Accessibility links

24 ივნისი, კვირა
თუ სახლში ხანდახან მუშის როლში გიწევს ყოფნა, კვირაობით დიდი ალბათობით ელიავას ბაზრობას უმეგობრდები. აქაურობა „ლეგოს“ სათამაშოს, ან ჩვენი ბავშვობის კონსტრუქტორებს ჰგავს. უამრავი მასალისა და ინსტრუმენტის ნახვის შემდეგ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ რაიმე ერთი მიზნით მიდიხარ, სრულიად შესაძლებელია, სხვადასხვა რამის ნახვის შემდეგ, მრავალი იდეა გაგიჩნდეს. ელიავას ბაზრობა ასევე საგანმანათლებლო ფუნქციებსაც ასრულებს. ტექნოლოგიების, შრომის ეფექტიანობის ან საყოფაცხოვრებო სტანდარტების შესახებ ახალი ცოდნა თუ გინდა შეიძინო, აქ უფასო კურსის გავლა შეგიძლია. მთავარია, არ დაგეზაროს კითხვა დაუსვა გამყიდველს, და თუ მას პასუხი არ ეზარება, შემდეგ უკვე სხვა რამ ხდება მნიშვნელოვანი - რომ დროზე დაიხსნა თავი!

სახლში შრომა ძალიან ჰგავს კომპიუტერულ პროგრამირებას. შედეგის დანახვა სწრაფად შეგიძლია და, თუ მიზანსაც მიაღწიე, სიამოვნებასაც სწრაფად იღებ. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ მოსწონთ ხოლმე ახალგაზრდებს პროგრამირება. სხვა რაიმეს როდესაც სწავლობ, შედეგის დანახვას დიდი დრო ჭირდება. მასწავლებლები ხშირად ეუბნებიან სკოლის მოსწავლეებს, რომ თუ ისწავლიან, მაშინ ეს მათ როდისღაც, მომავალში გამოადგებათ. არადა, ბავშვს რომ ნამდვილი ინტერესი გაუჩინო სწავლისადმი, მნიშვნელოვანია, შედეგი სწრაფად დაანახო. შედეგში კი, ცხადია, მასწავლებლის მიერ თავსმოხვეული თამაშიდან თავის დაძვრენა კი არ იგულისხმება, საკონტროლოს სწორად დაწერა ან სწორი პასუხის გამოცნობა, არამედ ისეთი რამის შექმნა, რაც მანამდე არ არსებობდა და რითაც მოსწავლე იამაყებდა.

მეორე, რითაც განათლება სასიამოვნო შრომას უნდა უტოლდებოდეს, ის არის, რომ პროცესი უნდა იყოს სასიამოვნო, შედეგის მიღწევამდეც კი. ყველაზე რუტინულ საქმეშიც კი, თუ რაიმე გასართობს აღმოაჩენ, მაშინ ერთი და იმავეს გამეორებისასაც კი ახალს და საინტერესოს აღმოაჩენ. სტუდენტობისას, გერმანიაში, კონვეიერზე მიმუშავია. მონოტონურ ფიზიკურ სამუშაოშიც კი პოულობ ისეთ რამეს, რაც შენთვის ინტელექტუალური სტიმულირების საფუძველზე გართობის ტოლფასი ხდება. მუდმივად ჰქმნი მიზნებს, რომლებსაც უნდა მიაღწიო და შემდეგ ცდილობ, ეს მიზნები უფრო და უფრო გაართულო. რამდენ ხანში შევძლებ იმ საქმის გაკეთებას, რაც დამევალა? ნაკლებ დროში მეტის გაკეთება თუ არის შესაძლებელი? რაიმე კანონზომიერებებს თუ ვიპოვი და სხვ. ცხადია, მნიშვნელოვანია, რომ სწავლა მუდმივად სიახლეებს შეიცავდეს. ეს კი სასწავლო გარემოს - არა მხოლოდ ფიზიკურის - ცვლილებებს მოითხოვს. გარემოს კი ჩვენ თვითონ ვცვლით, როდესაც მას ისეთად წარმოვიდგენთ, როგორიც ჩვენთვის არის საინტერესო.

25 ივნისი, ორშაბათი
ინტერნეტში ამინდის პროგნოზს ვამოწმებ. მაინტერესებს, იქნება თუ არა ამ კვირაში ქარი. თუ რომელიმე დღეს ქარის სიჩქარე საათში 25-30 კილომეტრია, ეს ნიშნავს, რომ ამ დღის ნაწილი უნდა გამოვათავისუფლო. რამდენიმე წელია, ზაფხულობით და შემოდგომაზე, ქარს ველოდები. თუ ის ამოვარდება, ავდივარ თბილისის ზღვაზე. იქ თითქმის ყოველთვის პატარა, მაგრამ ჩემნაირად გახარებული ადამიანების ჯგუფი მხვდება. ჩვენ ყველას ის გვაერთიანებს, რომ სიამოვნებას წყლის სპორტით, კერძოდ კი ვინდსერფინგითა და კაიტსერფინგით ვიღებთ.

ვინდსერფინგიც და კაიტსერფინგიც გულისხმობს დაფაზე დგომისას წყალზე სრიალს. ორივეს ქარი ჭირდება. პირველი ქარს აფრით იჭერს, მეორე კი - ფრანით. ორივე საკმაოდ დიდ სიჩქარეს ავითარებს. მილიონნახევრიან ქალაქში ამ სპორტით მხოლოდ ათიოდე სხვადასხვა ასაკის, ეროვნებისა და პროფესიის ადამიანი ვართ დაკავებული. ერთმანეთი უმეტესობამ იქ გავიცანით. ყველანი ან დამწყებები ვართ და ან საშუალო დონის სერფერები. ერთმანეთს ვეხმარებით რჩევებით, აღჭურვილობით და ინფორმაციით.

ჩვენ იახტკლუბის მოპირდაპირე, მოუწყობელ სანაპიროზე ვიკრიბებით ხოლმე. აქ მეტი ადგილია აღჭურვილობის გასაშლელად და პატარა ყურეა, სადაც უკეთ შეიძლება ვარჯიში. ჩვენ გარდა აქ ბევრი სხვა ადამიანიც დადის. მათ ყოველთვის ვერ ვხედავთ, მაგრამ მათი არსებობის ამბავს აურაცხელი ნაგავი, პარკები, პლასტმასის ბოთლები, საჭმლის ნარჩენები და ჰიგიენის ნივთები გვამცნობს. უცნაურია, ადამიანებს ამ ნაგავში დროსტარება რომ მოსწონთ...
როდესაც უცხო აფრებსა და ფრანებს ხედავენ, სხვებიც ინტერესდებიან. თუმცა, ცნობისმოყვარეობა იშვიათად იწვევს მათ ჩართვას. რამდენიმე კვირის წინ ფრანი ავაწყვე, ცაში გავუშვი და მანევრირებაში ვვარჯიშობდი. ახალგაზრდა მამაკაცი მოვიდა. მეკითხება: „ეს შენია?“ „დიახ“, ვუპასუხებ. „ამუღამებ?“ „დიახ.“ „ეს შენი ჰობია?“ „დიახ. შენი ჰობი რა არის?“ - ამჯერად მე ვეკითხები. „ჩემი ჰობი?“ - დაფიქრდა... გაიხედა მთისკენ. „ფარას ხომ ხედავ?“ „ვხედავ“ - ვეუბნები. „აი, მანდ, იმ პატარას ხომ ხედავ? მაგის ჩაქაფულია ჩემი ჰობი!“ გაგვეცინა ორივეს. თუ საქართველოს ოცდაათ წელს გადაცილებული მოქალაქეების უმეტესობის სხეულის ფორმებს გავიხსენებთ, დიდი ალბათობით ეს „ჰობი“ ბევრის მთავარი ინტერესია.

დღეს ზაზა ბიბილაშვილი ვნახე. თანამოაზრეებთან ერთად რიხარდ ვაგნერის საზოგადოება ჩამოუყალიბებია. წელს ვაგნერის შესახებ წიგნების ქართულად თარგმნასა და გამოცემას გეგმავენ. რამდენი კარგი რამ იარსებებდა ჩვენს ქვეყანაში, საზოგადოების დიდი ნაწილი რომ ასე იქცეოდეს?!

26 ივნისი, სამშაბათი
უნივერსიტეტში სიახლეებია. ახალ იურიდიულ სტატუსზე გადავდივართ. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ნაცვლად არამომგებიანი იურიდიული პირის სტატუსი მივიღეთ. სავარაუდოდ, ამან მეტი თავისუფლება უნდა მისცეს სახელმწიფო უმაღლესებს. ჩვენთანაც, სავარაუდოდ, შიდა სტრუქტურა შეიცვლება. ახალი ამაში არაფერია. იმდენად ხშირად იცვლება ეს სტრუქტურა, რომ პროფესორების ნაწილი ვერც ასწრებს არსებული სტრუქტურის ფარგლებში მაქსიმალურად თვითრეალიზებას.

ხშირი ცვლილებები, ზოგადად, განათლების სისტემის ფარგლებშიც ბევრ სირთულეს ქმნის. პრობლემა არა მხოლოდ ის არის, რომ ურთიერთსაწინააღმდეგო მექანიზმების დანერგვა ხდება ხშირად, არამედ ისიც, რომ საკმარისი დრო არ რჩება ამ მექანიზმების ეფექტიანობის შესაფასებლად. ვხედავთ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც საფუძვლად კვლევა არ უდევს. ასევე, გადაწყვეტილებების მიღებისას პრაქტიკულად არ ხდება იმ ხალხის ინტერესების შესწავლა, რომელმაც ეს ცვლილებები უნდა განახორციელოს. სისტემის დონეზე, ცხადია, სირთულეები გაცილებით კომპლექსურია, მაგრამ იმ ორგანიზაციებშიც კი, სადაც ბევრი მცოდნე, აქტიური და პატივსაცემი ადამიანი მუშაობს, გადაწყვეტილებების მიმღებები საჭიროდ არ თვლიან, რომ მათთან ერთად მომავლის რაიმე კონკრეტული გეგმა დეტალურად განიხილონ. შედეგად ვიღებთ განმახორციელებლების მხრიდან დაბალ მოტივაციას და ურთიერთპატივისცემის ნაკლებობას.

განათლების თემაზე დისკუსიაში ვერთვები ფეისბუკში. განვიხილავთ სკოლის დირექტორის ბლოგს, სადაც სერიოზული პრობლემზეა საუბარი. ავტორი აღწერს თავის სკოლას, სადაც მეცხრე კლასის ბოლოს ჩატარებულ გამოცდებში 120 მოსწავლიდან 35-ზე მეტი ჩაიჭრა. სკოლის დირექტორისა და მისი თანამოაზრეების თანახმად, სკოლის ზედა საფეხურზე სწავლა დამსახურების მიხედვით უნდა ხდებოდეს. მისი მსჯელობიდან ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მისი მიზანი სულაც არ არის, მაქსიმალურად ბევრი მოსწავლე აღწევდეს დადებით შედეგს. გამოდის, რომ გამოცდების მიზანი არის არა რეალური ვითარების გარკვევა და შემდეგ საკუთარი მეთოდების დახვეწა, არამედ მოსწავლეების თავიდან მოშორება. ეს იმას ჰგავს, მედიცინაში დიაგნოსტიკის ინსტრუმენტები გამოვიყენოთ პაციენტების შერჩევისთვის, და არა მათი მკურნალობისთვის. ვინც ყველაზე მეტ მკურნალობას საჭიროებს, იმათ საავადმყოფოდან ვაგდებთ და შემდეგ ამაყად ვსაუბრობთ ჩვენს მიღწევებზე.

27 ივნისი, ოთხშაბათი
მიუხედავად იმისა, რომ არანაირი სკანდალი ამ კვირაში არ მომხდარა, ვიღაცას მაინც აინტერესებს განათლების საკითხები. ჟურნალისტი მთხოვს ინტერვიუს ახალ საგამოცდო სისტემასთან დაკავშირებით. აბიტურიენტები ჯერ სასკოლო გამოსაშვებ გამოცდებს აბარებენ რვა საგანში, შემდეგ კი ოთხ გამოცდას უმაღლესში მისაღებად. შემდეგი წლიდან დაგეგმილია, რომ მისაღები გამოცდების რაოდენობა ერთამდე დავა. მიმდინარეობს მსჯელობა, რამდენად ადეკვატური იქნება ეს გამოცდები იმისთვის, რომ უნივერსიტეტებისთვის სამართლიანად შეირჩნენ აბიტურიენტები. მეორე საკითხია, რამდენად უზრუნველყოფს ეს სისტემა უნივერსიტეტში სწავლისთვის საკმარისად მომზადებული ახალგაზრდების გამოვლენას. ბევრს აინტერესებს, რით ჯობია ახალი სისტემა ძველს.

პრინციპულად უმაღლესებში მიღების სისტემა არ იცვლება. მნიშვნელოვანი პრობლემები ისევ რჩება. უმაღლესებში მოსახვედრად მხოლოდ გამოცდების შედეგებია მნიშვნელოვანი. უმაღლესები თავად ვერ არჩევენ მათ, ვისთვისაც პროგრამებს ჰქმნიან. აქედან გამომდინარე, უნივერსიტეტებში რეალურად ვერც სარგებლობენ სტუდენტების მიერ მოტანილი გამოცდილებით.

ყურადღება პრაქტიკულად არ ექცევა იმას, თუ რას აკეთებს სკოლაში მოსწავლე გამოცდებზე მომზადების გარდა. ეს კი უმნიშვნელოს ხდის ბევრი მოსწავლისთვის სოციალური უნარ-ჩვევების შეძენას. ამიტომ სკოლას ამთავრებენ ისეთი მოსწავლეები, რომლებსაც თვითორგანიზების, ლიდერობის, რისკზე წასვლის, რაიმეს შექმნის უნარ-ჩვევები არ გააჩნიათ. შედეგად ვიღებთ საზოგადოებას, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილის „ჰობი“ ჩაქაფულია...

დღეს სტუდენტებს საბოლოო პრეზენტაციები აქვთ. სასარგებლო გამოცდილება შეიძინეს სკოლებში პედაგოგიური პრაქტიკის გავლის დროს. ბევრმა მხოლოდ სკოლაში გააცნობიერა ის კომპეტენციები, რაც უნივერსიტეტში შეიძინა. თუმცა ბევრი კომპეტენცია მათ მაინც აკლიათ. პრეზენტაციებამდე მათ რეგისტრაცია უნდა გაევლოთ სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში. გახსნილი იყო ცხრილი, სადაც დღევანდელი თარიღის გასწვრივ დროის ის ინტერვალები იყო ჩამოწერილი, რომლებიც პრეზენტაციებს ეთმობოდა. სტუდენტებს საკუთარი სახელი და გვარი სასურველი დროის გასწვრივ უნდა ჩაეწერათ. რამდენიმე სტუდენტმა თვითნებურად დაამატა მისთვის სასურველი აბსოლუტურად სხვა დღე, ზოგმა კი პრეზენტაციის დროები შეცვალა. ძალიან გაუკვირდათ, როდესაც ავუხსენი, რომ ისინი არსებულ ჩარჩოებში უნდა ჩაეწერონ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს მათთვის ჩვეულებრივი რამეა წესების საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე და სხვებთან შეუთანხმებლად შეცვლა. ამას ჩვენ გარშემო ყოველდღე ვხვდებით. ზოგი მანქანას შუა ქუჩაში აჩერებს, ზოგი მანქანის ფანჯრიდან ნაგავს ისვრის, ზოგი კი ცხვირწინ, რიგში მდგომ ადამიანებს ვერ ამჩნევს.

28 ივნისი, ხუთშაბათი
დღის ბოლოს მეგობრებს ვხვდები. დიდხანს ვსაუბრობთ იმის შესახებ, თუ როგორ ხრავს პოლიტიკაზე გამუდმებით საუბარი ცხოვრების უდიდეს ნაწილს. თითქოს ჭკვიანი ადამიანები ჩვენს ირგვლივ, დღეებს პოლიტიკური პარტიების წევრების გამონათქვამების, გამომეტყველებისა და წარსულის დეტალების განხილვაში ატარებენ. ასე დაწვრილებით, მგონი, საკუთარ ცხოვრებასაც კი არ იცნობენ. ან რა უნდა გაიგონ საკუთარი ცხოვრების შესახებ, როდესაც სხვისი ცხოვრება მათთვის უფრო საინტერესოა? შედეგად კი არაფერი რჩება გარდა იმ დიალოგების, რომლებიც ეძღვნება იმის გარჩევას, უნდა ეთქვა თუ არა, ან როგორ უნდა ეთქვა რაიმე პოლიტიკოსს. მიხარია, რომ მყავს მეგობრები, რომლებიც თვლიან, რომ პოლიტიკოსები არ იმსახურებენ ჩვენს ამდენ ყურადღებას.

ვმსჯელობთ ჩვენი საქველმოქმედო ორგანიზაციის, „ბორანის“ საქმიანობაზე. ძალიან ბევრი პროექტია დარეგისტრირებული. ბევრ ადამიანს სჭირდება საკუთარი პირობების გაუმჯობესება. თუმცა, რაც მახარებს, ისაა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ჩაერთო სხვების დასახმარებლად. ჩვენს საიტზე www.borani.org, ვფიქრობ, გაცილებით მეტი კეთდება, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ის კავშირები და ღირებულებები, რაც მებორნეების მეშვეობით ყალიბდება, გაცილებით უფრო დიდი შენაძენია, ვიდრე ის ნივთი, რომლის შესასყიდადაც შემოწირულობები გროვდება.

29 ივნისი, პარასკევი
უნივერსიტეტში სტუდენტებს შევხვდი. ბაკალავრიატის პირველი კურსის ბოლოს არჩევანს აკეთებენ ძირითადი და მეორადი სპეციალობების შესახებ. ვუხსნიდი, რატომ უნდა გახდეს ადამიანი მასწავლებელი. მოვუყევი კალიფორნიაში ჩემი ამასწინანდელი ყოფნის გამოცდილების შესახებ, როდესაც სერფინგის კურსი ავიღე. მშვენიერი მასწავლებლები მყავდა: ხალისიანი, მცოდნე და მოსწავლეების საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე ორიენტირებულები. ტექნოლოგიებსაც კარგად იყენებდნენ. მაძლევდნენ სპეციალურ ჩაფხუტს, რომ, ოკეანეში შესულს, რადიოს მეშვეობით მასწავლებლის ინსტრუქციების მოსმენის საშუალება მქონოდა.

ვუხსნიდი სტუდენტებს, რომ მასწავლებლები მხოლოდ შავებში ჩაცმული, საშუალო ასაკის, სკოლის დირექტორებზე გაბრაზებული, თვალებჩამქრალი ადამიანები არ არიან. ასევე ვუხსნიდი იმას, რომ მასწავლებლობა ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე რომელიმე ოფისში მთელი დღე ჯდომა და კომპიუტერის ყურება.

სამწუხაროდ, მასწავლებლობა დღეს ძალიან ცოტას უნდა საქართველოში. მასწავლებლების დიდი ნაწილი არა მხოლოდ საკუთარი პროფესიონალიზმის დახვეწაზე, არამედ მოსწავლეების კეთილდღეობაზეც არ ზრუნავს. ბევრი, რომ სთხოვო კიდეც, მაინც არ დარჩება სკოლაში გაკვეთილების შემდეგ იმისთვის, რომ იმ მოსწავლეებს დაეხმაროს, ვისაც სწავლის პრობლემები აქვს. მე კი გამიმართლა: მყავდა ისეთი მასწავლებელი, რომელიც ერთხელ სახლშიც კი მოვიდა. ასე მითხრა, დავინახე რომ მელოდებოდი და, სამწუხაროდ, ყურადღება ვერ მოგაქციე; ამიტომ მოვედი და მითხარი, რაში დაგეხმაროო. მართალია, რომ მასწავლებელი სკოლიდან ხშირად იმიტომ გარბის, რომ დამატებითი შემოსავალი იშოვოს. თუმცა, ბევრი მასწავლებელი მინახავს, საკმაოდ მაღალი ანაზღაურებით, რომელიც მოსწავლეზე და, განსაკუთრებით, პრობლემების მქონე მოსწავლეზე ზრუნვას უკანასკნელ პრიორიტეტად მოიტოვებს.

გულგრილობა და ზერელე დამოკიდებულება, სავარაუდოდ, იმის ნიშანია, რომ ადამიანები საქმით საკუთარი შინაგანი ინტერესიდან გამომდინარე არ არიან ხოლმე დაკავებული. ამიტომ არის, თავს რომ ექსპერტებად მოგვაჩვენებენ ის ადამიანებიც კი, რომლებიც იშვიათად ცდილობენ საკუთარი ინტერესის სფეროს სიღრმეებში ჩასვლას, საკუთარ სრულყოფაზე, საკუთარ რეპუტაციაზე ზრუნვას.

30 ივნისი, შაბათი
დღეს მივფრინავ სტამბოლში. საზაფხულო სკოლა ტარდება სოროსის ფონდის სტიპენდიატებისთვის ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან და ახლო აღმოსავლეთიდან. ამერიკაში წასასვლელად გვამზადებენ. აგვისტოდან დაწყებული, შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში, უნდა ვისწავლო, ვიკვლიო და ვიმუშაო განათლების საკითხებზე ნიუ იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში. ყველაზე ნაკლები შედეგი, რაც ამ ხუთ წელს უნდა მოჰყვეს, განათლების დოქტორის ხარისხია.

ორი წლის განმავლობაში, ნიუ იორკში, კურსები უნდა გავიარო. შემდეგ ჩამოვდივარ საქართველოში და სამი წლის განმავლობაში კვლევას ვატარებ. კვლევა განათლების პოლიტიკის შესახებ იქნება. მინდა შევისწავლო, რამდენად მოქმედებს განათლების ხარისხზე სკოლებისთვის გადაწყვეტილებების მიღების უფლებების გაზრდა. ვფიქრობ, კვლევა შედარებითი იქნება, სადაც სხვადასხვა საგანმანათლებლო პოლიტიკის მქონე ქვეყნების მაგალითები იქნება გამოკვლეული.

საბოლოოდ რა იქნება თემის ფოკუსი, ეს შემდეგი წლების განმავლობაში დადგინდება. რთულია დღეს იმის თქმა, თემის დამტკიცებისას რა ფორმაზე დამთანხმდებიან. მოთხოვნები საკმაოდ მაღალია. შემდეგი ორი წლის განმავლობაში ორი საკვალიფიკაციო გამოცდა უნდა ჩავაბარო. შემდეგ, კომისიას კვლევის გეგმა უნდა წარვუდგინო. ერთხელ თუ დაიწუნეს, მეორედ კომისიაზე გასვლის შესაძლებლობას პროგრამა არ ითვალისწინებს. თუ ვერ დაიცავ შენს გეგმას, უნდა დაემშვიდობო უნივერსიტეტს.

აქ დღიურის წერის ჩემი თავისუფლება მთავრდება და იწყება ცხოვრება ახალი თავგადასავლებით. დროებით, ქეთის და ბავშვებს უნდა დავემშვიდობო.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG