Accessibility links

გაზეთი ”კომერსანტი” საქართველოში განხორციელებულ სამთავრობო ცვლილებებს ეხმაურება. ”საქართველოს პრეზიდენტმა პარტნიორი მინისტრი დანიშნა” - სტატია ამ სათაურით ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნას ეხება. ”კომერსანტი” წერს, რომ ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება შესაძლოა ორი მიზეზით აიხსნას - პირველი ის, რომ სააკაშვილმა საპარლამენტო არჩევნების წინ მერაბიშვილის პრემიერად დანიშვნით პოზიციები გაიძლიერა და მეორე ის, რომ მერაბიშვილის სახით მან საზოგადოებას თავისი ფაქტობრივი მემკვიდრე წარუდგინა.

”ოცნებას ფრთები შეაკვეცეს” - ამ სათაურით სტატიას გაზეთი ”ნოვიე იზვესტია” ბეჭდავს. გაზეთი წერს, რომ საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს სხვადასხვა გზით ივანიშვილის ფინანსებზე შეტევას და ამას იმით ხსნის, რომ ”კანონის წინაშე ყველა თანასწორია”.

ივანიშვილის თემას გაზეთი ”კომერსანტიც” ეხება. ”ივანიშვილი თავისიანად არ ცნეს”, - წერს გაზეთი და პოლიტიკაში წასული ბიზნესმენისათვის მოქალაქეობაზე უარის თქმის დეტალებს მიმოიხილავს. როგორც ცნობილია, წერს გაზეთი, სააპელაციო სასამართლომ ივანიშვილს უარი უთხრა მოქალაქეობის აღდგენაზე, რის გამოც მისი ადვოკატები ბრძოლას ჯერ უზენაეს, შემდგომ კი, მორიგი უარის შემთხვევაში, ევროპულ სასამართლოში გააგრძელებენ.

გაზეთი ”იზვესტია” ბეჭდავს ინტერვიუს რუსეთის პრეზიდენტის ახლად დანიშნულ მრჩეველთან კულტურის საკითხებში, ვლადიმირ ტოლსტოისთან, ცნობილი რუსი მწერლის, ლევ ტოლსტოის შვილიშვილთან. ინტერვიუში ის ამბობს, რომ მნიშვნელოვანია კულტურული ხიდების აღდგენა დსთ-ს ქვეყნებს შორის და ყურადღებას ამახვილებს საქართველო-რუსეთის კულტურულ ურთიერთობებზე: ”ძალიან უნდა ვეცადოთ ამას. არის იმედი, რომ საქართველოში ვითარება შეიცვლება და ორი ახლობელი კულტურა - რუსული და ქართული - კვლავაც გაერთიანდება”, - ამბობს ვლადიმირ ტოლსტოი.

”იზვესტია” ეხმაურება მძიმე ვითარებას, შექმნილს რუსეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, სადაც კილომეტრიან რიგებში, რუსეთის დუმის დეპუტატების განცხადებით, ადამიანები იღუპებიან. ის, რომ საბაჟოებზე პრობლემებია, რუსი ექსპერტები სისტემაში არსებული კორუფციით ხსნიან. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა პარლამენტთან საკოორდინაციო საბჭო, რომელიც შეეცდება სისტემაში არსებული პრობლემების გადაჭრას.

ამავე გამოცემის ყურადღების ცენტრში მოექცა ის ფაქტი, რომ იარაღის მსოფლიო ბაზარს ამიერიდან კონტროლს გაერო გაუწევს - კერძოდ, 2-დან 27 ივლისამდე იარაღით ვაჭრობის გლობალური შეთანხმების დეტალებზე 150 ქვეყნის დელეგატი იმსჯელებს ნიუ-იორკში, გაეროს შტაბბინაში. საერთაშორისო გამოკვლევების მიხედვით, ყოველწლიურად იარაღით ვაჭრობასთან დაკავშირებული კონტრაქტების საერთო ღირებულება 400 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ვარაუდობენ, რომ გლობალურ შეთანხმებას ხელს მოაწერენ როგორც უდიდესი ექსპორტიორი ქვეყნები, როგორიცაა აშშ, რუსეთი, გერმანია და საფრანგეთი, ისე უმსხვილესი იმპორტიორებიც - ინდოეთი, პაკისტანი და ვენესუელა.

”ბანანით ვაჭრობის სფეროში უფრო მეტი წესრიგი არსებობს, ვიდრე იარაღით ვაჭრობის სფეროში, იარაღით, რომლითაც ყოვედღიურად მთელ მსოფლიოში ადამიანებს კლავენ” - ეს განცხადება ამერიკული კერძო კვლევითი კომპანიის ხელმძღვანელმა დერილ კიმბელმა გააკეთა. მისი თქმით, შეთანხმებაში ნათლად უნდა ჩაიწეროს ყველა მხარის ვალდებულებები და საექსპორტო ლიცენზირებისათვის აუცილებელი წესები. რუსეთი ამ საკითხს სკეპტიკურად უყურებს, წერს ”იზვესტია” და აცხადებს, რომ ჯერ ის მიზეზები გამოიკვლიონ, თუ რატომ არ იმუშავა აქამდე არსებულმა სხვადასხვა მასშტაბის 300-მდე შეთანხმებამ. რუსეთის წინადადებაა ისიც, რომ იარაღით ვაჭრობის სფეროს ჩამოაშორონ კერძო ბროკერები და შუამავლები.
XS
SM
MD
LG