადებში მან შეძლო პრაქტიკულად ახალი ქალაქების აშენება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ბეჭებზე დადებს ჩვენს მთავარ მტერსაც, უმუშევრობას.”

უმუშევრობის ”ბეჭებზე დადების” პირობა ვანო მერაბიშვილმა მას შემდეგ დადო, რაც მიხეილ სააკაშვილმა ახალ პრემიერ-მინისტრს გადასცა სიტყვა:

”მე ვიცი, რომ საქართველოში ძალიან ბევრი უმუშევარია. მე მესმის მათი და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ამ ადამიანებს მიეცეთ დასაქმების დამატებითი შესაძლებლობა. ვაპირებ ორშაბათსვე წარმოვადგინო გეგმა და ამ გეგმაში იქნება გაწერილი თანმიმდევრობით, თუ რას გავაკეთებთ დღეს, ხვალ და მომდევნო წლებში, რომლის მთავარი აქცენტები იქნება სამი პრინციპი: დასაქმება, სოფლის განვითარება და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა.”
XS
SM
MD
LG